Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქუთაისის ციხის დირექტორი პატიმრის თვითმკვლელობის გამო თანამდებობიდან გაათავისუფლეს


ქუთაისის მე-2 პენიტენციარული დაწესებულების დირექტორი თანამდებობიდან გათავისუფლდა. იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის განცხადებით, საქმეზე ძირითადი მტკიცებულებები უკვე შეგროვებულია და გამოძიება ახლა ექსპერტიზის დასკვნას ელოდება. მინისტრი ვარაუდობს, რომ ექსპერტიზის დასკვნა რამდენიმე დღეში იქნება:

„რა თქმა უნდა, ჩვენ შევძლებთ ვისაუბროთ იმაზე, შესაძლებელი იყო თუ არა თვითმკვლელობის თავიდან აცილება და ხომ არ იკვეთება, მათ შორის, სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა ქუთაისის პენიტენციური დაწესებულების რომელიმე თანამშრომლის მიმართ“, - განაცხადა თეა წულუკიანმა.

ქუთაისის ციხეში 1 ოქტომბერს გარდაცვლილი იპოვეს ზუგდიდში ძმის მკვლელობის ბრალდებით დაკავებული გ. წ, რომელსაც ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 30 სექტემბერს შეუფარდა.

სპეციალური პენიტენციარული სამსახურის ცნობით, მან სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, საკნის სარკმლის ცხაურზე, ზეწრის გამოყენებით თავი ჩამოიხრჩო. ამავე განმარტებით, იგი ელექტრონულ-ვიზუალური მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებოდა.

„მომხდარის შესახებ დაიწყო გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 342​-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილით (სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურის, ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ სამსახურში დადგენილი წესის შეუსრულებლობა, ან არაჯეროვნად შესრულება, რამაც გამოიწვია ადამიანის სისცოცხლის მოსპობა) და ამავე კოდექსის 115-ე მუხლის პირველი ნაწილით (თვითმკვლელობის ცდამდე მიყვანა). ამჟამად საქმეზე ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებები ტარდება“, - აცხადებენ სპეციალურ პენიტენციარულ სამსახურში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG