Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბრიტანეთის პარლამენტი დღეს კვლავ აგრძელებს სხდომას, პრემიერი ჯონსონი ლონდონში დაბრუნდა


ბრიტანეთის პარლამენტი დღეს კვლავ აგრძელებს სხდომას - მას შემდეგ, რაც უზენაესმა სასამართლომ უკანონოდ ცნო პრემიერ-მინისტრ ბორის ჯონსონის მიერ პარლამენტის მუშაობის 14 ოქტომბრამდე შეწყვეტა.

ჯონსონმა სასამართლოს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით შეამოკლა აშშ-ში, გაეროს გენერალურ ასამბლეაზე თავისი ყოფნის ვადები და ლონდონში დაბრუნდა. აეროდრომიდან ის გაემგზავრა პირდაპირ პარლამენტში, სადაც, როგორც იტყობინებიან, ოპოზიცია მკაცრად გააკრიტიკებს და მის გადადგომას მოითხოვს.

ასეთი მოწოდებებით გუშინ გამოვიდნენ ჯონსონის მთავარი ოპონენტები, მათ შორის, ლეიბორისტების ლიდერი ჯერემი კორბინი. ისინი მიესალმნენ სასამართლოს გადაწყვეტილებას და განაცხადეს, რომ მან ბრიტანული დემოკრატია დაიცვა. პრემიერს ბრალი დასდეს იმაში, რომ მან შეცდომაში შეიყვანა დედოფალი, როცა ტექნიკურ პროცედურად გაასაღა პარლამენტის მუშაობის დროებით შეწყვეტა, სინამდვილეში კი ამით ბრექსიტის განხილვისთვის ხელის შეშლა სურდა. როგორც წესი, დედოფლის გამოსვლის გამო პარლამენტი რამდენიმე დღით წყვეტს მუშაობას, მაგრამ არა ხუთი კვირით, როგორც ეს ჯონსონმა გადაწყვიტა.

ჯერჯერობით არ არის ნათელი, რას გააკეთებენ ჯონსონის ოპონენტები, რომლებსაც წარმომადგენელთა პალატაში უმრავლესობა ჰყავთ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG