Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მაია ცქიტიშვილი აცხადებს, რომ შეწყალებით არ ხდება „დამნაშავის გამართლება“


მაია ცქიტიშვილი
მაია ცქიტიშვილი

საქართველის ვიცე-პრემიერი ქვეყანაში პრეზიდენტის მიერ რამდენიმე სადავო მსჯავრდებულის შეწყალების გამო აგორებულ სკანდალთან დაკავშირებით აცხადებს, რომ შეწყალებით ხდება არა დამნაშავის გამართლება, არამედ მისთვის სასჯელის ფორმის შეცვლა.

ამასთან, საქართველოს პრეზიდენტის მიერ შეწყალების აქტის განხორციელების შესახებ საუბრისას, მაია ცქიტიშვილმა აღნიშნა, რომ პრაქტიკულად მთელ საზოგადოებაში არსებობს კითხვები შეწყალებასთან დაკავშირებით.

„ბევრ ჩვენგანს, პრაქტიკულად მთელს საზოგადოებას, აქვს კითხვები, თუ რომელი კატეგორიის დამნაშავეებზე უნდა გავრცელდეს შეწყალება პირველ რიგში, როგორ უნდა წარიმართოს ეს პროცესი, რათა ჩვენ ასეთი კითხვები არ გვქონდეს და ყველანი ვიყოთ დარწმუნებული იმაში, რომ შეწყალების პროცესი წარიმართება სწორად და გამართულად“, - განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

უფრო ადრე დაახლოებით იმავე შინაარსის კომენტარი გააკეთა საქართველოს პრეზიდენტმა, რომლის თქმით, შეწყალება ეხება არა ანგელოზებს, არამედ დამნაშავე პირებს.

„გადაწყვეტილება ჩემით მივიღე. კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ შეწყალება არ არის ახალი სასამართლო, რომელიც ექვემდებარება ობიექტურ კრიტერიუმებს, ეს არის შეფასება ერთი ადამიანის მიერ, რომელიც არის პრეზიდენტი და რომელსაც აქვს ეს უფლება, რომ შეაფასოს გარემოებები და არა - გამართოს ახალი სასამართლო. ეს, მე მგონი, ცოტა ცნებების არევაა. კიდევ ერთხელ ვიტყვი ძალიან ხაზგასმით, შეწყალება არ არის ვინმეს გამართლება. საერთოდ, შეწყალება ეხება არა ანგელოზებს, არამედ დამნაშავე პირებს. ეს არის სიტუაცია, რომელშიც ვიმყოფებით“, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა გაეროში ვიზიტის შეჯამებისას ქართველ ჟურნალისტებს განუცხადა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG