Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნატოს ჩრდილოატლანტიკური საბჭო: მასპინძლად ბათუმი შემთხვევით არ შერჩეულა


შავი ზღვის უსაფრთხოების სტრატეგიასთან მიმართებით საქართველოს კონკრეტული მიმართულებები აქვს - განაცხადა ნატოში საქართველოს წარმომადგენელმა, ალექსანდრე მაისურაძემ ჩრდილოატლანტიკური საბჭოს დელეგაციის ბათუმში ვიზიტის წინ. მისი თქმით, თავშეყრის ადგილად საგანგებოდ არის შერჩეული ბათუმი.

„ბათუმი შემთხვევით არ არის შერჩეული ალიანსის ჩრდილოატლანტიკური საბჭოს ვიზიტის მასპინძლობისთვის - ჩვენ გვაქვს კონკრეტული მიმართულებები შავი ზღვის უსაფრთხოების თვალსაზრისით. სააბორდაჟო ჯგუფები ერთ-ერთი კომპონენტია ამასთან დაკავშირებით.

გარდა ამისა, საუბარია ინფორმაციის გაცვლაზე, საუბარია საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვასა და ნატოს მუდმივმოქმედ საზღვაო შენაერთს შორის თანამშრომლობაზე, საუბარია ნატოს საზღვაო მმართველობასა და საქართველოში არსებულ ერთობლივ სამეთაურო კომპონენტს შორის მჭიდრო კომუნიკაციაზე; ასე რომ - შავი ზღვის მიმართულებით თანამშრომლობა ძალიან დინამიურად, ეფექტურად და მიზანმიმართულად ხორციელდება“, - განაცხადა მაისურაძემ.

მისი თქმით, ჯერჯერობით ნაადრევია ლაპარაკი იმაზე, თუ რა შედეგებს მოიტანს ალიანსის წევრი ქვეყნების ლიდერთა ლონდონში დაგეგმილი სამიტი; თუმცა იქნება მსჯელობა თანამშრომლობის გაძლიერებაზე არსებითი პაკეტის ფარგლებში.

„ცოტა ნაადრევია იმ შედეგებზე საუბარი, რომელიც იქნება ლონდონში დაგეგმილ ლიდერთა შეხვედრისთვის. როგორც პრაქტიკული, ასევე პოლიტიკური თანამშრომლობის განზომილება ძალიან ეფექტური და მნიშვნელოვანია... ნატოსა და საქართველოს შორის არსებით ღონისძიებათა პაკეტის შესრულება მიმდინარეობს ძალიან ეფექტურად და არსებობს კონკრეტული შედეგები...

საუბარი იქნება არსებით ღონისძიებათა პაკეტის კიდევ უფრო გაძლიერებაზე, ახალი კონკრეტული მიმართულებების ჩამოყალიბებაზე, რაც კიდევ უფრო დააახლოებს ჩვენს ქვეყანას თავის საგარეო-პოლიტიკურ მიზანთან, რაც ნატოში სრულფასოვან გაწევრიანებას გულისხმობს“, - განაცხადა მაისურაძემ.

ნატოს ჩრდილოატლანტიკურ საბჭოს (NAC) დელეგაციას ბათუმი 3-4 ოქტომბერს უმასპინძლებს. საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, დელეგაციას ხელმძღვანელობს ნატოს გენერალური მდივნის მოადგილე როუზ გოტმიოლერი. დელეგაციის შემადგენლობაში შედიან ალიანსის 29 წევრი ქვეყნის მუდმივი წარმომადგენლები.

  • ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და ნატოს გენერალური მდივნის მოადგილის თავმჯდომარეობით.
  • გაიმართება შეხვედრები საქართველოს პრეზიდენტთან, პრემიერ-მინისტრთან, პარლამენტის თავმჯდომარესთან, პარლამენტის წევრებთან და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებთან.
  • ჩრდილოატლანტიკური საბჭო ბათუმის პორტში დაათვალიერებს საქართველოს სანაპირო დაცვის ხომალდებს.
  • ჩრდილოატლანტიკური საბჭოს ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია ასევე ნატოს გენერალური მდივნის მოადგილის ლექცია ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში.

NAC-ის წლევანდელი ვიზიტი საქართველოსთვის უკვე მეხუთეა. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის, ვლადიმერ კონსტანტინიდის განცხადებით, ეს უპრეცედენტო ფაქტი საქართველოსა და ალიანსს შორის ურთიერთობების გაღრმავების ნათელი დასტურია.

საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ნატოს წევრი სახელმწიფოების ლიდერთა დეკემბრის შეხვედრამდე, NAC-ის ვიზიტი მანიშნებელია იმისა, რომ საქართველო, როგორც ნატოს ასპირანტი ქვეყანა, მნიშვნელოვან ადგილს იკავებს ალიანსის დღის წესრიგში და ის ნატოს ღირებული და სანდო პარტნიორია.

ჩრდილოატლანტიკური საბჭო წარმოადგენს ნატოს პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიმღებ ორგანოს, რომელსაც ნატოს გენერალური მდივანი თავმჯდომარეობს. საბჭოს სხდომებზე იკრიბებიან ნატოს წევრი ქვეყნების მაღალი რანგის წარმომადგენლები და განიხილავენ პოლიტიკურ და მიმდინარე საქმიანობასთან დაკავშირებულ საკითხებს.

ვლადიმერ კონსტანტინიდის თანახმად, ვიზიტის ფარგლებში განხილული იქნება საქართველოს ალიანსში გაწევრიანებასთან დაკავშირებული საკითხები.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG