Accessibility links

რუსთავის მე-5 საჯარო სკოლაში სწავლის პროცესი განახლდა


რუსთავის მე-5 საჯარო სკოლაში განახლდა სწავლის პროცესი, რომელიც 30 სექტემბერს მშობლებისა და მოსწავლეების გამო ჩაიშალა. სკოლის დირექტორმა თამარ გოგაძემ რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ კლასებში მოსწავლეთა 80 პროცენტი დაბრუნდა.

„კლასში დავაბრუნეთ მე-6 კლასის მოსწავლეც, რომლის გამოც წარმოიშვა კონფლიქტი. სწავლის პროცესი თანდათან სრულად აღდგება“, - თქვა თამარ გოგაძემ. მისივე თქმით, კონფლიქტის მოგვარებაში ჩართულნი არიან სოციალური მუშაკები, მანდატურის სამსახურის ფსიქოლოგიურ ცენტრთან თანამშრომლობით.

30 სექტემბერს გაკვეთილებზე დასწრების ნაცვლად მოსწავლეებმა მშობლებთან ერთად მე-5 სკოლის ეზოში საპროტესტო აქცია მოაწყვეს. ისინი ითხოვდნენ გაერიცხათ მე-6 კლასის მოსწავლე, რომელიც ამავე სკოლის მუსიკის მასწავლებელთან დაკავშირებულ ინციდენტში ფიგურირებს.

27 სექტემბერს, სკოლაში ყოფნის დროს, მუსიკის მასწავლებელმა ნანა წიქარიშვილმა ტვინის შერყევა და ზურგის არეში დაჟეჟილობა მიიღო. მისი მტკიცებით, ის მე-6 კლასის მოსწავლემ კიბეებიდან დააგორა.
მოსწავლე ბრალდებას უარყოფს. ინციდენტს თვითმხილველები არ ჰყავს.
მასწავლებლის დაშავების ფაქტს პოლიცია იკვლევს.

განათლების სამინისტრო აცხადებს, რომ აწარმოებს მედიაციას, რათა რუსთავის მე-5 საჯარო სკოლაში არავის უფლება არ დაირღვეს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG