Accessibility links

site logo site logo

ფინანსთა მინისტრი მამუკა ხაზარაძეს ვალების ჩამოწერის საკითხზე სიცრუეში ადანაშაულებს


მამუკა ხაზარაძე, ივანე მაჭავარიანი

ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა სიცრუე უწოდა საზოგადოებრივი მოძრაობა „ლელოს“ დამფუძნებლის მამუკა ხაზარაძის განცხადებას იმის შესახებ, რომ ვალების განულების გარიგებას ნებაყოფლობითი ხასიათი არ ჰქონია და ბანკებისა და მიკროსაფინანსოების იძულება ფინანსთა მინისტრის კაბინეტში ხდებოდა. ივანე მაჭავარიანი ამბობს, რომ პროცესი გამჭვირვალე იყო:

„მან თქვა, რომ ფინანსთა მინისტრის კაბინეტში ხდებოდა დარეკეტება და იძულება ბანკების და მიკროსაფინანსო ორგანიზაციების, რომ იძულებით დათანხმებოდნენ ვალების განულებას. არაერთხელ მომიწია ამ საკითხზე კომენტარის გაკეთება და მართლა სრულად ვიყავი ჩართული ამ პროცესში, რომელიც აბსოლუტურად გამჭვირვალედ მიდიოდა.

იყო ძალიან ბევრი მიკროსაფინანსო ორგანიზაცია და თითქმის ყველა ბანკი. ზოგიერთმა არც გამოხატა ინტერესი ამ პროგრამაზე, მაგალითად „პროკრედიტ ბანკმა“ და 14-15-მა მიკროსაფინანსო ორგანიზაციამ, შეგიძლიათ გამოიძიოთ და ნახოთ, ვერც ერთს ვერ იპოვით, რომელსაც არათუ დაემუქრნენ ან ამის მერე რამე მოყვა, არც უთხოვია არავის და არც დაინტერესებულა, ხომ არ შეცვალეს გადაწყვეტილება”,- განაცხადა ივანე მაჭავარიანმა. მისი თქმით, ვალების ჩამოწერის პროგრამაში მონაწილე ბანკებმა და მიკროსაფინანსო ორგანიზაციებმა ვალების განულების პროგრამაში მონაწილეობით საკმაოდ დიდი სარგებელი ნახეს.

“ წაბრძანდით და მოიკითხეთ იმათთან, ვინც მონაწილეობდნენ ან არ მონაწილეობდნენ ამ პროგრამაში, იყო თუ არა მუქარა, ან ვინც არ მიიღო მონაწილეობა რაიმე ტიპის გართულება მოყოლია თუ არა. მე არ ვიცი, რაში სჭირდება ეს ტყუილი ხაზარაძეს. მე არ მესმის, რატომ იწყებს პოლიტიკას ასეთი დიდი, მსუყე ტყუილით და სიმართლე გითხრათ არ მაინტერესებს“, - აღნიშნა ივანე მაჭავარიანმა.

„საზოგადოებრივი მოძრაობა“ ლელოს დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ 25 სექტემბერს „მთავარ არხთან“ საუბარში 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინ ბიძინა ივანიშვილის „ვალების განულების“ პროგრამა გაიხსენა.

ხაზარაძის ინფორმაციით, გარიგებას ნებაყოფლობითი ხასიათი არ ჰქონია.

„როდესაც 120 მილიონს ცვლი დაახლოებით 3 მილიონში და პრაქტიკულად გაიძულებენ, რომ ეს ასე გაკეთდეს. გარიგება ხდება ფინანსთა მინისტრის კაბინეტში. პრაქტიკულად, შეღავათს აკეთებს ბანკი და არა რომელიღაც ფონდი“, - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ. მისი შეფასებით, ეს პროგრამა შეიძლება შეფასდეს, როგორც ინტერესთა კონფლიქტი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG