Accessibility links

ახალი ამბები

სალომე ზურაბიშვილი: სამ საკითხზე თუ არ ვიქნებით ერთიანი, ჩვენ ვერ გავიმარჯვებთ

NATO-ს გენერალური მდივნის მოადგილე როუზ გოტმიოლერთან ერთად ბათუმში გამართულ პრესკონფერენციაზე საქართველოს პრეზიდენტმა ალიანსის ჩრდილოატლანტიკური საბჭოს ორდღიანი შეხვედრები შეაფასა.

ზურაბიშვილი საქართველოში საზოგადოების ერთიანობის შესახებაც საუბრობს. მისი თქმით, აუცილებელია პოლარიზაციის დაძლევა, როგორც საზოგადოებაში, ასევე პოლიტიკურ ძალებს შორის: „როგორც მინიმუმ, იმ საკითხებთან მიმართებაში, რასაც ჰქვია ევროკავშირში ინტეგრაცია, NATO-ში ინტეგრაცია და დეოკუპაცია. ამ სამ საკითხზე თუ არ ვიქნებით ერთიანი, ჩვენ ვერ გავიმარჯვებთ.

მაგრამ, რადგან დარწმუნებული ვარ, რომ შევძლებთ გაერთიანებას ამ საკითხებთან მიმართებაში და სწორედ ამიტომ ვუთხარი ჩრდილოატლანტიკურ საბჭოს, რომ ჩვენ გავიმარჯვებთ. და ბოლოს უნდა ითქვას, კიდევ ერთხელ, რომ ჩვენი მიზანი ურყევია და ეს არის გაწევრიანება NATO-სა და ევროკავშირში. ვერავინ ვერ შეგვაცვლევინა და ვერ შეგვაცვლევინებს ამ მიზანს. ეს არის ჩვენი და ხალხის ურყევი გადაწყვეტილება და ამიტომ ვართ ძლიერნი ამ მიმართულებით. რადგან ეს არის ჩვენი ყველასი არჩეული გზა, ალტერნატივა ამ გზას არ გააჩნია“, - თქვა სალომე ზურაბიშვილმა.

ალიანსის ჩრდილოატლანტიკური საბჭოს (NAC) დელეგაცია საქართველოში 3 ოქტომბერს ჩამოვიდა. მასში შედიოდნენ ალიანსის 29 წევრი ქვეყნის მუდმივი წარმომადგენლები. 3 და 4 სექტემბერს ბათუმში გაიმართა NATO-საქართველოს კომისიის სხდომა. დელეგაციის წევრები პრემიერისა და მთავრობის წევრების გარდა, ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში, ასევე შეხვდნენ საქართველოს პრეზიდენტს, პარლამენტის თავმჯდომარეს, პარლამენტის წევრებსა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს.

ყველა ახალი ამბავი

მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ მილიონს გადააჭარბა

მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ მილიონს გადააჭარბა. ეპიდემიის დაწყებიდან გარდაიცალა 51 ათასზე მეტი ადამიანი.

ახალი კორონავირუსით ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევაა დადასტურებული აშშ-ში - 236 ათასზე მეტი ადამიანი. გარდაიცვალა თითქმის 5600-ზე მეტი პაციენტი.

იტალიაში დაავადებულთა რიცხვმა 115 ათასს გადააჭარბა. ქვეყანაში COVID-19-ით გარდაიცვალა 14 ათასამდე ადამიანი. ეს სიკვდილიანობის ყველაზე მაღალი მაჩვენებელია მსოფლიოში. უკანასკნელი დღე-ღამის განმავლობაში იტალიაში სიკვდილის 760 ახალი შემთხვევაა დაფიქსირებული.

ესპანეთში 110 ათასზე მეტია ინფიცირებული და 10 ათასზე მეტი გარდაცვლილი. 700-ზე მეტი უკანასკნელი დღე-ღამის განმავლობაში გარდაიცვალა.

გერმანიამ ინფიცირებულთა რაოდენობით გაასწრო ჩინეთს, საიდანაც გავრცელდა პანდემია გასული წლის ბოლოს. დღეისთვის გერმანიაში ინფიცირებულია 84 ათასზე მეტი ადამიანი, ათასზე მეტი გარდაიცვალა.

ჩინეთში, ოფიციალური მონაცემებით, დადასტურებულია COVID-19-ის 82 ათასზე მეტი შემთხვევა და სამი ათასზე მეტი სიკვდილი. პეკინი აცხადებს, რომ უკანასკნელი კვირების განმავლობაში ინფიცირებულთა რიცხვი იკლებს. ქვეყანაში ნელ-ნელა ამსუბუქებენ საკარანტინო ზომებს.

სოფელი ქვემო ბოლნისი მთლიანად ჩაკეტეს

ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ბოლნისში, პირველ აპრილს, კარანტინი კიდევ უფრო გამკაცრდა, მას შემდეგ, რაც სოფლიდან ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა ორი ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

„სოფელი მთლიანად ჩაიკეტა, შემუშავებულია ლოჯისტიკა, რომ სოფელს არ შეექმნას სასურსათო პრობლემა, არ მოხდეს შეფერხება მედიკამენტებით მომარაგებასა თუ კუთვნილი თანხების მიღებაში, 3 აპრილს სოფელში „ლიბერთი ბანკის“ მობილური ეკიპაჟი შევა“, - უთხრა ჟურნალისტებს ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა შოთა რეხვიაშვილმა.

ქვემო ბოლნისი ადმინისტრაციული ცენტრიდან 6 კილომეტრით არის დაშორებული. გუბერნატორმა რეხვიაშვილმა დასძინა, რომ ჩაკეტილ სოფელში ერთი ოჯახის ოთხი წევრი, მათგან 19 წლის ორსული, „კვეთაშია“ მარნეულში პირველად გამოვლენილ ინფიცირებულ ქალთან.

შოთა რეხვიაშვილმა, ასევე თქვა, რომ 3 აპრილს მარნეულის მუნიციპალიტეტში დასრულდება ადგილობრივი მოსახლეობის თერმოსკრინინგი. „მარნეულის მუნიციპალიტეტში მცხოვრებმა 104 ათასმა ადამიანმა უკვე გაიარა ეს პროცედურა. ბოლნისის მუნიციპალიტეტში თერმოსკრინინგი 44 ათას ადამიანს ჩაუტარდა, იქაც, პროცესი, სავარაუდოდ, ორ დღეში დასრულდება“, - ამბობს შოთა რეხვიაშვილი. მან დასძინა, რომ თერმოსკრინინგის შედეგად გადაყვანილთაგან ოთხი ადამიანი სტაციონარში რჩება და ელოდება ლუგარის ლაბორატორიის დასკვნას.

რაც შეეხება ქვემო ბოლნისს, გუბერნატორის თქმით, „შემოვლები“ ახლახანს დასრულდა და სოფლის მოსახლეობას განმეორებითი თერმოსკრინინგი ორი კვირაში, კორონავირუსის საინკუბაციო პერიოდი გავლის შემდეგ ჩაუტარდება.

მთავრობამ 31 მარტიდან ფაქტობრივად კარანტინის ზომას მიმართა კორონავირუსის გავრცელების შესაჩერებლად 21 აპრილამდე გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში. მანამდე, 23 მარტიდან კი მკაცრი კარანტინი გამოცხადებული იყო მხოლოდ მარნეულის და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში.

ქალის ინფიცირების გამო, რომელსაც ბევრ ადამიანთან ჰქონდა კონტაქტი.

დეკანოზის თქმით, შესაძლებელია, ადამიანები ეკლესიაში 21:00-ზე მივიდნენ და 06:00-ის შემდეგ სახლებში დაბრუნდნენ

დეკანოზმა შალვა კეკელიამ „ფორმულას“ უთხრა, როგორ არის შესაძლებელი კომენდანტის საათის პირობებში სააღდგომო ღამისთევის ლიტურგიაზე ხალხის დასწრება.

„ჩვენმა პატრიარქმა და ეკლესიამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ იმ ღირებულებებს, რომელიც უმთავრესია ქრისტიანისათვის, არ ღალატობს. მისმა უწმინდესობამ გაამახვილა ყურადღება იმასთან დაკავშირებით, რომ აუცილებელია დისტანციების დაცვა.

თუ ადამიანს შეუძლია პურის რიგში დგომა, ანუ ხორციელი საკვების რიგში დგომა, რატომ უნდა ეკრძალებოდეს ადამიანს სულიერი პურის მოსაპოვებლად რიგში დგომა.

თავისუფლად შესაძლებელია, ჩემი აზრით, ადამიანები 21:00 საათამდე მოვლენ ეკლესიაში, გადანაწილდებიან, ტაძრებში ყველგან დანიშნული იქნება ადგილები, სადაც ადამიანები უნდა იდგნენ და დილის 06:00 საათის შემდეგ სახლებში წავლენ“, - ამბობს დეკანოზი შალვა კეკელია.

1 აპრილს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ გამოაქვეყნა მიმართვა. მისი ერთ-ერთი რჩევაა, რომ ადამიანებთან ურთიერთობისას, მათ შორის, ტაძარში და ტაძრის ეზოში ყოფნისას, დაცული იყოს დადგენილი დისტანცია.

ზიარების წესი კი უცვლელი რჩება. საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის სინოდის 20 მარტის სხდომაზე კორონავირუსის (COVID-19) შესახებ მიიღეს განჩინება, რომლის თანახმად, საერთო კოვზით ზიარებაზე უარის თქმა, როგორც ინფექციის გადამტან წყაროზე, ყოვლად მიუღებელია.

2 აპრილის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსი 134 ადამიანს აქვს დადასტურებული, მათ შორის 26 გამოჯანმრთელებულია. კარანტინის რეჟიმში 5550 ადამიანი იმყოფება, სტაციონარში, მეთვალყურეობის ქვეშ - 281.

134-ს მიაღწია საქართველოში კორონავირუსის დადასტურებულმა შემთხვევებმა

საქართველოში ახალი სახეობის კორონავირუსის შემთხვევათა რაოდენობა სამით გაიზარდა. 2 აპრილის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსი 134 ადამიანს აქვს დადასტურებული, მათ შორის 26 გამოჯანმრთელებულია - იტყობინება მთავრობის ვებგვერდი stopcov.ge. ამჟამად კარანტინის რეჟიმში 5550 ადამიანი იმყოფება, სტაციონარში, მეთვალყურეობის ქვეშ - 281.

კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო 21 მარტიდან საქართველოში გამოცხადებულია ერთთვიანი საგანგებო მდგომარეობა. 31 მარტს, დილის 08:00 საათიდან ქვეყანაში ამოქმედდა ფაქტობრივად, სრული კარანტინის რეჟიმი. 21:00 საათიდან 06:00 საათამდე გადაადგილება იკრძალება.

სომხეთში ერთ დღეში 92-ით გაიზარდა კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა

სომხეთის ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს 2 აპრილის ცნობით, ქვეყანაში კორონავირუსით დაავადებული მეხუთ პაციენტი გარდაცვალა. უწყების წარმომადგენელ, ალინა ნიკოგოსიანის, თანახმად, ინფექციის ახალი მსხვერპლია 68 წლის ქალი, რომელიც კორონავირუსის დაავადებით რამდენიმე დღის განმავლობაში იტანჯებოდა.

სომხეთის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყანაში მთლიანად გამოვლენილია კორონავირუსით დაავადების 663 შემთხვევა. მხოლოდ ბოლო 24 საათის განმავლობაში ინფიცირებულთა რაოდენობა 92-ით გაიზარდა, რაც ერთ დღეში დაავადების მატების ყველაზე დიდი შემთხვევაა.

სომხეთში 16 მარტიდან მოქმედებს საგანგებო მდგომარეობა, რომლის მოქმედების ვადა 14 აპრილს იწურება.

გიორგი გახარია და მისი მოადგილეები ამბობენ, რომ რეზინის ტყვიების გამოყენების ბრძანება არ გაუციათ

სახალხო დამცველი ყოველწლიურ, საპარლამენტო ანგარიშთან ერთად აქვეყნებს სპეციალურ ანგარიშს, რომელიც სრულად ეძღვნება 20-21 ივნისის აქციის დარბევას და გამოძიებას, რომელიც სამართალდამცველთა მხრიდან ძალის გადამეტების შესაძლო შემთხვევებს ეხება. ამ გამოძიების ფარგლებში ბრალი წარუდგინეს 3 სამართალდამცველს.

სპეციალური ანგარიშის მიხედვით, გამოძიების ფარგლებში დაკითხვისას, მაშინდელი შს მინისტრი, გიორგი გახარია და მისი მოადგილეები ადასტურებენ იმას, რომ გასცეს ცრემლსადენი გაზის ჭურვებისა და წყლის ჭავლის გამოყენების ბრძანება, თუმცა ამბობენ, რომ რეზინის ტყვიების გამოყენებაზე ბრძანება მათ არ გაუციათ. იმას, რომ რეზინის ტყვიები შესაბამისი ბრძანების გარეშე გამოიყენეს, ჩვენებებში აღნიშნავენ განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის მეთოფეებიც.

სახალხო დამცველი საპარლამენტო ანგარიშში აღნიშნავს, რომ გამოძიება ორიენტირებულია მხოლოდ ინდივიდუალურ სამართალდამცავთა დანაშაულებრივი მოქმედებების გამოვლენასა და მათი ინდივიდუალური როლის შეფასებაზე, და არ არის მიმართული ხელმძღვანელი პირების პასუხისმგებლობის ფარგლების დადგენაზე. გარდა ამისა, პრობლემას წარმოადგენს ის გარემოებაც, რომ არ ჩატარებულა რიგი საგამოძიებო ღონისძიებები, რომლებიც, საქართველოს სახალხო დამცველის შეფასებით, გამოძიების ეფექტიანად მიმდინარეობისათვის აუცილებელია. მაგალითისათვის, არ არის დათვალიერებული ვიდეოჩანაწერების ნაწილი, არ არის დანიშნული და ჩატარებული სამინისტროს ხელმძღვანელი პირების რაციების ჩანაწერების ექსპერტიზა.

სახალხო დამცველი სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებას ითხოვს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ყოფილი დირექტორის მიმართ, ვინაიდან, როგორც ანგარიშშია ნათქვამი, მისი სამართლებრივი ვალდებულება იყო, აღეკვეთა უშუალოდ მის დაქვემდებარებაში მყოფი თანამშრომლების კანონსაწინააღმდეგო ქმედებები (სპეციალური საშუალების არაპროპორციული გამოყენება) და როგორც საქმის მასალებიდან გამოიკვეთა, მას ჰქონდა ამგვარი მოქმედების შესაძლებლობა. ასევე, საქმეში ამ ეტაპისთვის მოპოვებული მასალებით დასტურდება, რომ მას რამდენჯერმე ჰქონდა მიღებული პირდაპირი ბრძანება, არ გამოეყენებინა რეზინის ტყვიები.

სახალხო დამცველის 20-21 ივნისის აქციის დარბევის საქმეზე მომზადებული ანგარიშში ვკითხულობთ, რომ ის პირები, ვინც 2019 წლის 20-21 ივნისს თოფები გამოიყენეს, უთითებენ, რომ არალეტალურ იარაღს სიტუაციის მიხედვით იყენებდნენ, იქიდან გამომდინარე, რომ თავიდანვე ჰქონდათ მიღებული ზოგადი ნებართვა, მზად ყოფილიყვნენ ყველა სიტუაციისთვის. ისინი ასევე უთითებდნენ, რომ არალეტალური ჭურვების გამოყენების დროს მათი მეთაურებიც იქვე იყვნენ, თუმცა, მათთვის არ მიუციათ ბრძანება შეეწყვიტათ რეზინის ტყვიების გამოყენება. ომბუდმენის ანგარიშის მიხედვით, ჩვენებები ფაქტობრივად იდენტური ინფორმაციის შემცველი იყო ამ მიმართებით.

მასალების შესწავლის შედეგად საქართველოს სახალხო დამცველმა მიიჩნია, რომ გამოძიების მიერ ჩატარებული მინისტრისა და მინისტრის მოადგილეების, ასევე იმ სამართალდამცავების გამოკითხვა, რომლებმაც გამოიყენეს აქტიური სპეციალური საშუალებები, არ იყო სრულყოფილი - არ დგინდებოდა რეზინის ჭურვების გამოყენების შესახებ გაიცა თუ არა ბრძანება და ვის მიერ. სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ გამოძიების ფარგლებში ყოფილი შს მინისტრი და მისი მოადგილეები კიდევ ერთხელ და ნაკლებ ლოიალურად უნდა დაიკითხონ.

სახალხო დამცველის მიაჩნია, რომ ეფექტიანი გამოძიების ვალდებულების შესრულებისთვის მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ცალკეული პოლიციელების მხრიდან ძალადობით ან იარაღის გამოყენებით სამსახურებრივი უფლებამოსილების სავარაუდო გადამეტების ფაქტების დადგენა, არამედ იმ პირთა მოქმედებისა თუ უმოქმედობის სამართლებრივი შეფასება, ვინც ხელმძღვანელობდა ამ პროცესს.

20-21 ივნისს ანტისაოკუპაციო აქციაზე დაშავდა 200-ზე მეტი მოქალაქე. მშვიდობიანი პროტესტი რუსთაველის გამზირზე 3 თვის განმავლობაში ყოველდღიურ რეჟიმში მიმდინარეობდა.

ნატოს მინისტერიალმა მხარი დაუჭირა საქართველოსა და უკრაინისათვის დახმარების ახალ პაკეტს

ნატოს საგარეო საქმეთა მინისტრებმა 2 აპრილს მხარი დაუჭირეს საქართველოსა და უკრაინისათვის დახმარების ახალ პაკეტს, რომელმაც უნდა გააძლიეროს ამ ქვეყნების თავდაცვითუნარიანობა და ნატოს ალიანსთან თავსებადობა. ამის შესახებ ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა 2 აპრილს განაცხადა, ალიანსის ისტორიაში პირველად ვიდოეკონფერენციის ფორმატში გამართული მინისტერიალის დასრულების შემდეგ.

დახმარება, იენს სტოლტენბერგის თქმით, გულისხმობს წვრთნების ჩატარებას შავი ზღვის რეგიონში, რომელიც სტრატეგიულად მნიშვნელოვანია ნატოსთვის. ასევე უფრო მეტ საგანმანათლებლო და პრაქტიკულ ვარჯიშებს უკვე არსებული პროგრამების ფარგლებში.

„ჩვენ გადავწყვიტეთ უფრო გავაღრმავოთ საქართველოსთან და უკრაინასთან ჩვენი პარტნიორობა, მათ შორის შავი ზღვის სტრატეგიულად მნიშვნელოვან რეგიონში წვრთნების საშუალებით, შემდეგ კიდევ ერთობლივი საქმიანობით კიბერსაფრთხეების წინააღმდეგ და, ასევე, საჰარეო სივრცეში მომხდარ გადაადგილებებზე, რადიოლოკაციური მონაცემთა გაცვლით, რათა ცა გავხადოთ ყველასათვის უსაფრთხო“, - განაცხადა იენს სტოლტენბერგმა მინისტერიალის დასრულების შემედეგ გამართულ ვირტუალურ პრესკონფერენციაზე, რომელზეც კრონავირუსის გამო თვითიზოლაციაში მყოფი ჟურნალისტები სხვადასხვა ქვეყნებიდან ინტერნეტით უსვამდნენ შეკითხვებს ნატოს გენერალურ მდივანს.

აღსანიშნავია, რომ ხუთი წლის წინ საქართველომ ნატოს უელსის სამიტზე მიიღო „არსებითი პაკეტი“, რომელიც ყოველწლიურ ეროვნულ პროგრამასა და ნატო-საქართველოს კომისიასთან ერთად, ქვეყნის ალიანსში გაწევრიანების მოსამზადებელ პრაქტიკულ ინსტრუმენტებს წარმოადგენს.

ნატოს 2 აპრილის მინისტერიალის დღის წესრიგის ერთ-ერთ უმთავრეს საკითხს წარმოადგენა ალიანისის წინაშე მდგარი გამოწვევები კორონავირუსის პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლაში.

რუსთავის საკრებულოს წევრს კორონავირუსი დაუდასტურდა

ახალი კორონავირუსი დაუდასტურდა ქალაქ რუსთავის საკრებულოს წევრს, - ამის შესახებ რადიო თავისუფლებას საკრებულოს წევრმა ნანა შატბერაშვილმა უთხრა. მისი თქმით, მას ინფორმაცია რუსთავის მერიის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის და უსაფრთხო გარემოს დაცვის სამსახურის უფროსმა დავით ბეგაშვილმა შეატყობინა. ამჟამად მას ტელეფონი გათიშული აქვს. „10 აპრილამდე თვითიზოლაციაში ვიქნებით", - აღნიშნავს ნანა შატბერაშვილი.

რუსთავის მერმა ირაკლი ტაბაღუამ სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ამჟამად თვითიზოლაციაშია დაინფიცირებული საკრებულოს წევრთან შემხებლობაში მყოფი 45 ადამიანი, მათ შორის, საკრებულოს წევრები, საკრებულოს აპარატის თანამშრომლები, 12 სხვა მოქალაქე, ასევე ორი მოხალისე, რომლებთან ერთადაც წარმომადგენლობითი ორგანოს წევრი სოციალურად დაუცველებისთვის მოხალისეობრივ საქმიანობას ეწეოდა. ამასთან, ტაბაღუამ დასძინა, რომ პირადად მან ინფიცირებული ერთ კვირის წინ ნახა. მისივე თქმით, მიმდინარეობს კონტაქტების დადგენა, მათ შორის თვითმმართველობის შენობაში დამონტაჟებული კამერების საშუალებით.

რუსთავის საკრებულოს წევრები თვითიზოლაციაში, მას შემდეგ აღმოჩნენ, რაც საკრებულოს ერთ-ერთი წევრის დედას, კორონავირუსი დაუდასტურდა. ის ეროვნული ბანკის თანამშრომელია.

ეზუგბაიას თქმით, 131-ე პაციენტი 10 წლის ინფიცირებული ბავშვის მშობელია

2 აპრილს ცენტრალურ ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსზე 14 პირი გამოიკვლიეს. როგორც კლინიკური დირექტორი მარინა ეზუგბაია ამბობს, მათგან მხოლოდ ერთს, 10 წლის ბავშვის მშობელი აღმოჩნდა დადებითი, დანარჩენი ნეგატიური იყო.

10 წლის ბავშვს საფრანგეთში მოგზაურობის ისტორია აქვს. ის პარიზიდან დაბრუნების შემდეგ ბებიასთან ერთად იმყოფებოდა კარანტინში. როგორც მიქელაძე აღნიშნავს, მიუხედავად იმისა, რომ ბათუმში იყო მისი მკურნალობის საშუალება, ბავშვის ოჯახი თბილისში ცხოვრობს და ამიტომ გადაწყვიტეს მისი გადაყვანა.

ეზუგბაიას ინფორმაციით, ახალი პაციენტები არსებული კვლევების თანახმად, არ არიან მძიმე მდგომარეობაში. თუმცა, როგორც ექიმი ამბობს, ამ დაავადებას ახასიათებს ნელი პროგრესირება.

„რამდენიმე დღე უნდა გვაცადოთ, რომ მათი მდგომარეობის პროგნოზირება შევძლოთ“, - აღნიშნავს ეზუგბაია.

ინფექციურ საავადმყოფოში საღამოს კიდევ 7 ტესტი აიღეს.

2 აპრილის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსი 131 ადამიანს აქვს დადასტურებული. ამჟამად კარანტინის რეჟიმში 5 550 ადამიანი იმყოფება, სტაციონარში, მეთვალყურეობის ქვეშ - 281.

კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო 21 მარტიდან საქართველოში გამოცხადებულია ერთთვიანი საგანგებო მდგომარეობა. 31 მარტს, დილის 08:00 საათიდან ქვეყანაში ამოქმედდა ფაქტობრივად, სრული კარანტინის რეჟიმი. 21:00 საათიდან 06:00 საათამდე გადაადგილება იკრძალება.

მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით, ამ ეტაპზე „პლაქვენილის" დეფიციტი არ არის

ცენტრალური ინფექციური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორი მარინა ეზუგბაიამ უპასუხა მედიკამენტ „პლაქვენილი" მარაგის შესახებ შეკითხვას.

„სახელმწიფოს მოწესრიგებული აქვს, როგორც ვიცი. არსებობს შემოტანის საშუალება და ამ ეტაპზე, მე ვიცი, რომ დეფიციტი არ არის. უბრალოდ, მისი ყიდვა შესაძლებელია, გარკვეულ აფთიაქებში. პაციენტებს მიეწოდებათ ინფორმაცია, სად შეიძლება შეიძინონ და ყიდულობენ. ჩვენც, შესაბამისად, ჩვენი პაციენტებისთვის გარკვეული მარაგი გვაქვს“, - ამბობს ეზუგბაია.

სააფთიაქო ქსელ GPC-ის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი თეა ჯავახიშვილი რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ მას შემდეგ, რაც აფთიაქებში, რიგითი მოქალაქეების მხრიდან „პლაქვენილზე" მოთხოვნა გაიზარდა, ჯანდაცვის სამინისტრომ სააფთიაქო ქსელებს პრეპარატის გაცემის წესების გამკაცრება მოსთხოვა.

პროტოკოლის თანახმად, „პლაქვენილი" გამოიყენება COVID-19-ის მხოლოდ ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევების დროს და ისიც მკაცრად ექიმის დანიშნულებით.

ჩეხეთში 44-ს მიაღწია კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობამ

ჩეხეთის ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს 2 აპრილის მონაცემებით, ქვეყნის მასშტაბით ლაბორატორიულად დადგენილია კორონავირუსით დაავადების სულ მცირე 3800-ი შემთხვევა. გარდაცვლილ პაციენტთა რაოდენობა 44-მდე გაიზარდა.

წინა დღით ჩეხეთის მთავრობამ განაცხადა, რომ აუცილებლად მიაჩნია საგანგებო მდგომარეობისა და სავალდებული კარანტინის წესების მოქმედების კიდევ ერთი თვით გახანგრძლივება. 19 მარტს გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის ვადა 11 აპრილამდე იწურება.

ჩეხეთის მთავრობა შიშობს, რომ კორონავირუსის პანდემია ქვეყანაში პიკს მიაღწევს აპრილის შუა რიცხვებში.

საგანგებო მდგომარეობის გახანგრძლივებას ჩეხეთის პარლამენტმა უნდა უყაროს კენჭი. თუ როდის შეიკრიბება საკანობმდებლო ორგანო ამ საკითხზე, ჯერ უცნობია.

ჩეხეთის მთავრობა პარალელურად ცდილობს შეამციროს კორონავირუსის ნეგატიური გავლენა მოსახლეობის ეკონომიკურ მდგომარეობაზე. მთავრობა განიხილავს რამდენიმე ზომას, მათ შორისა თვითდასაქმებულებისა და ინდმეწარმეებისათვის 25 ათასი ჩეხური კრონის (1000 დოლარამდე) ერთჯერადი დახმარება; ხოლო მოქალაქეები, რომლებსაც იპოთეკური და სამომხმარებლო სესხი აქვთ აღებული, შესაძლებლობა მიეცემათ 6 თვით გადაავადონ კრედიტის დაფარვის ვადა.

ECJ: პოლონეთმა, უნგრეთმა და ჩეხეთმა ევროკავშირის კანონები დაარღვიეს მიგრანტების საკითხში

ევროპის მართლმსაჯულების სასამართლომ (ECJ) 2 აპრილს დაადგინა, რომ პოლონეთმა, უნგრეთმა და ჩეხეთის რესპუბლიკამ ევროკავშირის კანონები დაარღვიეს, როცა უარი თქვეს 2015 წელს საბერძნეთიდან და იტალიიდან თავშესაფრის მაძიებლების მიღებაზე მიგრანტების განაწილების სქემის ფარგლებში.

ევროკავშირის მთავარმა სასამართლომ დაადგინა, რომ სამმა ქვეყანამ არ განახორციელა ბლოკის მიერ მიღებული გადაწყვეტილება, რომელიც 160 ათასი თავშესაფრის მაძიებლის განაწილებას ითვალისწინებდა მიგრანტებთან დაკავშირებული კრიზისის პიკის დროს 2015-2016 წლებში.

მიგრანტების განაწილების სქემა 2017 წელს შეწყდა მას მერე, რაც ევროკავშირის წევრ ქვეყნებში 40 ათას მიგრანტზე უფრო ნაკლების განაწილება მოხერხდა.

ვარშავა, ბუდაპეშტი და პრაღა თავიდანვე წინ აღუდგნენ კვოტების სისტემას. მათი თქმით, სირიელი ლტოლვილები მათთვის უსაფრთხოების პრობლემებს გააჩენდა. ევროპის მართლმსაჯულების სასამართლომ უკუაგდო ეს არგუმენტი.

საქართველოში კორონავირუსის დადასტურებულმა შემთხვევებმა 131-ს მიაღწია

ახალი სახეობის კორონავირუსის შემთხვევათა რაოდენობა გაიზარდა. 2 აპრილის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსი 131 ადამიანს აქვს დადასტურებული, - იტყობინება მთავრობის ვებგვერდი stopcov.ge. ამჟამად კარანტინის რეჟიმში 5550 ადამიანი იმყოფება, სტაციონარში, მეთვალყურეობის ქვეშ - 281.

კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო 21 მარტიდან საქართველოში გამოცხადებულია ერთთვიანი საგანგებო მდგომარეობა. 31 მარტს, დილის 08:00 საათიდან ქვეყანაში ამოქმედდა ფაქტობრივად, სრული კარანტინის რეჟიმი. 21:00 საათიდან 06:00 საათამდე გადაადგილება იკრძალება.

მინსკმა აღიარა, რომ COVID-19-ით ოთხი ადამიანი გარდაიცვალა

ალექსანდრ ლუკაშენკა

ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრ ლუკაშენკამ გამჭვირვალე ინფორმაციის მიწოდების პირობა დადო ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით. ჯანდაცვის ორგანოები იტყობინებიან, რომ საერთო ჯამში COVID-19-ით გარდაცვლილია ოთხი ადამიანი.

ჯანდაცვის სამინისტრომ 2 აპრილს გამოაცხადა, რომ ინფიცირებულია 304 ადამიანი და დასძინა, რომ ოთხი ხანდაზმული პაციენტი, რომელიც „სხვადასხვა ქრონიკული დაავადებით“ იყო ავად, გარდაიცვალა.

კორონავირუსის კრიზისისადმი ბელარუსის მიდგომა კრიტიკის საგანი გახდა არასათანადო გამჭვირვალობის გამო. მაგრამ 2 აპრილს ლუკაშენკამ დაბეჯითებით განაცხადა, რომ „ხელისუფლება არაფერს მალავს“.

ლუკაშენკას განცხადებამდე ერთი დღით ადრე მინსკმა უარყო ქვეყანაში კორონავირუსით გარდაცვლილთა არსებობა.

რუმინეთში COVID-19-ით გარდაცვლილთა რიცხვი 100-ს მიუახლოვდა

რუმინეთის სამთავრობო კრიზისული ჯგუფის ცნობით, უკანასკნელი დღე-ღამის განმავლობაში ქვეყანაში ცხრა ადამიანი გარდაიცვალა კორონავირუსით და გარდაცვლილთა საერთო რაოდენობამ 94-ს მიაღწია.

ამავე პერიოდში ინფექცია აღმოაჩნდა 278 ადამიანს. ინფიცირების დადასტურებული შემთხვევების რიცხვი 2738-მდე გაიზარდა.

16 მარტიდან რუმინეთში საგანგებო მდგომარეობა მოქმედებს.

კორონავირუსი არ დაუდასტურდა ინგოროყვას კლინიკის ადმინისტრაციის თანამშრომელს

ინგოროყვას საუნივერსიტეტო კლინიკის ადმინისტრაციის თანამშრომელი, რომელიც ტემპერატურის გამო კორონავირუსის მიმღებ სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს, დაინფიცირებული არ აღმოჩნდა. როგორც რადიო თავისუფლებას კლინიკის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელმა უთხრა, ტესტირება ლუგარის ლაბორატორიაში ჩატარდა.

გამოკვლევის ჩატარების აუცილებლობა, მას შემდეგ დადგა, რაც რამდენიმე დღის წინ კლინიკას დაუკავშირდა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი და მიაწოდა ინფორმაცია, რომ ერთ-ერთ პაციენტს, რომელიც მათ საავადმყოფოში ამბულატორიული მიზეზით რამდენიმე დღით ადრე იმყოფებოდა, დაუდასტურდა კორონავირუსი. ამიტომ ორი ექიმი და ადმინისტრაციის ერთი თანამშრომელი, რომელიც მოგვიანებით კორონავირუსის მიმღებ სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს, თვითიზოლაციაში იყვნენ.

2 აპრილის 17:00-ის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის ლაბორატორიულად დადასტურებული 130 შემთხვევაა, მათ შორის გამოჯანმრთელებულია 26. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5 550 ადამიანი. სტაციონარში, მეთვალყურეობის ქვეშ - 281.

პუტინმა 30 აპრილამდე გააგრძელა არასამუშაო დღეების პერიოდი

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ხუთშაბათს მოსახლეობისადმი სატელევიზიო მიმართვაში არასამუშაო დღეების რეჟიმი 30 აპრილამდე გააგრძელა.

მან განაცხადა, რომ თანამშრომლებს უნდა შეუნარჩუნდეთ ხელფასები იმ პერიოდში, როცა ისინი არ იმუშავებენ.

პუტინმა დამატებითი უფლებამოსილებები მიანიჭა ფედერაციის სუბიექტთა ხელმძღვანელებს, რათა თავად დაადგინონ კონკრეტულად მათი რეგიონისთვის ოპტიმალური პროფილაქტიკური ზომები.

რუსეთში რეგიონების უმრავლესობამ დამოუკიდებლად მიიღო საკარანტინო ზომები. ფედერალური საგანგებო ვითარება არ შემოღებულა. გამოცემა „მედუზის“ წყაროების თანახმად, ეს იმის გამო კეთდება, რომ პუტინს არ სურს ასოცირებული იყოს არაპოპულარულ ზომებთან.

ეს ამ ფორმატში პუტინის მე-13 გამოსვლაა 2000 წლის შემდეგ. უკანასკნელი მისი გამოსვლა 25 მარტს შედგა. მაშინ მან 30 მარტიდან 5 აპრილამდე პერიოდი უქმეებად გამოაცხადა, ილაპარაკა ზოგიერთი გადასახადის გაზრდაზე და მოქალაქეებს შინ დარჩენისკენ მოუწოდა კორონავირუსის გავრცელების შესაკავებლად.

უკანასკნელ დღე-ღამეში რუსეთში აღრიცხულია კორონავირუსით ინფიცირების 771 ახალი შემთხვევა. ინფიცირებულთა საერთო რაოდენობაა 3548, ყველაზე მეტი მოსკოვში - 2475. გარდაცვლილთა რიცხვმა 30-ს მიაღწია.

რუსუდან გოცირიძე: კვირას წირვა რომ გადავიხადო, ხმას არ გამცემს პატრული?

რუსუდან გოცირიძე

საქართველოს ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესიის ეპისკოპოსი რუსუდან გოცირიძე საგანგებო მდგომარეობის პირობებში მართლმადიდებელი ეკლესიისთვის წირვის გამართვის ნებართვის საკითხს ფეისბუკის საკუთარ გვერდზე გამოეხმაურა.

“მე კვირას რომ მივიდე ეკლესიაში და წირვა გადავიხადო... მრევლი რომ მოვიდეს და ერთმანეთისაგან 2 მეტრიან დისტანციაზე დადგეს, დაახლოებით 50 ადამიანი ისე კოხტად მოთავსდება, როგორც დაგიბარებია... ანუ, თუ მე გამოვაცხადებ, რომ ღმერთის ნებაზე უნდა ვიაროო, ხმას არ გამცემს პატრული? .... ესაა ჩვენი საგანგებო მდგომარეობა? ამის გამოა ხალხს რომ მოჩვენებები დაეწყო მარტო სახლში ჯდომით? .... რეებს გვეხუმრება ეს ხალხი?.....

მასხრათ გვიგდებთ ბატონო ხელისუფლება და დიდად პატივცემულო ჯანდაცვა?”, - კითხულობს რუსუდან გოცირიძე.

შინაგან საქმეთა სამინისტროდან რადიო თავისუფლება ელოდება პასუხს იმის შესახებ, შეექმნებათ თუ არა პრობლემა სხვა რელიგიური კონფესიების წარმომადგენლებს იმ შემთხვევაში, თუ ისინიც მოინდომებენ ღვთისმსახურების ჩატარებას, მორწმუნეთა შორის დისტანციის დაცვით.

1 აპრილს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ გამოაქვეყნა მიმართვა. მისი ერთ-ერთი რჩევაა, რომ ადამიანებთან ურთიერთობისას, მათ შორის, ტაძარში და ტაძრის ეზოში ყოფნისას, დაცული იყოს დადგენილი დისტანცია.

ზიარების წესი კი უცვლელი რჩება. საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის სინოდის 20 მარტის სხდომაზე კორონავირუსის (COVID-19) შესახებ მიიღეს განჩინება, რომლის თანახმად, საერთო კოვზით ზიარებაზე უარის თქმა, როგორც ინფექციის გადამტან წყაროზე, ყოვლად მიუღებელია.

სახალხო დამცველი: 2019 წელს ლგბტ+ პირთა უფლებრივი მდგომარეობა არ გაუმჯობესებულა

სახალხო დამცველის საპარლამენტო ანგარიშის თანახმად, რომელიც ადამიანის უფლებების მდგომარეობას ეხება და სადაც 2019 წლის მოვლენებია გაანალიზებული, ნათქვამია, რომ სახელმწიფო ვერ ასრულებს პოზიტიურ ვალდებულებას ლგბტ+ პირთა დაცვისთვის და ძირითადად უმოქმედ რჩება მაშინ, როდესაც უფლებების შეზღუდვის ფაქტები კერძო პირებიდან მომდინარეობს. ომბუდსმენი თვლის, რომ ლგბტ+ თემის წევრებს განსაკუთრებით უჭირთ გამოხატვის თავისუფლების უფლების რეალიზაცია.

ანგარიშში ნათქვამია, რომ ჰომოფობიური და ანტიგენდერული ჯგუფების მომრავლების და გაძლიერების გამო, ლგბტ+ ადამიანები კვლავ განიცდიან ჩაგვრას, ძალადობას და დისკრიმინაციას. ამასთან, საზოგადოების დიდ ნაწილში არსებული ჰომოფობიური და ტრანსფობიური განწყობების გამო, ლგბტ+ პირებისთვის გართულებულია შრომის, ჯანდაცვის, სოციალური დაცვის და განათლების უფლებებით დაუბრკოლებლად სარგებლობა. საქართველოს სახალხო დამცველის მიერ 2019 წელს შესწავლილი საქმეების მიხედვით, ქვეყანაში კვლავ მაღალია გენდერული იდენტობისა და სექსუალური ორიენტაციის ნიშნით ლგბტ+ პირების მიმართ ძალადობის ფაქტები.

სახალხო დამცველი თვლის, რომ 2019 წელს ლგბტ+ თემის წარმომადგენლებისა და მათი მხარდამჭერებისთვის, შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებით სარგებლობაში, რადიკალური ჯგუფების მხრიდან ხელის შეშლის არაერთი შემთხვევა გამოვლინდა. ამ შემთხვევებში თვალსაჩინო იყო სახელმწიფოს განსხვავებული რეაგირება მოძალადე ჯგუფების მიმართ, რომლებიც შეკრების უფლების საფარქვეშ ცდილობდნენ სხვათა უფლებების უხეშად და ძალადობრივად დარღვევას. სახალხო დამცველის შეფასებით, ჰომოფობიური ჯგუფების მხრიდან კონტრაქციების მსგავსი მიზნით გამართვა უფლების ბოროტად გამოყენებაა, ხოლო მათ მიერ ჩადენილი ძალადობრივი ქმედებები დაცული არ არის შეკრების თავისუფლებით.

სახალხო დამცველი: პრეზიდენტმა სიცოცხლის უფლება დაარღვია

სახალხო დამცველის საპარლამენტო ანგარიშის თანახმად, რომელიც ადამიანის უფლებების მდგომარეობას ეხება და სადაც 2019 წლის მოვლენებია გაანალიზებული, პრეზიდენტმა იმ პირების შეწყალებით, რომლებიც სასჯელს განზრახ მკვლელობისთვის იხდიდნენ და მსჯავრის ძირითადი ნაწილი მოუხდელი ჰქონდათ, სიცოცხლის უფლება დაარღვია.

2019 წლის 27 დეკემბერს საქართველოს პრეზიდენტმა 34 პირი შეიწყალა. შეწყალებულ პირთა შორის იყვნენ განზრახ მკვლელობისთვის მსჯავრდებულებიც და მათ მნიშვნელოვან ნაწილს, მსჯავრის ძირითადი ნაწილი მოუხდელი ჰქონდა. სახალხო დამცველი მიიჩნევს რომ საზოგადოების პროტესტი, რომელიც ამ გადაწყვეტილებას მოჰყვა, სამართლიანი იყო.

"საქართველოს სახალხო დამცველმა მოუწოდა პრეზიდენტს, საზოგადოებისთვის მიეწოდებინა დეტალური ინფორმაცია შეწყალების მოტივაციის შესახებ, თუმცა შესაბამისი დასაბუთება ამ დრომდე არ ყოფილა წარმოდგენილი. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად, შეწყალების შესახებ გადაწყვეტილების მიღების პროცესში პრეზიდენტი აბსოლუტური დისკრეციით სარგებლობს, აღსანიშნავია ამ პროცესის მჭიდრო კავშირი ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა ევროპული კონვენციით გარანტირებული სიცოცხლის უფლების პროცედურულ ასპექტთან. ევროპული სასამართლოს განმარტებით, სიცოცხლის უფლება დარღვეულად მიიჩნევა, თუ სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოები არაგონივრულ ლმობიერებას გამოიჩენენ მკვლელობისთვის მსჯავრდებულ პირთა მიმართ, რაც მათ ფაქტობრივ დაუსჯელობაში გამოიხატება. იქიდან გამომდინარე, რომ ზემოხსენებული შეწყალებული პირები საქართველოს პრეზიდენტმა სასჯელის არსებითი ნაწილის მოუხდელად გაათავისუფლა, სახეზეა სიცოცხლის უფლების დარღვევა." - ვკითხულობთ ანგარიშში.

კობახიძე: ენზელ მკოიანს ესროლეს, რაზეც მან უპასუხა, მისი დაკავების საფუძველი არ არსებობს

ირაკლი კობახიძე

საქართველოს პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის, პარტია „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის, ირაკლი კობახიძის თქმით, არ არსებობს დეპუტატ ენზელ მკოიანის დაკავების, მის მიმართ რაიმე ტიპის სისხლის სამართლის საქმის აღძვრის, ან დეპუტატის უფლებამოსილების შეწყვეტის საფუძველი. ირაკლი კობახიძის თანახმად, არსებობს ვიდეოკადრები, რომელშიც ჩანს, რომ ენზელ მკოიანს ცეცხლსასროლი იარაღიდან პირველს არ უსვრია და მისი მხრიდან საპასუხო გასროლა თავდაცვის მიზნით განხორციელდა:

„ამ ვიდეოკადრებში ძალიან კარგად ჩანს, რომ სამველ პეტროსიანი ისვრის ენზელ მკოიანის, სახელმწიფო თანამდებობის პირის, საქარველოს პარლამენტის წევრის მისამართით. და ამაზე პასუხობს ენზელ მკოიანი თავდაცვის მიზნით. ეს არის ის სურათი, რომელიც აშკარად იკვეთება ვიდეოკადრებიდან. დანარჩენი არის გამოძიების საქმე“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე. მისი შეფასებით, არის დანაშაულის ნიშნები, რაც პროკურატურის ჩართულობით სასამართლომ უნდა დაადგინოს.

შეიარაღებული დაპირისპირება "ქართული ოცნების" დეპუტატ ენზელ მკოიანსა და "პატრიოტთა ალიანსის" ადგილობრივი ორგანიზაციის ლიდერ, სამველ პეტროსიანს შორის ახალქალაქში 26 მარტს მოხდა. დაკავებულია 2 პირი, მათ შორის სამველ პეტროსიანი. დაკავებულებს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ.

ირაკლი კობახიძე: მუდმივი კუნსულტაციები გვაქვს ეკლესიის წარმომადგენლებთან

პარტია „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის ირაკლი კობახიძის განცხადებით ხელისუფლება მართლმადიდებელი ეკლესიის სასულიერო პირებთან მუდმივად მართავს კონსულტაციებს.

ეს კომენტარი ირაკლი კობახიძემ გააკეთა პარტია "ქართული ოცნების" ოფისში გამართულ ბრიფინგზე, სადაც მას ჰკითხეს, რას მოიმოქმედებს ხელისუფლება, იმ დროს როცა ე.წ. კომენდანტის საათის პირობებში მრევლი დისტანციის დაცვით, მაგრამ მაინც დაესწრება ხალხმრავალ რელიგიურ ღონისძიებებს.

„ჩვენ გვაქვს მუდმივი კუნსულტაციები ეკლესიის წარმომადგენლებთან, საპატრიარქოს წარმომადგენლებთან და ჩვენ ვართ დარწმუნებული რომ საკითხი გადაწყდება ისე, როგორც ეს შედის ჩვენი ქვეყნის ინტერესებში, ჯანმრთელობის დაცვის ინტერესებში და ასევე ეკლესიის ინტერესებში. ჩვენ გვექნება აბსოლუტურად დაბალენსებული გადაწყვეტა ამ მიმართულებით“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ

მისი განმარტებით ამის საფუძველი იქნება ხელისუფლებისა და ეკლესიის წარმომადგენლოებს შორის კონსულტაციები.

1 აპრილს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ გამოაქვეყნა მიმართვა. მისი ერთ-ერთი რჩევაა, რომ ადამიანებთან ურთიერთობისას, მათ შორის, ტაძარში და ტაძრის ეზოში ყოფნისას, დაცული იყოს დადგენილი დისტანცია.

ზიარების წესი კი უცვლელი რჩება. საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის სინოდის 20 მარტის სხდომაზე კორონავირუსის (COVID-19) შესახებ მიიღეს განჩინება, რომლის თანახმად, საერთო კოვზით ზიარებაზე უარის თქმა, როგორც ინფექციის გადამტან წყაროზე, ყოვლად მიუღებელია.

2 აპრილის 17:30 საათის მდგომარეობით, საქართველოში ლაბორატორიულად დადასტურებულია სულ 130 შემთხვევა. მათგან 2 შემთხვევაში ინფიცირებულნი იყვნენ ავსტრიის მოქალაქეები, რომლებიც სამშობლოში დაბრუნდნენ. უკვე გამოჯანმრთელებულია 26 ადამიანი. შესაბამისად, ამ დროისთვის საქართველოში ლაბორატორიულად დადასტურებული 102 აქტიური შემთხვევაა.

კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო 21 მარტიდან საქართველოში გამოცხადებულია ერთთვიანი საგანგებო მდგომარეობა.

31 მარტის დილის 08:00 საათიდან კი ქვეყანაში ამოქმედდა ფაქტობრივად სრული კარანტინის რეჟიმი. 21:00 საათიდან 06:00 საათამდე გადაადგილება იკრძალება.

დიდ ბრიტანეთში უკანასკნელ დღე-ღამეში COVID-19-ის მსხვერპლი 24%-ით გაიზარდა

დიდ ბრიტანეთში უკანასკნელი ერთი დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა 24 პროცენტით გაიზარდა.

2 აპრილის მონაცემებით 160 ათასზე მეტ ადამიანს ჩაუტარდა ტესტი. მათგან 33718-ს კორონავირუსის ინფექცია აღმოაჩნდა, იტყობინება ჯანდაცვის სამინისტრო.

დღემდე „ჰოსპიტალიზებული პაციენტებიდან 2921 გარდაიცვალა“, ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.

"ოცნების" წევრები კორონავირუსის ფონდში სამი თვის განმავლობაში ხელფასის მესამედს გადარიცხავენ

ირაკლი კობახიძე

"ქართული ოცნების" წარმომადგენლები საქართველოს პარლამენტსა და მთავრობაში მომავალი სამი თვის განმავლობაში კორონავირუსთან ბრძოლის ფონდში კუთვნილი ხელფასის მესამედს გადარიცხავენ, - ამის თაობაზე „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა საქართველოს პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ, პარტია „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ:

„საპარლამენტო უმრავლესობა აერთიანებს 93 დეპუტატს, მთავრობაში არის 12 წევრი, პრემიერ-მინისტრი და 11 მინისტრი, შესაბამისად, მთლიანობაში საუბარია 105 ადამიანზე. ისინი არიან სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირები, თუმცა დარწმუნებულები ვართ, რომ ეს გასცდება ამ ციფრებს და ჩვენი პარტიის სხვა წევრები და მხარდამჭერებიც მიიღებენ აქტიურ მონაწილეობას სოლიდარობის აქციაში“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ირაკლი კობახიძემ გამოხატა რწმენა, რომ სოლიდარობის აქციაში "ქართული ოცნების" ასეულობით წევრი და მხარდამჭერი ჩაერთვება.

ოფიციალური სამთავრობო საიტის, STOPCOV.GE-ის თანახად, ფონდში ამ დროისათვის ჩარიცხულია 21 015 752 ლარი.

რუსთავის საკრებულოს წევრები თვითიზოლაციაში მოექცნენ

რუსთავის საკრებულოს წევრები თვითიზოლაციაში მას შემდეგ აღმოჩნენ, რაც საკრებულოს ერთ-ერთი წევრის დედას, კორონავირუსი COVID -19 დაუდასტურდა. ინფიცირებული ეროვნული ბანკის თანაშრომელია.

საკრებულოს წევრს ინფექციისთვის დამახასიათებელი სიმპტომები აქვს, მისი ანალიზის პასუხებს კი ლუგარის ლაბორატორიიდან ელოდებიან.

რუსთავის საკრებულოს სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ დავით იშხნელმა რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ მას თვითიზოლაციის აუცილებლობის შესახებ ტელეფონით შეატყობინეს.

„ახლა მთელი ოჯახი თვითიზოლაციიაში ვართ. საკრებულოს ბოლო სხდომაზე, რომელიც დახურულ რეჟიმში 27 მარტს ჩატარდა, დადგენილ დისტანციას ვიცავდით. მაშინ საკრებულოს აღნიშნულ წევრს, სიცხე არ აღენიშნებოდა“, - თქვა დავით იშხნელმა.

რუსთავის ცენტრალური საავადმყოფოს მთავარმა ექიმმა პაპუნა ბახტაძემ, რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ საკრებულოს წევრის დედას 1 აპრილს დაუდგინდა ინფექცია.1 დღით ადრე, 31 მარტს, ის რუსთავის ცენტრალურ საავადმყოფოში სასწრაფო დამხრების ბრიგადამ მიიყანა, ქალს მაღალი ტემპერატურა ჰქონდა.

„ეჭვი გაგვიჩნდა კორონავირუსზე. 1 აპრილს 12 საათისთვის ლუგარის ლაბორატორიის თანამშრომლები ჩამოვიდნენ, აუღეს ნაცხი და 4 საათში კორონავირუსი დაუდასტურდა“,-თქვა პაპუნა ბახტაძემ.

მისივე ინფორმაციით, ტემპერატურა აქვს მომატებული ინციფირებული ქალის შვილს და ლაბორატორიიურ დასკვნას ელოდებიან.

როგორც რუსთავის საკრებულოს წევრმა „ნაციონალური მოძრაობიდან“ ნანა შატბერაშვილმა უთხრა რადიო თავისუფლებას მას საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის ადგილობრივი სამსახურიდან შეატყობინეს, რომ კოლეგის ანალიზის პასუხს, დღეს საღამოს ელოდებიან. მანამდე კი საკრებულოს თვითიზოლაციაში უნდა დარჩნენ.

საქართველოს ეროვნული ბანკის თანახმად, ჩატარებული კვლევების შედეგად ახალი კორონავირუსი მის 7 თანამშრომელს დაუდასტურდა.

2 აპრილის 17:00 საათის მდგომარეობით, საქართველოში ლაბორატორიულად დადასტურებულია სულ 130 შემთხვევა. მათგან 2 შემთხვევაში ინფიცირებულნი იყვნენ ავსტრიის მოქალაქეები, რომლებიც სამშობლოში დაბრუნდნენ. უკვე გამოჯანმრთელებულია 26 ადამიანი. შესაბამისად, ამ დროისთვის საქართველოში ლაბორატორიულად დადასტურებული 102 აქტიური შემთხვევაა.

ჩამოტვირთე მეტი

XS
SM
MD
LG