Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ზურაბიშვილი გამოდის იდეით, საჭიროების შემთხვევაში კონფლიქტის თემაზე ახალი ფორმატების შეიქმნას


საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა გაერო-ს გენერალური ასამბლეის 74-ე სესიაზე ოკუპირებული ტერიტორიებისა და 2008 წლის ომის შესახებ ისაუბრა.

„თბილისი, საქართველოს დედაქალაქი თავისი არსებობის განმავლობაში 26-ჯერ გადაუწვავს მტერს; მისი ტერიტორია ხშირად იყო დაპყრობილი როგორც მოკლე, ისე ხანგრძლივი პერიოდების განმავლობაში; პერიოდულად რელიგია და თვით ქვეყნის იდენტობაც აქტიურად იდევნებოდა.

მაგრამ იგი გადაურჩა ყველა განსაცდელს და დღეს ამაყად უკავია თავისი ადგილი ახალგაზრდა დემოკრატიული ქვეყნების რუკაზე. სწორედ ჩვეული გაუტეხავი სულისკვეთება იყო ჩვენი რეაქცია 2008 წლის ომის ტრაგედიაზე, რასაც რუსეთის მიერ ჩვენი ქვეყნის ტერიტორიის 20 %-ის ოკუპაცია მოჰყვა. ​როგორც საქართველოს პრეზიდენტი, დღეს მე აქ ვსაუბრობ იმ ადამიანების გაჭირვებაზე, რომლებიც ადმინისტრაციულ საზღვართან ცხოვრობენ. ცხოვრობენ იმ ზოლზე, რომელიც ნათესავებს ერთმანეთს აშორებს და სოფლებს ხლეჩს, სადაც უბედური შემთხვევები და პროვოკაციები ყოველდღიური ცხოვრების ნაწილია, სადაც აქტიურად მიმდინარეობს საზღვრების გადაწევა, რაც შეუძლებელს ქმნის ნორმალურ მშვიდობიან ცხოვრებას“, - ამბობს საქართველოს პრეზიდენტი.

სალომე ზურაბიშვილი ოკუპირებულ ტერიტორიებზე ჰუმანიტარული მდგომარეობაზეც ამახვილებს ყურადღებას.

„მე ვსაუბრობ ჩვენი მოქალაქეების სახელით, რომლებიც აფხაზეთისა და ცხინვალის ოკუპირებულ ტერიტორიებზე ცხოვრობენ, სადაც მუდმივად ირღვევა ადამიანის უფლებები, იზღუდება გადაადგილების თავისუფლება, ჯანმრთელობისა და განათლების მომსახურების ხელმისაწვდომობა. ორივე რეგიონის საზღვრებზე განთავსებული გამშვები პუნქტები პერიოდულად იკეტება, რაც ადამიანების ტანჯვას იწვევს“, - თქვა ზურაბიშვილმა.

პრეზიდენტი ჟენევის ფორმატის ფარგლებში მიმდინარე დისკუსიის შესახებ საუბრისას აღნიშნავს, რომ პირველ რიგში საჭიროა არსებული ფორმატების პოლიტიკური განზომილების გაფართოება, რათა შესაძლებელი გახდეს არსებითი და საგნობრივი დისკუსიების გამართვა. ამასთან, მისი თქმით, აუცილებელია პოლიტიკური ნება, რომ საჭიროების შემთხვევაში, ახალი ფორმატები შეიქმნას. პრეზიდენტი სწორედ, ამ ფორმატებს ასახელებს რუსეთის იძულების მექანიზმად.

„პირველ რიგში საჭიროა არსებული ფორმატების პოლიტიკური განზომილების გაფართოება, რათა შესაძლებელი გახდეს არსებითი და საგნობრივი დისკუსიების გამართვა. აუცილებელია ექსპერტთა დისკუსიებიდან პოლიტიკურ მოლაპარაკებებზე გადასვლა. საჭირო იქნება ყველა მხარის პოლიტიკური ნება, რათა ჟენევის ფორმატი არა მხოლოდ კონფლიქტის მართვის, არამედ მისი გადაჭრის ინსტრუმენტი გახდეს. ასევე აუცილებელია პოლიტიკური ნება, რომ საჭიროების შემთხვევაში, ახალი ფორმატები შეიქმნას. ნებისმიერი ფორუმი და დიალოგი, ფორმალური თუ არაფორმალური უნდა იქნეს გამოყენებული, რათა რუსეთი ჩაერთოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების პირობების მკაცრად შესრულების შესახებ დისკუსიებში; რათა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას საშუალება მიეცეს, დაკვირვება განახორციელოს მთელ ტერიტორიაზე (როგორც ეს თავის დროზე იქნა შეთანხმებული). დეესკალაცია საოკუპაციო ხაზზე ჩვენი უმთავრესი პრიორიტეტია, რამაც კონფლიქტის ეფექტურ მოგვარებამდე უნდა მიგვიყვანოს. ასევე ყველასათვის ნათელი უნდა იყოს, რომ ახალმა კონფლიქტებმა ძველი არ უნდა დაგვავიწყოს“ - ამბობს სალომე ზურაბიშვილი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG