Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ობსერვატორიის მკვლევარი: ფუნდამენტური მეცნიერებები ყველგან დაკავშირებულია უნივერსიტეტებთან


აბასთუმნის ობსერვატორიის მკვლევარი, ილიას უნივერსიტეტის პროფესორი და აბასთუმნის ობსერვატორიის ყოფილი დირექტორი გია ჯავახიშვილი რადიო თავისუფლებასთან მთავრობის მთავრობის გადაწყვეტილების შესახებ საუბრობს.

საქართველოს მთავრობის 30 სექტემბრის დადგენილებით, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს გამოეყოფა და ცალკე საჯარო სამართლის იურიდიულ პირად ჩამოყალიბდება ევგენი ხარაძის ეროვნული ასტროფიზიკური ობსერვატორია.

„მთლად არ მესიამოვნა სიმართლე გითხრათ. საქმე ის არის რომ თავიდან, როდესაც ობსერვატორია უნივერსიტეტს მიუერთეს, იგულისხმებოდა, რომ ეს გადაწყვეტილება საუნივერსიტეტო მეცნიერების გაძლიერებისთვის იყო მიღებული. ამასთან, გარკვეულწილად ფუნდამენტური მეცნიერებები ყველგან, მთელს მსოფლიოში დაკავშირებულია უნივერსიტეტებთან. მიერთების მთავარი მიზანი იყო თან სწავლება და თან საქმიანობა“, - გვეუბნება გია ჯავახიშვილი.

პროფესორი გვესაუბრება უნივერსიტეტიდან ობსერვატორიის გამოყოფის გამოცდილების შესახებ.

„ახლა ეს გამოყოფაც შეიძლება, დიდად პრობლემური არ იყოს, მაგრამ მაინც მაქვს შიში. მაგალითად, დაახლოებით 4 წლის წინ ასე უაზროდ გამოყვეს და მაშინ ობსერვატორია მთელი 8 თვის განმავლობაში ჰაერში იყო დაკიდებული. იმედია, ახლა ცოტა გააზრებულად იქნება ეს ყველაფერი“, - აღნიშნავს გია ჯავახიშვილი და განაგრძობს - „ობსერვატორია არის ინსტიტუტი, რომელსაც ბუნებრივია, ცალკე მუშაობა შეუძლია, მაგრამ რამდენად სასარგებლო იქნება?! უნივერსიტეტს აღებული აქვს რიგი ფუნქციები, რომლისგანაც ობსერვატორია გათავისუფლებულია. ეს ფუნქციები, მართვა უნდა გადმოვიდეს ობსერვატორიაში. ეს მოითხოვს აუცილებლად ბიუჯეტის გაზრდას. ეს ყველაფერი დასაფიქრებელია. მხოლოდ დღეს მოვიდა ეს დადგენილება“.

დადგენილება საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს შემდეგ ვალდებულებას აკისრებს:

ა) განახორციელოს სსიპ - საქართველოს ევგენი ხარაძის ეროვნული ასტროფიზიკური ობსერვატორიის სახელმწიფო კონტროლი;

ბ) უზრუნველყოს სსიპ - საქართველოს ევგენი ხარაძის ეროვნული ასტროფიზიკური ობსერვატორიის უფლებამოსილი პირის დანიშვნა, კანონმდებლობით დადგენილი წესით;

ახალ იურიდიულ პირს თანამშრომლების ვაკანტურ ადგილებზე გადაყვანა დაევალა.

მთავრობის დადგენილებას ხელს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია აწერს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG