Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობაში ეჭვმიტანილი პირი შესაძლოა იყოს რუსეთის მილიციის ყოფილი მაიორი


ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობაში ეჭვმიტანილი პირი.
ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობაში ეჭვმიტანილი პირი.

საქართველოს მოქალაქის, ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობაში ეჭვმიტანილი რუსეთის მოქალაქე შესაძლოა აღმოჩნდეს რუსეთის მილიციის ყოფილი მაიორი, რომელსაც 24 წლით პატიმრობა აქვს მისჯილი. ის დღემდე უნდა იმყოფებოდეს მოსკოვის ოლქში მდებარე კოლონიაში. ამის შესახებ ჟურნალისტურ გამოძიებაში წერს New York Times-ი.

ხანგოშვილი 23 აგვისტოს მოკლეს ბერლინის ცენტრში. მას მაყუჩიანი პისტოლეტი ესროლა პარიკიანმა მამაკაცმა. პოლიციამ დააკავა მკვლელობაში ეჭვმიტანილი 49 წლის რუსეთის მოქალაქე. გამოძიება ვარაუდობს, რომ ის ევროკავშირის ტერიტორიაზე სხვისი პასპორტით შევიდა, მისი ნამდვილი ვინაობა ჯერჯერობით დაუდგენელია.

ეჭვმიტანილის დაკავების შემდეგ პოლიციამ ანონიმური შეტყობინება მიიღო მისი ვინაობის შესახებ. New York Times-ის ჟურნალისტები ვარაუდობენ, რომ ინფორმაცია, რომელსაც შეტყობინება შეიცავს, შესაძლოა სანდო იყოს.

ამ ინფორმაციის თანახმად, რომელიც გაუმართავი ინგლისურით დაწერილი ელექტრონული ფოსტით იქნა გაგზავნილი, ბერლინში დაკავებული რუსეთის მოქალაქე არის სანქტ-პეტერბურგის შინაგან საქმეთა მთავარი სამმართველოს ყოფილი უფროსი ოპერრწმუნებული, მილიციის მაიორი ვლადიმირ სტეპანოვი. 2005 წელს მოსკოვის საქალაქო სასამართლომ მას 24 წლით პატიმრობა მიუსაჯა კონცერნ „პრომმაშინინსტრუმენტის“ გენერალური დირექტორის, ელენა ნეშჩერეტის მკვლელობისთვის და საბრძოლო მასალის შეძენის, შენახვისა და გასაღებისთვის.

New York Times-ის ჟურნალისტმა პოლიციის ექსპერტს სთხოვა ბერლინში დაკავებული პირისა და სტეპანოვის ფოტოგრაფიების შედარება. ექსპერტის თანახმად, 90%-იანი ალბათობით ეს ერთი და იგივე პირია.

გამოძიებამ რუსეთის ხელისუფლებას სთხოვა, დაედასტურებინა, არის თუ არა დაკავებული პირი სტეპანოვი. მოთხოვნა უპასუხოდ დარჩა. New York Times-ის თანახმად, რუსეთის მხარე არავითარ დახმარებას არ უწევს ამ საქმის გამოძიებას.

გამოძიება არც იმას გამორიცხავს, რომ ანონიმური შეტყობინება გამოძიების პროცესისთვის ხელის შესაშლელად იქნა გაგზავნილი.

მოკლული - ზელიმხან ხანგოშვილი - საქართველოს მოქალაქე იყო. ჩეჩნეთის მეორე ომის დროს ის სათავეში ედგა სეპარატისტების ერთ-ერთ ქვედანაყოფს, რომელიც რუსეთის ჯარების წინააღმდეგ იბრძოდა. მოგვიანებით ის საქართველოს სპეცსამსახურებთან თანამშრომლობდა. მასზე თბილისში განხორციელებული თავდასხმის შემდეგ ხანგოშვილმა გერმანიაში ითხოვა თავშესაფარი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG