Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თამარ ჩუგოშვილი: ეკა ბესელია გენდერული ნიშნით ჩადენილი დანაშაულის მსხვერპლია


თამარ ჩუგოშვილი
თამარ ჩუგოშვილი

პარლამენტის ვიცე-სპიკერი, გენდერული საბჭოს თავმჯდომარე თამარ ჩუგოშვილი ამბობს, რომ თუ დამოუკიდებელი დეპუტატი ეკა ბესელია გენდერული საბჭოს ფორმალური გადაწყვეტილების საჭიროებას ხედავს, მზადაა, საკითხი სხდომაზე განიხილონ. საქმე ეხება იურიდიულ საკითხთა კომიტეტში 26 სექტემბერს მომხდარ დაპირისპირებას დეპუტატებს ვანო ზარდიაშვილსა და ეკა ბესელიას შორის.

„როგორც გენდერული საბჭოს თავმჯდომარე, ჩემს პოზიციას საკმაოდ ნათლად ვაფიქსირებ – თუ საჭიროა და ეკა ბესელია მიიჩნევს, რომ გენდერული საბჭოს მხრიდან საჭიროა ფორმალური გადაწყვეტილება, ამისთვისაც მზად ვარ, ეს საკითხი სხდომაზე განვიხილოთ. ეკა არის მძიმე დანაშაულის მსხვერპლი, რომელიც გენდერული ნიშნით არის ჩადენილი. ეს არის ქალის მიმართ ჩადენილი პირადი ცხოვრების კადრებით განადგურების მცდელობა, მათ შორის, არა მხოლოდ ამ კადრების გავრცელება, არამედ ამ თემაზე ქილიკი, მინიშნებები, წამოძახილები არის ყოვლად მიუღებელი და უნდა დასრულდეს“, - განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა პარლამენტში, ჟურნალისტებთან კომენტარში.

თამარ ჩუგოშვილის შეფასებით, „ფიზიკური შეხლა-შემოხლა მოსაწონი არ არის, მაგრამ გასაგებია, ასეთი დანაშაულის მსხვერპლს როგორ შეიძლება, უმტყუნოს ნერვებმა“.

26 სექტემბერს საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, დამოუკიდებელ დეპუტატ ეკა ბესელიასა და უმრავლესობის წევრ ვანო ზარდიაშვილს შორის სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. დაპირისპირების მიზეზი გახდა ვაზო ზარდიაშვილის მიერ წარმოთქმული ფრაზა „ბესელიას მორალი“.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG