Accessibility links

„მსოფლიო რაგბიმ“ საქართველოს ბოდიში მოუხადა


„მსოფლიო რაგბიმ" აღიარა, რომ იაპონიაში მიმდინარე მსოფლიო თასზე, შეცდომა დაუშვა, როდესაც საქართველოსა და ურუგვაის მატჩის მიმდინარეობისას, სტადიონზე შეკრებილებს რუსული სიმღერები მოასმენინა. „როიტერსის“ ცნობით, მსოფლიო რაგბის მმართველმა ორგანიზაციამ ამ შეცდომის გამო საქართველოს ბოდიში მოუხადა.

29 სექტემბერს, „ბორჯღალოსნების“ მიერ გატანილ ლელოებს ორგანიზატორები ქართველ ქომაგებს ვალერი მელაძის რუსული სიმღერის აჟღერებით ულოცავდნენ. მატჩის დასრულების შემდეგ, პრესკონფერენციაზე ამის გამო უკმაყოფილო კომენტარები გააკეთეს საქართველოს ნაკრების კაპიტანმა ჯაბა ბრეგვაძემ და მთავარმა მწვრთნელმა მილტონ ჰეიგმა. მათ თქვეს, რომ საქართველო და რუსეთი სხვადასხვა ქვეყნებია და ორგანიზატორებს სთხოვეს, ეს შეცდომა მომავალი თამაშებისთვის გაეთვალისწინებინათ.

„მსოფლიო რაგბის" პრესმდივანის განცხადებით, ორგანიზაცია წუხს შეცდომის გამო და ქართველებს ბოდიშს უხდის შექმნილი უხერხულობისთვის.

საქართველოს ნაკრებმა მსოფლიო თასზე, ჯგუფური ეტაპის ოთხი შეხვედრიდან ორი გამართა. წააგო უელსთან (14:43) და მოუგო ურუგვაის (33:7). მესამე ტურში „ბორჯღალოსნები“ 3 ოქტომბერს დაუპირისპირდებიან ფიჯის. 11 ოქტომბერს კი ავსტრალიასთან ითამაშებენ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG