Accessibility links

პრეზიდენტმა გაეროს გენერალურ მდივანთან საქართველოს დეოკუპაციის საკითხი განიხილა


სალომე ზურაბიშვილი, ანტონიო გუტერეში

ნიუ-იორკში, გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში, საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი გაეროს გენერალურ მდივანს, ანტონიო გუტერეშს შეხვდა.

პრეზიდენტის პრესსამსახურის თანახმად, მხარეებს შორის საუბრის მთავარი თემა საქართველოს დეოკუპაციის საკითხი და საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებული ვითარება იყო.

გაეროსთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობის ხელმძღვანელის, კახა იმნაძის განცხადებით, გაეროს გენერალურმა მდივანმა კარგად იცის აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით საქართველოში არსებული ვითარება, რადგან მას წლების განმავლობაში გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისრის თანამდებობა ეკავა და პირადადაა ნამყოფი ამ რეგიონებში.

კახა იმნაძის თქმით, გენერალურმა მდივანმა მზაობა გამოთქვა, რომ გაერო კიდევ უფრო აქტიურად იყოს ჩართული აღნიშნული საკითხების დარეგულირებაში.

,,მათი მხრიდანაც მიმდინარეობს მსჯელობა, დამატებით რისი გაკეთება შეიძლება არსებულ ვითარებაში, რათა ვეძებოთ გამოსავალი. ჟენევის ფორმატი მნიშვნელოვანი ფორმატია, თუმცა საჭიროა უფრო აქტიური მუშაობა და უფრო კრეატიული მიდგომა. ამ კუთხით, გაეროც და მისი ოფისებიც მზად არიან გვერდში დაგვიდგნენ“, - აღნიშნა კახა იმნაძემ.

საქართველოს პრეზიდენტი 24 სექტემბერს ნიუ-იორკში, გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში შეხვდა ასევე ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, დონალდ ტუსკს.

სალომე ზურაბიშვილმა ქვეყნებს შორის ორმხრივი თანამშრომლობის საკითხებზე ისაუბრა ყაზახეთის პრეზიდენტთან, კასიმ-ჯომარტ ტოკაიევიჩთან და გვატემალის პრეზიდენტთან, ჯიმი მორალესთან გამართულ შეხვედრებზე.

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ნიუ-იორკში დღეს გაეროს გენერალური ასამბლეის 74-ე სესიის მონაწილეებს სიტყვით მიმართავს.

პრეზიდენტის პრესსამსახურის თანახმად, სალომე ზურაბიშვილის გამოსვლა გაეროს გენერალური ასამბლეის 74-ე სესიაზე თბილისის დროით 19:00 - 20:30 საათების შუალედშია დაგეგმილი.

ქართული დელეგაციის ინფორმაციით, საქართველოს პრეზიდენტის გამოსვლის მთავარი თემა იქნება ოკუპაცია, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საშუალებების ძიება და საერთაშორისო თანამეგობრობის როლი მცოცავი ოკუპაციის შესაჩერებლად.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG