Accessibility links

ტელეკომპანია „ფორმულის“ დირექტორი „ინტერმედიის“ საქმეზე პროკურატურაში დაიბარეს


ფოტო: ტაბულა

ტელეკომპანია „ფორმულის“ გენერალური დირექტორი ზუკა გუმბარიძე პროკურატურაში დაიბარეს. როგორც საგამოძიებო უწყებაში რადიო თავისუფლებას უთხრეს, გუმბარიძის გამოკითხვა „ინტერმედიის“ საქმეს უკავშირდება.

„ფორმულის“ საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელი გიორგი ლაფერაშვილი „ფეისბუკზე“ წერს: „დილის რვაზე ეთერში გავედით. საღამოს ეს ანონსი შემიძლია შემოგთავაზოთ: ტელეკომპანია „ფორმულის“ გენერალური დირექტორი ზურაბ გუმბარიძე პროკურატურაში დაიბარეს. გუმბარიძე, რომელიც კომპანია „ინტერმედიის" დამფუძნებელიცაა, გენერალურ პროკურატურაში ადვოკატთან ერთად ოთხშაბათს, 14:00 მივა“.

საქმე ეხება „რუსთავი 2"-ის ყოფილ გენერალურ დირექტორ ნიკა გვარამიასთან დაკავშირებულ ეპიზოდს. როგორც პროკურატურა აცხადებდა, შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-ის მიერ მიღებულმა დეკლარირებულმა ზარალმა 7 377 230 ლარი შეადგინა, ამავე პერიოდში, შპს „ინტერმედია პლუსის” დეკლარირებულმა მოგებამ კი - 8 690 664 ლარი.

პროკურატურის განცხადების თანახმად, 2015 წლის 16 იანვარს შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-ის სახელით ნიკა გვარამიამ ხელშეკრულება გააფორმა შპს „ინტერმედია პლუსთან“, რომლის მფლობელთა შორის არის ზუკა გუმბარიძე.

7 სექტემბერს თბილისის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა და „რუსთავი 2“-ის საქმეზე ბრალდებულ „ინტერმედია პლუსის“ დირექტორს ზურაბ იაშვილს, აღკვეთის ღონისძიების სახით, 50 000-ლარიანი გირაო შეუფარდა

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG