Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დავით ბაქრაძე: მიხეილ სააკაშვილი დაშორდა ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ რეალობას


დავით ბაქრაძე
დავით ბაქრაძე

„მიხეილ სააკაშვილი დაშორდა ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ რეალობას, ისევე როგორც იმ ფუნდამენტურ ღირებულებებს, რომელზეც დაყრდნობითაც ის, 2004 წელს, თავის გუნდთან ერთად, იწყებდა ქვეყანაში რეფორმებს და აშენებდა დასავლურ, ტოლერანტულ ქვეყანას“, - განაცხადა პარტია „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ ბრიფინგზე, რომელზეც ის საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებებს გამოეხმაურა.

დავით ბაქრაძის სიტყვებით, პრობლემა არის არა გიგა ბოკერიას კრიტიკა, არამედ ის, რომ ლევან ვასაძის და „ქართული მარშის“ ტერმინოლოგიის და არგუმენტების გამოყენებით აკრიტიკებდე ვინმეს, მათ შორის, თუნდაც, გიგა ბოკერიას.

„ეს გულდასაწყვეტია, ვინაიდან საუბარია ლიდერზე, რომლის ხელმძღვანელოებითაც მაშინდელი გუნდი, 2004 წელს აშენებდა სულ სხვა ფასეულობებზე, თანამედროვე დასავლურ ფასეულობებზე დამყარებულ ქართულ სახელმწიფოს, მით უმეტეს, რომ ეს არ არის პირველი ანტიდასავლური განცხადება ბოლო პერიოდში და უაღრესად გულდასაწყვეტი იყო მისი განცხადება, ევროპული კოლონიალიზმის და მათი ამოცანების შესახებ“, - განაცხადა დავით ბაქრაძემ.

მისი სიტყვებით, რაც წითელ ხაზად გასდევდა გუშინდელ ინტერვიუს, არის ის, რომ „რომ ქართველ ხალხს აქვს ორი ალტერნატივა - ან იქნება ბიძინა ივანიშვილი, ან იქნება მიხეილ სააკაშვილი“.

„ჩვენი შეფასებით, ასე საკითხის დაყენება ფუნდამენტურად აზიანებს ივანიშვილის წინააღმდეგ ბრძოლის ფრონტს და არ ემსახურება ოპოზიციის და ქართველი ხალხის ინტერესებს“, - აცხადებს დავით ბაქრაძე.

მისი თქმით, საზოგადოებამ ვერ მოისმინა, რას სთავაზობს მიხეილ სააკაშვილი. „ის საუბრობს არჩევნებზე და, ამავე დროს, საუბრობს, რომ არჩევნებს აზრი არ აქვს, მათ შორის, მისი სიტყვებით, აზრი არ აქვს რიგგარეშე არჩევნებსაც“, - ამბობს დავით ბაქრაძე.

„ის საუბრობს რევოლუციაზე და თან არ საუბრობს რევოლუციაზე, ის საუბრობს ქვეყანაში დაბრუნებაზე, თან არ საუბრობს, დაბრუნდება თუ არ დაბრუნდება. განსხვავებით იმ გუნდისგან, რომლის ლიდერიც არის მიხეილ სააკაშვილი, „ევროპულ საქართველოს“ გააჩნია მწყობრი და კარგად გააზრებული გზა, როგორ უნდა დავამარცხოთ „ქართული ოცნება და ამიტომ, 2020 წლის არჩევნებზე ამომრჩეველი მიხვდება და დააფასებს, რომ ამ ქვეყანაში არის პოლიტიკური გუნდი, რომელიც არის თანმიმდევრული“, - ამბობს დავით ბაქრაძე.

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა 29 სექტემბერს ტელეკომპანია „მთავარი არხის“ ეთერში განაცხადა, რომ არსებობს „ფუნდამენტური განსხვავებები“ მასსა და „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთ ლიდერს, გიგა ბოკერიას შორის. ყოფილ თანამებრძოლს სააკაშვილმა უწოდა „ანტიქრისტიანი“, რომელსაც ყოველთვის „ცინიკური დამოკიდებულება“ ჰქონდა ქართული ტრადიციების მიმართ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG