Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კურტ ვოლკერი: საქართველოში დემოკრატიის უკუსვლის საშიშროებაა


კურტ ვოლკერმა, რომელიც 2008 წელს, რუსეთ-საქართველოს ომის პერიოდში აშშ-ის ელჩი იყო ნატოში, განაცხადა, რომ ასეთი პოლიტიკურად დაყოფილი საქართველო ჯერ არ უნახავს. მისი თქმით, ქვეყანაში რეალური საშიშროება არსებობს, რომ დემოკრატიული ვითარება საგრძნობლად გაუარესდეს.

კურტ ვოლკერმა, ამჟამად მაკკეინის ინსტიტუტის აღმასრულებელმა დირექტორმა, ეს განცხადებები 23 სექტემბერს, ვაშინგტონში ჩატარებულ კონფერენციაზე გააკეთა, სადაც ის საქართველოში ვიზიტის დასრულების შემდეგ გამოვიდა სიტყვით.

„არსებობს უკუსვლის რისკი. გასულ წელს ჩატარებულ საპრეზიდენტო არჩევნებს თან სერიოზული ხარვეზები ახლდა“ - თქვა ვოლკერმა.

საქართველოში ნანახი შთაბეჭდილებები კურტ ვოლკერმა ასე ჩამოაყალიბა - „მგონი ეს ქვეყანა ასეთი დაყოფილი არასოდეს მინახავსო“ და კონფერენციის დამსწრეებს, რომლებსაც დასავლეთის პოლიტიკის მრჩეველები და ანალიტიკოსები შეადგენდნენ მიმართა:აშშ-მა და ევროპამ უნდა გააფრთხილონ ქართველი პოლიტიკოსები როგორც ხელისუფლებიდან, ასევე ოპოზიციიდან, რომ ქვეყანა ტომებად არ დაყონ და მომავალი არჩევნები სუფთად ჩაატარონო.

„2020 წლის საპარლამენტო არჩევნები უნდა იყოს ყველაზე თავისუფალი, სამართლიანი და სუფთა რაც კი ოდესმე ჩატარებულა საქართველოში. ეს უნდა იყოს მიზანი“ - უთხრა მან შეკრებილებს.

კურტ ვოლკერის შეფასებით, ქვეყანაში არსებული შიდა უთანხმოება მოკავშირეებისთვის ართულებს საქართველოს საგარეო პრობლემების გადაჭრაში დახმარებას. „შემაშფოთებელია, როდესაც ქვეყანას ესოდენ სერიოზული საგარეო გამოწვევები აქვს, ასეთი მნიშნელოვანი მისწრაფებები და ასე სჭირდება მეგობრების მხარდაჭერა და ჩართულობა. გარეშე პირებისთვის კი რთულია რაიმეს გაკეთება, როდესაც ქვეყანა შინაგანად ასეა დაყოფილი“ - განუცხადა კურტ ვოლკერმა ფორუმს, რომელიც „ევროპული პოლიტიკის ანალიზის ცენტრმა“ ჩაატარა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG