Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქანთარია: 2012 წლის 1 ოქტომბერს მოქალაქე, პიროვნება გათავისუფლდა


2012 წლის 1 ოქტომბერს, ბიძინა ივანიშვილის თაოსნობით, ეპოქალური ცვლილება მოხდა, - ასე შეაფასა „ქართული ოცნების“ უმრავლესობის წარმომადგენელმა, ნუკრი ქანთარიამ ხელისუფლების ცვლილების 7 წლის წინანდელი ფაქტი. განცხადება მან პარლამენტის სხდომაზე გააკეთა.

„ამ დღეს, 1 ოქტომბერს, 2012 წელს, ბიძინა ივანიშვილის თაოსნობითა და ქართველი ხალხის, საქართველოს მოქალაქეების ძალისხმევით, ეპოქალური ცვლილება მოხდა - შეიცვალა მშვიდობიანად რეჟიმი.

მართალია, ბაცილები დარჩა და ამ ბაცილებს ვხედავთ დღესაც, მაგრამ რეჟიმი ძირითადად გასტუმრებულ იქნა და მოქალაქე, პიროვნება გათავისუფლდა - მას შეუძლია დღეს ყოველგვარი კრიტიკული აზრის შემდეგ, მშვიდობიანად წავიდეს სახლში“, - განაცხადა ნუკრი ქანთარიამ.

დეპუტატი ამბობს, რომ ბოლო 7 წლის განმავლობაში „ბევრი რამ გაკეთდა“, თუმცა „ბევრი რამ დარჩა გასაკეთებელი“ და მას დიდი იმედი აქვს, რომ კიდევ ბევრი რამ გაკეთდება მომავალშიც „ახალი ხალხის“ მიერ. ნუკრი ქანთარიას სჯერა, რომ 2012 წლის 1 ოქტომბერს ისტორია უმნიშვნელოვანეს თარიღად შემოინახავს. დეპუტატმა ხალხს ეს თარიღი ხელახლა მიულოცა.

„ბუნებრივია, რომ მოვა ახალი ხალხი - თაობა მიდის, თაობა მოდის... ძირითადად სხვა ხალხის ისმის აქ ჟრიამული... მაგრამ ეს დღე, როგორც საქართველოს მოქალაქეების ენერგიის გაერთიანების დღე, ვფიქრობ, ყოველთვის დარჩება საქართველოს ისტორიაში...

და მე მინდა მივულოცო ყველა იმ გულანთებულ მოქალაქეს, რომელიც, როგორც ერთი ადამიანი, იდგა... არ შეუშინდა არავითარ ხიფათს და მშვიდობიანად მოახერხა იმ რეჟიმის გასტუმრება, რომლის მეთაურსაც ხშირად ვხედავთ ხოლმე ჩვენ - როგორ ტალღაზეა, რა დღეშია და რა იქნებოდა მართლაც მის ხელში ქვეყანა და რანაირად განვითარდებოდა“, - განაცხადა ნუკრი ქანთარიამ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG