Accessibility links

site logo site logo

გოტმიოლერი: საქართველოს გაწევრიანებაზე რუსეთის პოზიციას საერთო არაფერი აქვს ნატოს პოზიციასთან


გიორგი გახარიასა და როუზ გოტმიოლერის ერთობლივი პრესკონფერენცია ბათუმში

სიახლე არავისთვის არის, რომ რუსეთი მხარს არ უჭერს საქართველოს ნატოში ინტეგრაციას, მაგრამ ამას არაფერი აქვს საერთო ამ საკითხზე ნატოს მოსაზრებასთან, - განაცხადა გენერალური მდივნის მოადგილემ, როუზ გოტმიოლერმა, ბათუმში, ნატო-საქართველოს კომისიის სხდომის დასრულების შემდეგ, საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე.

„რუსეთი მხარს არ უჭერს საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას და ეს არავისთვის არის სიახლე, მაგრამ ამას საერთო არაფერი აქვს ამ საკითხზე ნატოს ხედვასთან. ნატოს პოზიციაა, რომ ალიანში საქართველოს გაწევრიანების გადაწყვეტილება მიღებულია 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე; ეს არის ნაწილი განცხადებისა, რომელიც ჩვენმა ლიდერებმა შარშან ბრიუსელში გააკეთეს და ეს არის ნაწილი ერთობლივი განცხადებისა, რომელიც ნატო-საქართველოს კომისიამ მიიღო და გამოვაქვეყნეთ ცოტა ხნის წინ“, - განაცხადა როუზ გოტმიოლერმა.

ნატოს გენმდივნის მოადგილის თქმით, ამ საკითხთან მიმართებით მეორე მნიშვნელოვანი ასპექტი არის ის, რომ, ნატოს პოზიციით, ყველა ქვეყანას შეუძლია თავად განსაზღვროს საკუთარი უსაფრთხოების პოლიტიკა და დამოუკიდებელი არჩევანიც გააკეთოს.

„ნატო ასევე იცავს მნიშვნელოვან საერთაშორისო პრინციპს, რომლის მიხედვითაც - ნებისმიერ ქვეყანას, იქნება ის დიდი თუ პატარა, უნდა ჰქონდეს უფლება თავად განსაზღვროს საკუთარი უსაფრთხოების სქემა. ამით მთავრდება ყველაფერი. ეს არის მნიშვნელოვანი პრინციპი ნატოსთვის. საქართველოსთვის უკეთეს პოლიტიკურ მხარდაჭერაზე ჩვენმა ბევრმა მოკავშირემ ილაპარაკა. მოკავშირეები მხარს უჭერენ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს. საქართველოს აქვს უფლება აირჩიოს ევროატლანტიკური გზა.

კიდევ ერთი საკითხი, რასაც გავუსვით ხაზი, არის ის, რომ ნატოს უნდა თქვენთან მუშაობა და მზად იქნება ბიძგი მისცეს საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე. ჯერ ისევ რჩება სამუშაო რეფორმირების პროცესში პროგრესის მისაღწევად. ჩვენ მზად ვართ, ვიმუშაოთ თქვენთან ერთად, ამ მიზნების მისაღწევად“, - განაცხადა როუზ გოტმიოლერმა.

რუსეთის წინააღმდეგობასთან დაკავშირებულ შეკითხვას პასუხი გასცა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამაც. მისი განცხადებით, საქართველოს ნატოში გადაწყვეტილება საქართველოს მოქალაქეების მტკიცე გადაწყვეტილებაა.

„საქართველოს ნატოში ინტეგრაცია არის ჩვენი მოქალაქეების გადაწყვეტილება და ყველას კარგად მოგეხსენებათ, რომ ბოლო გამოკითხვებით, საქართველოს მოქალაქეების 71 პროცენტი მხარს უჭერს ნატოში სრულ ინტეგრირებას. უნდა გავითვალისწინოთ ისიც, რომ საქართველოს ნატოში ინტეგრირება არის მიმართული რეგიონალური და გლობალური უსაფრთხოების ხელშეწყობისკენ და არა ვინმესთვის საფრთხის შექმნისკენ.

შესაბამისად, ეს ის ძირითადი მიმართულებებია, რაზე დაყრდნობითაც ჩვენ ვადგავართ როგორც ჩვენი დემოკრატიზაციის, ასევე ჩვენი ეკონომიკური განვითარებისა და საერთოდ - ქვეყნის ევროატლანტიკური მიმართულებით განვითარების გზას და ეს არის ჩვენი მოქალაქეების გადაწყვეტილება.

შესაბამისად, ვთვლით, რომ ჩვენ გვაქვს იმის თავისუფლება და იმის რესურსი, რომ მივიღოთ გადაწყვეტილება ჩვენს მოქალაქეებთან ერთად - როგორ, რა მიმართულებით, რა სახელმწიფოებრივ გაერთიანებებში იქნება საქართველო“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

3 ოქტომბერს, ბათუმში, ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა გაიმართა ნატოს ჩრდილოატლანტიკური საბჭოს (NAC) ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში. ჩრდილოატლანტიკური საბჭოს დელეგაცია ბათუმში 3 ოქტომბერს ჩავიდა.

ჩრდილოატლანტიკური საბჭო უკვე მეხუთედ სტუმრობს საქართველოს. ის წარმოადგენს ნატოს პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიმღებ ორგანოს, რომელსაც ნატოს გენერალური მდივანი თავმჯდომარეობს. საბჭოს სხდომებზე იკრიბებიან ნატოს წევრი ქვეყნების მაღალი რანგის წარმომადგენლები და განიხილავენ პოლიტიკურ და მიმდინარე საქმიანობასთან დაკავშირებულ საკითხებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG