Accessibility links

ზურაბიშვილის თქმით, საქართველო უდავო ფაქტად აღიარებს გლობალურ დათბობას, კლიმატის ცვლილებას


საქართველოს პრეზიდენტმა გაერო-ს გენერალური ასამბლეის 74-ე სესიაზე სიტყვით გამოსვლაში დიდი დრო დაუთმო კლიმატის ცვლილებების საკითხს.

როგორც ზურაბიშვილი ამბობს, ყველასათვის ცხადია, რომ კლიმატის ცვლილება, თითოეულ ადამიანსა და თითოეულ ქვეყანაზე ახდენს გავლენას.

„ჩვენ უკვე უშუალოდ ვგრძნობთ ამ ზემოქმედებას და გვესმის, თუ რა პასუხისმგებლობა გვაკისრია ჩვენი პლანეტის გადასარჩენად, რათა ჩვენ შვილებს შეეძლოთ აქ ცხოვრება.

ზოგ ტერიტორიებზე გაუდაბნოების პროცესი მიმდინარეობს, ზოგი ტერიტორია იტბორება ზღვის დონის მატების გამო, ზოგან კი დამანგრეველი ქარიშხლები მძვინვარებს, რისი მოწმეც ამ ცოტა ხნის წინ გავხდით ბაჰამის კუნძულებზე, ასევე გავიხსენოთ ხანძრები ამაზონიაში“, - ამბობს პრეზიდენტი.

სალომე ზურაბიშვილი საქართველოს ხელისუფლების როლზეც საუბრობს.

„საქართველო, როგორც კლიმატის ცვლილების შესახებ გაერთიანებული ერების ჩარჩო კონვენციის (UNFCCC) წევრი ქვეყანა, სრულად უჭერს მხარს კონვენციის მიზნებს, კლიმატის ცვლილების მთავრობათშორისი საექსპერტო ჯგუფის (IPCC) დასკვნების შესაბამისად მოქმედებს, აღიარებს რა გლობალურ დათბობას და კლიმატის ცვლილებას, როგორც უდავო ფაქტს, აცნობიერებს რისკს, რომ კლიმატის ცვლილების სახიფათო ზემოქმედების რისკები მნიშვნელოვნად იმატებს, თუკი პლანეტის მასშტაბით 20C -ს გადააჭარბებს მრეწველობის ინტენსიურ განვითარებამდე არსებულ დონეებთან შედარებით.

შესაბამისად, საქართველომ განაახლა ეროვნულ დონეზე განსაზღვრული წვლილის დოკუმენტი (NDC) 2021-2030 წლების კლიმატის სამოქმედო გეგმის შემუშავების პარალელურად, იმის უზრუნველსაყოფად, რომ 2030 წლისთვის სათბური გაზების დონე 40 %-ით ნაკლები იქნება 1990 წელს დაფიქსირებულ დონესთან შედარებით“, - თქვა სალომე ზურაბიშვილმა.

როგორც ზურაბიშვილი ამბობს, საქართველო კლიმატის ინტეგრირებული პოლიტიკის შემუშავების პროცესშია.

„ჩვენ ვნერგავთ კლიმატის მიმართ მეგობრულ სტიმულებს ენერგეტიკის სფეროში, ასევე მხარს ვუჭერთ მწვანე ეკონომიკასა და ენერგოეფექტურ ინიციატივებს“, - განაცხადა პრეზიდენტმა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG