Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გიგა ბოკერია: მოვუწოდებთ ხელისუფლებას, გააუქმოს მავნებლური ინიციატივების ნაწილი 


გიგა ბოკერია
გიგა ბოკერია

„ევროპული საქართველო“ ლარის კურსის გაუარესების გამო ხელისუფლებას მოუწოდებს, მოსახლეობას საგადასახადო ტვირთი შეუმსუბუქოს და „მავნებლური ინიციატივების“ ნაწილი მაინც გააუქმოს. აღნიშნულის თაობაზე საგანგებო ბრიფინგზე ისაუბრა „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგა ბოკერიამ:

„მაგალითად: საბანკო რეგულაციები, რაზეც „ოცნების“ გუნდის წარმომადგენლებსაც კი წამოსცდათ, რომ არის მავნებლური; საპენსიო გადასახადი, რომელიც რეფორმა კი არა, გაძვირებაა ცხოვრების; უაზრო, ბრიყვული, დედოლარიზაციის რეგულაციები, რაც ურტყამს ეკონომიკას და ჩვეულებრივი ადამიანების შემოსავალს - ეს მაინც გააუქმონ. საკუთარი ძალაუფლების დაკარგვამდე არ არიან მზად, რომ საგადასახადო ტვირთი შეუმცირონ ხალხს“, - განაცხადა გიგა ბოკერიამ. მისი თქმით, შემაშფოთებელია ლარის კურსის ვარდნის პროცესი:

„ჩვენ დღეს ვიხილეთ კიდევ ერთი შემაშფოთებელი მოვლენა, ეს სიმბოლურადაც და არსებითადაც გახლავთ კიდევ ერთი ზღვრის გადალახვა ლარის კურსთან მიმართებაში. ბაზარზე ლარი ასცდა 3-იანის ნიშნულს, ლარის რყევა და არასტაბილურობა გრძელდება, რაც პირდაპირ და ირიბად ურტყამს ყველა ჩვენს მოქალაქეს, ჩვენს შემოსავლებს და ჩვენს გეგმებს ცხოვრებაში. ვგულისხმობ პირველ რიგში ყველაზე უფრო გაჭირვებულ ადამიანებს, მაგრამ ყველას, საშუალო და საშუალოზე მაღალ კლასსაც“, - განაცხადა გიგა ბოკერიამ. შექმნილ ვითარებაში იგი ხელისუფლებას ადანაშაულებს.

კომერციულ ბანკებში 1 ამერიკული დოლარის ღირებულებამ 3 ლარს გადააჭარბა. ეროვნული ბანკის კურსით კი 1 ამერიკული დოლარის ღირებულება 2.9808 ლარია.

ეროვნული ბანკი ახალ კურსს დღეს, 17:00 საათზე გამოაქვეყნებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG