Accessibility links

ბავშვთა მიმართ ძალადობაზე 110 მშობელს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა დაეკისრა


2019 წლის 5 თვეში ბავშვის მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტებზე სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა 110 მშობელს დაეკისრა, - ამის შესახებ შსს-ს წარმომადგენელმა გოგა ხატიაშვილმა იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე განაცხადა, სადაც საქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტის შესრულების თაობაზე საქართველოს მე-5 პერიოდულ ანგარიშს განიხილავენ.

„2019 წლის 6 თვეში გაზრდილია შემაკავებელი ორდერების გამოცემის მაჩვენებელი, გაზრდილია ასევე გამოძიების დაწყების მაჩვენებელიც. მაგალითად, 2019 წლის 5 თვეში 110 მშობელს დაეკისრა სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა ბავშვის მიმართ განხორციელებულ ძალადობაზე", - განაცხადა გოგა ხატიაშვილმა.

მისი სიტყვებით ბავშვთა მიმართ ძალადობის შემთხვევებზე მიმართვიანობა გაზრდილია, თუმცა, პრობლემად რჩება გამომძიებელთა შესაძლებლობების გაფართოება ამ კუთხით და საჭიროა პრობლემის გარშემო შესაბამისი უწყებების კოორდინაციის გაძლიერება.

ოჯახში ძალადობა და ბავშვთა ფიზიკური დასჯა ცალკე თავად არის გამოყოფილი საქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტის შესრულების თაობაზე საქართველოს ანგარიშში. ანგარიში კომიტეტზე საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ხათუნა თოთლაძემ წარმოადგინა. პარლამენტში მისი განხილვის შემდეგ დოკუმენტი გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტს გაეგზავნება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG