Accessibility links

"ლელო" რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს მოითხოვს


„თიბისი ბანკის“ თანადამფუძნებლების, მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის მიერ დაარსებული საზოგადოებრივი მოძრაობა „ლელო“ საქართველოს ხელისუფლებას რუსეთისადმი შემგუებლურ პოლიტიკაში ადანაშაულებს.

„ლელო“ განცხადებით გამოეხაურა რუსეთის პრეზიდენტის გადაწყვეტილებას „აფხაზეთის არმიის მიდერნიზაციის“ დაფინანსების შესახებ: „რუსეთის ხელისუფლება განაგრძობს საქართველოს ტერიტორიის ოკუპაციას და ფაქტობრივ ანექსიას. კრემლის ბოლო გადაწყვეტილება - გააძლიეროს აფხაზეთის სეპარატისტული რეჟიმის სამხედრო პოტენციალი, კიდევ ერთი დასტურია, რომ რუსეთის ამოცანაა აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის სრული სამხედრო ექსპლუატაცია, მათ შორის ადგილზე ფეთქებადსაშიში ტენდენციის შენარჩუნების და მილიტარისტული განწყობების გაძლიერების გზით“.

„ლელოს“ შეფასებით, საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებულ აგრესიის აქტს და საერთაშორისო სამართლის კიდევ ერთ უხეშ დარღვევას, მთავრობის მხრიდან სათანადო პასუხი არ გაეცა და „მეტიც, ხელისუფლება აგრძელებს არაეფექტიან, შემგუებლურ და შედეგობრივად ხელშემწყობ პოლიტიკას, არ იყენებს დიპლომატიის არცერთ ბერკეტს. ამავდროულად, საქართველოს მთავრობამ ამ ფაქტის შესახებ პოლიტიკურად არასათანადო დონის განცხადებები გააკეთა, რაც მიანიშნებს, რომ მას არ სურს და არ ძალუძს მოახდინოს შესაბამისი რეაგირება რუსეთის აშკარად გამოხატულ აგრესიულ აქტებზე საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ“.

„ლელოს“ განცხადებით, აშშ-ის 2017 წლის სანქციების აქტი, რომელიც კონგრესში სრული ორპარტიული მხარდაჭერით მიიღეს, იძლევა საშუალებას, ამოქმედდეს სანქციები რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ, ისევე, როგორც ეს მოხდა ყირიმთან მიმართებით. ამასთან, ნათელია, რომ აქამდე არსებული არაღიარების პოლიტიკა ვერ პასუხობს რუსეთის დღევანდელ ქმედებებს და ფაქტობრივ ანექსიას.

„ლელო“ მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, ხელმძღვანელის დონეზე დაგმოს კრემლის ბოლო გადაწყვეტილება აფხაზეთის სამხედრო შეიარაღების დაფინანსების თაობაზე, დაუყოვნებლივ დაიწყოს მოლაპარაკებები აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციასა და კონგრესთან რუსეთის მიმართ სანქციების დაწესების შესაძლებლობების თაობაზე, გაააქტიუროს მუშაობა ევროკავშირის წევრი ქვეყნების დედაქალაქებთან რუსეთის მიმართ ევროკავშირის სანქციების დაწესების პოტენციური შესაძლებლობების შესახებ და დაიწყოს მოლაპარაკებები აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან საქართველოსთვის სპეციალური მოკავშირის სტატუსის მინიჭების თაობაზე.

„ლელო“ საქართველოს პრეზიდენტს მოუწოდებს, გამოიყენოს გაეროს მაღალი ტრიბუნა და ყოველგვარი ორაზროვნების გარეშე წარმოაჩინოს რუსეთის მტრული და აგრესიული, საერთაშორისო სამართლის სრული იგნორირების პოლიტიკა საქართველოსთან მიმართებით და თავი შეიკავოს რუსეთის დელეგაციასთან ნებისმიერი, არაფრისმომცემი დიალოგისა და ორმხრივი შეხვედრის ფორმატისგან გაეროს ასამბლეის ფარგლებში და მის შემდგომ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG