Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ადვოკატი: პატიმარმა მუცელი ზეწოლის შემდეგ გადაიჭრა


პატიმრის სანახავად, რომელმაც მუცლის არეში თვითდაზიანება მიიყენა, ადვოკატი მარიამ კუბლაშვილი მივიდა. ის ამჟამად გლდანის მე-8 დაწესებულებაში იმყოფება. როგორც მარიამ კუბლაშვილი ეუბნება რადიო თავისუფლებას, მას პატიმრის და დაუკავშირდა.

„ჩემთვის უცნობია, რა მდგომაროებაში ახლა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი. ვიცი, რომ მუცელი აქვს გადაჭრილი, რითი მიიყენა თვითდაზიანება, არ ვიცი, ახლა უნდა გავარკვიო ისიც, რა სამედიცინო დახმარება ჩაუტარდა. როგორც ვიცი სხვა პატიმრებისგან, ის ბადრაგის წევრებისგან ფსიქოლოგიურ ზეწოლას განიცდიდა, ისე, რომ მდგომარეობიდან გამოვიდა“, - ამბობს მარიამ კუბლაშვილი.

მისი ინფორმაციით, პატიმარმა თვითდაზიანება გუშინ საღამოს მიიყენა.

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროში რადიო თავისუფლებას უთხრეს, რომ ამ ეტაპზე მსჯავრდებულის ზოგადი მდგომარეობა სტაბილურია. მიმდინარეობს ჯანმრთელობის მდგომარეობის მონიტორინგი. დაგეგმილია ფსიქიატრის კონსულტაცია. პატიმარმა თვითდაზიანება იმის გამო მიიყენა, რომ არ ეთანხმება წაყენებულ ბრალს და ითხოვს მოსამართლისა და პროკურორის პასუხისგებაში მიცემას.

„მსჯავრდებული მ.ჩ. N8 პენიტენციურ დაწესებულებაში 12.12.2018 წ. მოათავსეს. მ.ჩ. სასჯელს იხდის საქართველოს სსკ 19-109 მუხლის „ა“ პუნქტით (განზრახ მკვლელობის მცდელობა).

2019 წლის 17 სექტემბერს, დაახლოებით 20:44 საათზე მ.ჩ.-მ მიიყენა თვითდაზიანება მუცლის წინა კედელზე მარჯვნივ მეზოგასტრიუმის არეში, ზომიერად სისხლმდენი ნაკვეთი ჭრილობის სახით, რის შემდეგაც მსჯავრდებულს შესაბამისი სამედიცინო დახმარება გაეწია, დაედო ნაკერები და ასეპტიური ნახვევი, ჩაუტარდა სისტემური და ადგილობრივი ანტიბაქტერიული თერაპია.

23 სექტემბერს მ.ჩ.-მ გამოაცხადა შიმშილობა იმ მოტივით, რომ არ ეთანხმება წაყენებულ ბრალს და ითხოვს მოსამართლის და პროკურორის პასუხისგებაში მიცემას.

2019 წლის 23 სექტემბერს, დაახლოებით 16:02 სთ-ზე, მსჯავრდებულმა კვლავ მიიყენა თვითდაზიანება - ნაკვეთი ჭრილობა მუცლის ქვედა მესამედში, ზომით 15X0.5 სმ., მცირედ სისხლმდენი. მ.ჩ.-ს განმარტებით, თვითდაზიანება მიიყენა პროტესტის ნიშნად და ითხოვს ისეთი ტიპის პრივილეგიებს, რასაც მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული ზოგადი პატიმრობის წესი არ ითვალისწინებს. კერძოდ, ყოველდღიურ ულიმიტო სატელეფონო ზარებს და ა.შ. მსჯავრდებული დაუყოვნებლივ მოინახულა დაწესებულების მორიგე ექიმმა, რის შემდეგაც გადაიყვანეს N18 (სამკურნალო) დაწესებულებაში, სადაც გაეწია შესაბამისი სამედიცინო მომსახურება (დაუმუშავდა ჭრილობა, დაედო ნაკერები). სამედიცინო მომსახურების გაწევის შემდეგ მსჯავრდებული დააბრუნეს საკანში, სადაც 24-საათიანი ვიზუალურ-ელექტრონული მეთვალყურეობა მიმდინარეობს. მომხდარის შესახებ ეცნობა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტს.

ამ ეტაპზე მსჯავრდებულის ზოგადი მდგომარეობა სტაბილურია. მიმდინარეობს ჯანმრთელობის მდგომარეობის მონიტორინგი. დაგეგმილია ფსიქიატრის კონსულტაცია“, - ნათქვამია სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს მიერ მოწოდებულ განცხადებაში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG