Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოღალატეს რომ მეძახდნენ, ვყოფილვარ მართალი?! - ნინო ბურჯანაძე ზალკალიანი - ლავროვის შეხვედრაზე


ნინო ბურჯანაძე
ნინო ბურჯანაძე

„დემოკრატიული მოძრაობა-ერთიანი საქართველოს“ ლიდერის ნინო ბურჯანაძის შეფასებით, ხელისუფლება რუსეთის წარმომადგენლებთან შეხვედრის საჭიროებას მანამდე უნდა მიმხვდარიყო, სანამ ამის შესახებ უცხოელები ეტყოდნენ. ტერიტორიული მთლიანობისათვის დაღუპულ გმირთა მემორიალთან მან ჟურნალისტებს უთხრა, რომ საქართველოს ხელისუფლებამ დრო დაკარგა:

არ რცხვენია ახლა იმ ხალხს, ერთხმად რომ აჭიკჭიკდნენ, თურმე მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა, არ რცხვენია იმ ხალხს, ბურჯანაძეს რომ მოღალატეს ეძახდნენ ამის გამო, ვყოფილვარ მართალი? სანამ დანარჩენმა მსოფლიომ არ გითხრათ, რომ გონება გაქვთ დაბინდული და უნდა ელაპარაკო მას, ვისაც შეუძლია შენი პრობლემის მოგვარება და ვისთანაც პრობლემა გაქვსო, მანამ ჩემი ნათქვამი არავინ გაიგონა.

ასე აღშფოთებული არ ვილაპარაკებდი, ცხრა წელი რომ არ იყოს დაკარგული. ამ ცხრა წლის განმავლობაში ჩვენ კიდევ უფრო შევედით ჩიხში უტვინო სიჯიუტის გამო, რომელი სიჯიუტის გამოც, არ ველაპარაკებოდით და არ ვმართავდით წინასწარ მოლაპარაკებებს“, – განაცხადა ნინო ბურჯანაძემ. მისი შეფასებით, შეხვედრის შედეგიანობა დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ რამდენად ეცდება ქართული მხარე „დიპლომატიის მაქსიმალური შესაძლებლობების“ გამოყენებას:

მე არ ვიცი, რამდენად შედეგიანი იქნება შეხვედრა, ეს არის დამოკიდებული იმაზე, რამდენად ძლიერად ილაპარაკებს ქართული მხარე და ეცდება, რომ დიპლომატიის მაქსიმალური შესაძლებლობები გამოიყენოს, მაგრამ თავისთავად, რადგან გადადგეს ეს ნაბიჯი, არ შემიძლია, არ ვთქვა, რომ ნუ, კარგი, დაგვიანებულია, სამარცხვინოა, რომ ვითომ დამოუკიდებელ ქვეყანას უცხოელების კარნახი გჭირდება. ხალხი, ვინც იძახის, რუსეთიდან გათავისუფლება დავიწყეთო, თუ თავისუფალი გინდა იყო, რუსეთისგანაც თავისუფალი უნდა იყო, ამერიკისგანაც და ავსტრალიისგანაც“, – განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

ნიუ-იორკში, გაეროს გენერალური ასამბლეის 74-ე სესიის ფარგლებში, შვეიცარიის კონფედერაციის ინიციატივითა და ორგანიზებით, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის დავით ზალკალიანისა და რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის შეხვედრა 26 სექტემბერს გაიმართა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG