Accessibility links

გიგა ბოკერია: ირმა ინაშვილის ყოფნა ნატოს დელეგაციასთან შეხვედრაზე სასარგებლო იყო


გიგა ბოკერია

საქართველოს პარლამენტის დეპუტატის, „ევროპული საქართველოს“ წევრის, გიგა ბოკერიას თანახმად, ბათუმში ნატოს გენერალური მდივნის მოადგილის, როუზ გოტმიოლერისა და ნატოს წევრი ქვეყნების მუდმივი წარმომადგენლების დელეგაციასთან საქართველოს პარლამენტის წევრების შეხვედრაზე დისკუსია წარიმართა ორ საკითხზე - რუსეთის აგრესია და ვითარება ქვეყნის შიგნით საპარლამენტო არჩევნების წინ:

„ჩვენი გზავნილი არის ორი. პირველი, არის ეგზისტენციალური საფრთხე ჩვენი თავისუფლების, სუვერენიტეტის - ეს არის რუსეთი. პუტინის რუსეთის მოქმედებები და საჭიროება, რომ თავისუფალმა სამყარომ, ჩვენმა მოკავშირეებმა უფრო კოორდინირებული და სტრატეგიული წინააღმდეგობა გაუწიონ რუსეთის აგრესიას საქართველოში, უკრაინასა და მსოფლიოში. მეორეა ის საფრთხეები, რაც გველის ქვეყნის შიგნით არჩევნების წინ ივანიშვილის რეჟიმის მიერ გადადგმული ძალიან სარისკო ნაბიჯების გამო ჩვენი ქვეყნის თავისუფლებისთვის. ჩვენმა მოკავშირეებმა ეს უნდა იცოდნენ და ამ ორ საკითხზე იყო დისკუსია“, - გიგა ბოკერიას თქმით, მოკავშირეების შესაბამისი გზავნილი იყო ის, რომ დემოკრატია ხელისუფლებების არჩევნების გზით შეცვლას გულისხმობს.

გიგა ბოკერიას შეფასებით, ნატოს წარმომადგენლებთან შეხვედრაზე გარკვეულწილად სასარგებლო იყო „პატრიოტთა ალიანსის“ თავმჯდომარის ირმა ინაშვილის ყოფნაც:

„ირმა ინაშვილის ყოფნა შეხვედრაზე იყო ძალიან სასარგებლო იმისთვის, რომ ჩვენს პარტნიორებს ლაივში ენახათ, რუსული პროპაგანდა რას ნიშნავს. რაც მან ისაუბრა, ეს არის რუსული, პუტინის პროპაგანდა, რომ ჩვენ ნეიტრალიტეტი გვინდა ... ნეიტრალიტეტი ხომ იგივეს ნიშნავს, რაც რუსეთის გავლენის სფეროში დარჩენას, ეს ხომ ყველას გვესმის. ამიტომ ბევრს არ ვისაუბრებ, პარადოქსია, მაგრამ მაგრამ მისი აქ ყოფნა სასარგებლო იყო, რომ ენახათ, რასთან გვაქვს საქმე“, - განაცხადა გიგა ბოკერიამ. მისი შეფასებით, პარტნიორებისთვის ირმა ინაშვილის მოსმენა საგულისხმო იყო იმითაც, რომ მათმა უმრავლესობამ იცის, რომ „პატრიოტთა ალიანსი“ „ქართული ოცნების პარტნიორია“.

„ჩვენი პარტნიორების უმრავლესობამ, ვინც მიჰყვება ამბებს, იცის, რომ ეს უბრალოდ ერთ-ერთი მარგინალური პარტია კი არ არის, ივანიშვილის პარტნიორი პარტიაა. ანუ „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი დანაყოფია. ამიტომ როცა სხვებს აქვთ უფრო დავარცხნილი გზავნილი, ეს გულწრფელი გზავნილი არის სასარგებლო, რომ ყველამ ეს დაინახოს“, - განაცხადა გიგა ბოკერიამ ნატოს წევრი ქვეყნების მუდმივი წარმომადგენლების დელეგაციასთან საქართველოს პარლამენტის წევრების შეხვედრის დასრულების შემდეგ.

ნატოს ჩრდილოატლანტიკური საბჭოს (NAC) დელეგაცია ორდღიანი ვიზიტით საქართველოში 3 ოქტომბერს ჩამოვიდა. მასში შედიან ალიანსის 29 წევრი ქვეყნის მუდმივი წარმომადგენლები.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG