Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ზედანია: გავაგრძელებთ მუშაობას აბასთუმნის ობსერვატორიასთან, როგორც დამოუკიდებელ ორგანიზაციასთან


რა თქმა უნდა, გული დაგვწყდა, რადგან ასტრონომიისა და ასტროფიზიკის სწავლებისა და კვლევის მიმართულებების შენარჩუნება-განვითარებისათვისათვის უნივერსიტეტს ბევრი რამ აქვს გაკეთებული”, - ასე ეხმაურება გიგა ზედანია, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, მთავრობის გადაწყვეტილებას უნივერსიტეტიდან აბასთუმნის ობსერვატორიის გამოყოფის შესახებ.

როგორც ის რადიო თავისუფლებას ეუბნება, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი კვლავ გააგრძელებს მუშაობას აბასთუმნის ობსერვატორიასთან, როგორც დამოუკიდებელ ორგანიზაციასთან:

„აბასთუმნის ობსერვატორიის ქონება ეკუთვნის სახელმწიფოს და ილიას უნივერსიტეტს გადმოცემული ჰქონდა სარგებლობის უფლებით. ეს უფლება ილიაუნის ერთხელ უკვე შეუწყდა - 2013 წელს, მაგრამ 2014 წელს ობსერვატორია ისევ დაგვიბრუნდა. ამჯერად, სახელმწიფომ გადაწყვიტა, რომ ობსერვატორია გახდეს დამოუკიდებელი ორგანიზაცია. ასტრონომიისა და ასტროფიზიკის სწავლებისა და კვლევის მიმართულებების შენარჩუნება-განვითარებისათვისათვის უნივერსიტეტს ბევრი რამ აქვს გაკეთებული. ეს ეხება როგორც ინფრასტრუქტურას, ისე სამეცნიერო და საგანმანათლებლო პროგრამებსა და პროექტებს. მაგრამ მომავალშიც ობსერვატორიასთან, როგორც დამოუკიდებელ ორგანიზაციასთან, თანამშრომლობის გაგრძელებას ნამდვილად ვაპირებთ“.

აბასთუმნის ობსერვატორია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს სამართავად საქართველოს მთავრობის დადგენილებით, 2008 წელს გადაეცა.

11 წლის შემდეგ, საქართველოს მთავრობის 30 სექტემბრის დადგენილებით კი ობსერვატორია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს გამოეყო და ცალკე საჯარო სამართლის იურიდიულ პირად ჩამოყალიბდება.

დადგენილება საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს შემდეგ ვალდებულებას აკისრებს:

ა) განახორციელოს სსიპ - საქართველოს ევგენი ხარაძის ეროვნული ასტროფიზიკური ობსერვატორიის სახელმწიფო კონტროლი;

ბ) უზრუნველყოს სსიპ - საქართველოს ევგენი ხარაძის ეროვნული ასტროფიზიკური ობსერვატორიის უფლებამოსილი პირის დანიშვნა, კანონმდებლობით დადგენილი წესით;

ახალ იურიდიულ პირს თანამშრომლების ვაკანტურ ადგილებზე გადაყვანა დაევალა.

მთავრობის დადგენილებას ხელს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია აწერს.

მუნიციპალური განვითარების ფონდის პროექტით, რომელსაც მსოფლიო ბანკი აფინანსებს, გათვალისწინებულია ევგენი ხარაძის სახელობის ნაციონალური ასტროფიზიკური ობსერვატორიის რეაბილიტაცია. პროექტი მოიცავს დიდი ტელესკოპის AZT-11-ის შენობის სრულ რეაბილიტაციას, სადაც განთავსდება ვიზიტორთა საინფორმაციო ცენტრი, კაფე, მოეწყობა საგამოფენო და სამუშაო სივრცე და აღდგება არსებული ბიბლიოთეკა.

ობსერვატორია 1932 წელს ევგენი ხარაძემ დააარსა. ობსერვატორიის სამეცნიერო კვლევების ძირითადი მიმართულებებია გალაქტიკების, ვარსკვლავების, მზის სისტემების ცდომილების და ზედა ატმოსფეროს შესწავლა. ინფრასტრუქტურის სამინისტროს ცნობით, ობსერვატორიას წელიწადში, დაახლოებით, 10 ათასი ტურისტი სტუმრობს.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ნათია თურნავას თქმით, მიუხედავად იმისა, რომ მცირე მთავრობის კონცეფცია მთავრობის პირიორიტეტია, აბასთუმნის ობსერვატორია გამონაკლისს წარმოადგენს.

„ჩვენი აბასთუმნის ობსერვატორია არის უნიკალური ობიექტი და უნიკალური სამეცნიერო ცენტრი, უნიკალური არამარტო საქართველოსთვის და სამხრეთ კავკასიისთვის, არამედ ზოგადად მსოფლიოში სულ რამდენიმე არის ასეთი უნიკალური, ასეთი დიდი ისტორიისა და ტრადიციების მქონე სამეცნიერო და საგანმანათლებლო ცენტრი. მას სჭირდება განსაკუთრებული ყურადღება. ჩვენი მომავალი წლის ბიუჯეტის ზრუნვის საგანი არის განათლება და მეცნიერება, აქედან გამომდინარე, ეს ის შემთხვევაა, როდესაც კიდევ უფრო მეტად აქცენტირებულად შევძლებთ გავაძლეროთ ეს სამეცნიერო კერა - ეს არის ჩვენი მთავარი ამოცანა“, - ამბობს ნათია თურნავამ.

იკვეთება თუ არა აბასთუმნის ობსერვატორიასთან პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ინტერესები, ეს კითხვა მინისტრმა უკომენტაროდ დატოვა.

2018 წლის აგვისტოში პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი აბასთუმანში ოჯახთან ერთად დასასვენებლად ჩავიდა და კურორტზე არსებული მდგომარეობის გაცნობა გადაწყვიტა.

„აბასთუმანი უნდა გახდეს ერთ-ერთი საუკეთესო ცენტრი მსოფლიოში, არა მარტო საქართველოში“, - თქვა მმართველი პარტიის დამფუძნებელმა.

აბასთუმანში დასვენების შემდეგ, ბიძინა ივანიშვილის ინიციატივით დაიწყო აბასთუმნის რეაბილიტაციის პროექტი, რომელიც არაერთხელ იქცა ოპოზიციის კრიტიკის სამიზნედ.

რაც შეეხება მმართველ გუნდს, ისინი აცხადებენ, რომ ოპოზიციას არ სიამოვნებს, რომ ბიძინა ივანიშვილი მნიშვნელოვან საზოგადოებრივ პროექტებს ახორციელებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG