Accessibility links

თალიბების დელეგაციამ პაკისტანში გამართა მოლაპარაკებები


თალიბანის დელეგაცია პაკისტანში

პაკისტანში მყოფი თალიბების მაღალი რანგის დელეგაცია 3 ოქტომბერს ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრ შაჰ მაჰმუდ ყურეშის შეხვდა, როგორც იუწყებიან, ავღანეთის სამშვიდობო პროცესის გამოსაცოცხლებლად საჭირო ზომებზე სასაუბროდ. დელეგაციას, რომელიც ამავე მიზნით მანამდე რუსეთში, ჩინეთსა და ირანში იმყოფებოდა, ექსტრემისტული დაჯგუფების თანადამფუძნებელი და ყატარში თალიბების ოფისის ხელმძღვანელი, მულა აბდულ ღანი ბარადარი ხელმძღვანელობს.

თალიბების მიერ მოწყობილი ტერაქტების სერიის შემდეგ, გასულ თვეში აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მიიღო გადაწყვეტილება, თალიბებთან სამშვიდობო მოლაპარაკების შეწყვეტის თაობაზე.

"პაკისტანი მხარს დაუჭერს ავღანეთში სტაბილური მშვიდობისკენ მიმართულ ყველა ძალისხმევას, რაც ასევე მნიშვნელოვანია თავად პაკისტანის სოციალურ-ეკონომიკური განვითარებისა და პროგრესისთვის“, - განაცხადა პაკისტანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, შაჰ მაჰმუდ ყურეშიმ, თალიბთა ლიდერებთან შეხვედრის შემდეგ.

თალიბების წარმომადგენელმა ყატარში სოჰაილ შაინმა რადიო თავისუფლებასთან საუბარში აღნიშნა, რომ დაჯგუფება მზად არის ვაშინგტონთან სამშვიდობო მოლაპარაკების განახლებისთვის.

ნიშანდობლივია, რომ თალიბების დელეგაციის შეხვედრა პაკისტანში გაიმართა იმ დროს, როცა ისლამაბადში იმყოფება ვაშინგტონის სპეციალური წარგზავნილი ავღანეთის სამშვიდობო მოწესრიგების საკითხებში, ზალმაი ხალილზადი, რომელიც იქ კონსულტაციებს მართავს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG