Accessibility links

site logo site logo

გაეროს ეგიდით მომუშავე ექსპერტთა ჯგუფმა გამოაქვეყნა ანგარიში გლობალური კლიმატური საფრთხეების შესახებ


კლიმატური ცვლილებების შემსწავლელ ექსპერტთა სამთავრობათაშორისო ჯგუფმა, რომელიც გაეროს ეგიდით მუშაობს, გამოაქვეყნა ანგარიში იმის შესახებ, თუ რა შეიძლება მოუვიდეს ოკეანეებს, მყინვარებს და მარადიულ გამყინვარებას ნახშირორჟანგის გაზის ემისიის დონის შემდგომი გაზრდის შემთხვევაში.

ექსპერტების აზრით, ემისიის ზრდის შედეგად გლობალური ტემპერატურის ზრდა გამოიწვევს ზღვის დონის შემდგომ ზრდას და მყინვარების დნობას. პროგნოზებით, 2100 წლისთვის ზღვის დონემ შეიძლება 84 სანტიმეტრით აიწიოს ყველაზე უარესი სცენარის რეალიზაციის შემთხვევაში. მთელი XX საუკუნის განმავლობაში ზღვის დონემ მხოლოდ 15 სანტიმეტრით მოიმატა. ზღვის დონის აწევას მოჰყვება წყალდიდობებისა და დამანგრეველი გრიგალების რაოდენობის ზრდა.

მოსალოდნელია, რომ მყინვარებმა, კერძოდ, ტროპიკულ რეგიონებში, უახლესი ათწლეულების განმავლობაში შეიძლება დაკარგონ თავიანთი მასის 80 პროცენტამდე. თუკი ვერ მოხერხდება გლობალური ტემპერატურის ზრდის შეჩერება, 2100 წლისთვის მოსალოდნელია მარადიული გამყინვარების ზედა ფენის 70 პროცენტამდე გადნობა. ტემპერატურის მატებას ასევე შეიძლება მოჰყვეს ოკეანის ეკოსისტემების დრამატული ცვლილება.

ანგარიში, რომელზეც 36 სახელმწიფოს ექსპერტები მუშაობდნენ, ემყარება 7 ათას სამეცნიერო გამოკვლევას.

ორშაბათს გაეროს შტაბბინაში გაიმართა კლიმატის სამიტი, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს უმეტესი სახელმწიფოების ლიდერებმა. განსაკუთრებული ყურადღება დაიმსახურა 16 წლის აქტივისტმა შვედეთიდან, გრეტა თუნბერგმა, რომელმაც დამსწრეთ ბრალი დასდო არასაკმარის ძალისხმევაში კლიმატის ცვლილებასთან საბრძოლველად.


დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG