Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„შრომის კოდექსში“ ცვლილებების პროექტი დღეს პარლამენტის ბიუროს წარედგინება


დღეს, 30 სექტემბერს, პარლამენტის ბიუროს წარედგინება „შრომის კოდექსში ცვლილებების პროექტი, რომლის მიხედვით, დღე-ღამის განმავლობაში 2 საათზე მეტი დროით ზეგანაკვეთური სამუშაო შესაძლოა, აიკრძალოს.

პროექტის თანახმად, ზეგანაკვეთური სამუშაოს დროის ხანგრძლივობა დღე-ღამის განმავლობაში ორ საათს, ხოლო კვირის განმავლობაში 8 საათს არ უნდა აღემატებოდეს. სპეციფიკური რეჟიმის მქონე საწარმოებისთვის ზეგანაკვეთური სამუშაო დროის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს კვირის განმავლობაში 6 საათს.

კანონპროექტის მიხედვით, ცვლილება უნდა შევიდეს „შრომის კოდექსის“ მე-17 მუხლში, რომლის მოქმედი რედაქციით ზეგანაკვეთურ სამუშაოდ მიიჩნევა მხარეთა შეთანხმებით დასაქმებულის მიერ სამუშაოს შესრულება დროის იმ მონაკვეთში, რომლის ხანგრძლივობა სრულწლოვნისთვის აღემატება კვირაში 40 საათს, 16 წლიდან 18 წლამდე ასაკის არასრულწლოვნისთვის – კვირაში 36 საათს, ხოლო 14 წლიდან 16 წლამდე ასაკის არასრულწლოვნისთვის – კვირაში 24 საათს.

კანონპროექტის ინიციატორი მიუთითებს, რომ შრომის კოდექსის მოქმედი რედაქციით, შესაძლებელია დასაქმებული კვირის განმავლობაში 84 საათის განმავლობაში მუშაობდეს, რაც ჯანმრთელობისთვის არ არის უსაფრთხო. მოქმედი შრომის კოდექსით კვირის განმავლობაში ზეგანაკვეთური სამუშაო საათების მაქსიმალური ოდენობა განსაზღვრული არ არის.

კანონპროექტის განმარტებით ბარათში აღნიშნულია ისიც, რომ ცვლილებებმა შესაძლოა სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილის შემცირება გამოიწვიოს.

პროექტის ინიციატორია აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო. იგი მომზადებულია აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრების, დავით გაბაიძისა და ილია ვერძაძის მიერ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG