Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტრამპმა „უდიდესი ყალთაბანდობა“ უწოდა მის წინააღმდეგ საიმპიჩმენტო გამოძიებას


აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა „ამერიკის პოლიტიკურ ისტორიაში უდიდესი ყალთაბანდობა“ უწოდა მის წინააღმდეგ დაწყებულ საიმპიჩმენტო გამოძიებას, რომელიც წარმომადგენელთა პალატის დემოკრატიულმა უმრავლესობამ დააყენა დღის წესრიგში აშშ-ისა და უკრაინის პრეზიდენტების სატელეფონო საუბრის შინაარსის გამოქვეყნების შემდეგ.

„დემოკრატებს სურთ წაგართვან იარაღი, თავისუფლება, ჯანმრთელობის დაცვა, არჩევანი, წაგართვან ყველაფერი, მაგრამ მე ამას არასოდეს დავუშვებ“, - აცხადებს დონალდ ტრამპი ტვიტერით გავრცელებულ 38-წამიან ვიდეომიმართვაში.

ეს მიმართვა გამოქვეყნდა იმ გამოძიების პასუხად, რომელიც მოჰყვა განცხადებებს, თითქოს ტრამპი აფერხებდა უკრაინისათვის სამხედრო დახმარებას, ვიდრე უკრაინის ხელისუფლება არ დაიწყებდა გამოძიებას მისი პოლიტიკური ოპონენტის, ყოფილი ვიცე-პრეზიდენტის ჯო ბაიდენის წინააღმდეგ.

დონალდ ტრამპი და მისი პირადი ადვოკატი, რუდოლფ ჯულიანი, ჯო ბაიდენს ადანაშაულებენ იმაში, რომ მან აიძულა უკრაინის ხელისუფლება თანამდებობიდან გადაეყენებინა გენერალური პროკურორი ვიქტორ შოკინი, რათა შემწყდარიყო მის მიერ დაწყებული გამოძიება უკრაინული ენერგეტიკული კომპანია „ბურისმის“ წინააღმდეგ, რომელიც სოლიდურ გასამრჯელოს უხდიდა აშშ-ის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტის შვილს, ჰანტერ ბაიდენს, იმხანად კომპანიის დირექტორთა საბჭოს ერთ-ერთ წევრს.

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის დემოკრატიული უმრავლესობა გამოვიდა ინიციატივით, გამოიძიონ პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მხრიდან უცხო სახელმწიფოს ლიდერზე სავარაუდო ზეწოლის ფაქტი, რასაც შედეგად შესაძლოა მოჰყვეს იმპიჩმენტის, ანუ პრეზიდენტის თანამდებობიდან გადაყენების, პროცედურის დაწყება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG