Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბესელია: ზარდიაშვილი „ქართული ოცნების“ სახედ არის ქცეული, ეს ივანიშვილის პასუხისმგებლობაა


„კარგი იყო, რომ ვთხლიშე, ერთი წუთით არ მიპყრობს სინანულის განცდა“, - თქვა „მთავარი არხის“ ეთერში პარლამენტის წევრმა ეკა ბესელიამ, საპარლამენტო უმრავლესობის წევრ ვანო ზარდიაშვილთან ინციდენტის შესახებ.

ბესელიას მიაჩნია, რომ მან ზარდიაშვილს პროპორციულად უპასუხა. „მისი საქციელის საპასუხო ვერ იქნებოდა ჩემი რეპლიკა“, - აღნიშნავს ბესელია.

წამყვანის შეკითხვას, „მისი სახით ბიძინა ივანიშვილსაც სთხლიშე?“

ბესელია პასუხობს: „კი, განვაცხადე კიდეც, რომ დღეს, როდესაც ზარდიაშილი „ქართული ოცნების“ სახედ არის ქცეული, ეს პირველ რიგში ივანიშვილის პასუხისმგებლობაა. ივანიშვილმა იდარდოს იმაზე, რომ ზარდიაშვილი ჰყავს სპიკერად“.

იურიდიული კომიტეტის სხდომაზე, სადაც უზენაესი სასამართლოს კანდიდატის, მირანდა ერემაძის მოსმენა მიმდინარეობდა, დეპუტატი ეკა ბესელია დეპუტატ ვანო ზარდიაშვილს დაუპირისპირდა.

დაპირისპირება მოჰყვა ზარდიაშვილის რეპლიკას, სადაც ისმოდა „ბესელიას მორალი." სხდომის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილი ითხოვდა ბესელიას დაეტოვებინა დარბაზი შემდეგი ფრაზებით: „ღირსეული ქცევით უნდა იყოს დეპუტატი გამორჩეული და არა ისეთი ქცევით, როგორც თქვენ იქცევით. ღირსეულად და თავშეკავებით."

„ადეიშვილის ხელის ბიჭო," „ენას ამოგაგლეჯ, შე ნაძირალავ!", „თავს გაგივიდათ" - ისმოდა ფრაგმენტულად ეკა ბესელიას მხრიდან. დაპირისპირების შემდეგ გამოცხადდა შესვენება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG