Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოსკოვში გაიმართა პოლიტპატიმრების მხარდამჭერი მრავალრიცხოვანი აქცია


ანტისამთავრობო აქცია მოსკოვში
ანტისამთავრობო აქცია მოსკოვში

მოსკოვში, სახაროვის გამზირზე, გაიმართა პოლიტპატიმრების მხარდამჭერი სანქცირებული მიტინგი, რომელშიც, ორგანიზატორების თქმით, დაახლოებით 25 ათასი კაცი მონაწილეობდა.

სიტყვით გამოსვლის დროს, რუსეთის ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა, ალექსეი ნავალნიმ განაცხადა, რომ ხელისუფლება უფრთხის მასობრივ მოძრაობას, რომელსაც შეუძლია მიაღწიოს ყველა პოლიტპატიმრის გათავისუფლებას.

საპროტესტო მიტინგი ორგანიზებული იყო ლიბერტარიანული პარტიის მიერ და მას უძღვებოდნენ ჟურნალისტები სერგეი სმირნოვი და ტატიანა ფელგენგაუერი.

მომიტინგეებს სიტყვით მიმართეს კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის ფონდის დირექტორმა ივან ჟდანოვმა, პოლიტიკოსებმა ლიუბოვ სობოლმა, იულია გალიამინამ, „მოსკოვის საქმის“ ყოფილმა პატიმრებმა დანიილ კონონმა, ალექსეი მინაილომ და სხვებმა.

„მოსკოვის საქმე“ - ესაა 27 ივლისის მიტინგზე ვითომცდა „მასობრივი ძალადობის“ მუხლით აღძრული სისხლის სამართლის საქმე, რომლის ფარგლებში სამართალდამცველებმა დააკავეს 1388 კაცი, მათ შორის, 76 არასრულწლოვანი.

„მასობრივი არეულობის“ და „ხელისუფლების წარმომადგენლებზე ძალადობის“ ბრალდება წარედგინა 20 პირს.

„მოსკოვის საქმის“ ფიგურანტების მხარდასაჭერად ხმა უამრავმა ადამიანმა აღიმაღლა. მათ შორის სერიალ „სამეფო თამაშების“ სცენარისტებმა დევიდ ბენიოფმა და დენიელ უაისმა, დასავლეთის ქვეყნების ცნობილმა მწერლებმა და პოლიტიკოსებმა. 1000-მეტმა რუსმა ექიმმა, 3500-ზე მეტმა მასწავლებელმა და დაახლოებით 30 მსახიობმა და კინორეჟისორმა მოაწერეს ხელი ღია წერილს, „მოსკოვის საქმის“ შეწყვეტისა და ყველა უსამართლოდ მსჯავრდებულის გათავისუფლების მოთხოვნით.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG