Accessibility links

სააკაშვილი: ჩემს დროს აღდგა ბევრი ქართული ტრადიცია


საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი „ფეისბუკზე“ ვიდეომიმართვაში კვლავ ტრადიციების შესახებ საუბრობს.

„მე მინდა, რამდენიმე სიტყვა ვთქვა იმ კამათზე, რაც არის ტრადიციულ ფასეულობაზე, ქართველობაზე. მეგობრებო, ტრადიციულობა და ქართული ღირებულებების პატივისცემა ეს იყო ის, რასაც მთელი ცხოვრება ვაკეთებდი. ვიღაცები ამბობენ, რომ საკაშვილმა ახლა აღმოაჩინა, ახლა გაიღვიძაო – უკაცრავად, საქართველოში კონკორდატი გაფორმდა ჩემი ინიციატივით, როცა მე ვიყავი იუსტიციის მინისტრი. ჩემი ინიციატივით შემოვიდა ხუთჯვრიანი ქართული დროშა. დიახ, მე ვარ ძალიან ტრადიციულ ოჯახში გაზრდილი, ძალიან სერიოზულ, ქართულ ძირძველ ტრადიციებზე. დიახ, არის ერთი ჯგუფი პოლიტიკოსების საქართველოში, რომელიც დასცინის ყველაფერ ქართულს, აბაიბურებს და რაღაც, ასე „სვეცკურად“, ზემოდან უყურებს იმ ხალხს, რომელსაც სჯერა საკუთარი ტრადიციებისა და მრწამსის. მე ვფიქრობ, ეს ხალხი პირდაპირ აკეთებს პუტინის საქმეს, მეგობრებო, იმიტომ, რომ პრაქტიკულად, უგდებს ხელში ჩვენი საზოგადოების ძალიან მნიშვნელოვან ნაწილს ვასაძეს, ინაშვილს და სხვა პირდაპირ აგენტებს საქართველოს მტრების; იმიტომ რომ არაფერი კავშირში არ არის რუსეთის აგენტები და ჩვენი ფასეულობები, ღირებულებები. ეს არის ის, რითიც ჩვენ ვცხოვრობთ. ეს არის ის, რასაც მე პირადად ათწლეულების განმავლობაში მივყვები. პრეზიდენტობის დროს, მანამდე მინისტრობის დროს ძალიან ბევრი გავაკეთეთ, რომ ეს ასე ყოფილიყო“,- ამბობს მიხეილ სააკაშვილი.

ყოფილი პრეზიდენტი მისი ხელისუფლებასა და ხალხს შორის გაუცხოებაში კონკრეტულ ჯგუფს ადანაშაულებს.

„ჩემს დროს აღდგა ბევრი ქართული ტრადიცია, ძალიან ბევრ ქართულ ძეგლს დაუბრუნდა პირვანდელი სახე. ჩემთვის პრინციპის საკითხი იყო ბაგრატის აღდგენა. გახსოვთ, როგორ დამცინოდნენ ბაგრატის აღდგენაზე და რა ყაყანი ჰქონდათ ზუსტად იმათ ატეხილი, ვინც ახლა დასცინის ჩვენ ხალხს და ატეხილი აქვთ ერთი გნიასი. დიახ, ამ ჯგუფმა ყველაფერი გააკეთა, რომ ჩვენი ხელისუფლება გაეუცხოებინა, დისტანცია და ნაპრალი გაეჩინა ჩვენს ხალხთან ღირებულებების გარშემო“, - თქვა სააკაშვილმა.

როგორც მიხეილ სააკაშვილი აღნიშნავს, ფუნდამენტური განსხვავების შესახებ ხალხს სიმართლე უნდა გაეგო. მისი თქმით, ეს არ ნიშნავს, რომ საერთო უბედურების წინააღმდეგ ყველასთან არ ითანამშრომლებს.

ამ თემაზე მიხეილ სააკაშვილმა თავდაპირველად „მთავარი არხის" ეთერში იალაპარაკა. როგორც მან თქვა, „ფუნდამენტური განსხვავებებია“ მასსა და „ევროპული საქართველოს“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე გიგა ბოკერიას შორის. ყოფილ თანამოაზრეს სააკაშვილმა უწოდა „ანტიქრისტიანი", რომელსაც ყოველთვის „ცინიკური დამოკიდებულება“ ჰქონდა ქართული ტრადიციების მიმართ.

„მე, ჩემი შეხედულებებით და ჩემი მრწამსით, ვარ მართლმადიდებელი ქრისტიანი და ვინც რა არ უნდა თქვას, ეს ესეა, ვატარებ ჯვარს... ბოკერიამ, ამ ადამიანმა, ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ ჩვენი მაქსიმალური დისტანცირება მომხდარიყო ჩვენი ტრადიციული, ქრისტიანული ფასეულობებისაგან. და ეს არის რეალობა“, - თქვა სააკაშვილმა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG