Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დონალდ ტრამპს საკუთარი ახალი ამბების მაუწყებლობის შექმნა სურს


დონალდ ტრამპი
დონალდ ტრამპი

აშშ-ის პრეზიდენტი გამოვიდა წინადადებით, რომ თეთრმა სახლმა თავად დაიწყოს ახალი ამბების მაუწყებლობა, რათა წინ აღუდგეს, ტრამპის სიტყვებით, მეინსტრიმული მედიის „სიძულვილს“ აშშ-ის მიმართ.

„მართლა ისე ჩანს, რომ მხოლოდ „სიენენი“ ავრცელებს ინფორმაციას, რაც საშინელებაა ჩვენი ქვეყნისათვის. ამიტომ ჩვენ უნდა დავიწყოთ საკუთარი მაუწყებლობა და გავავრცელოთ ნამდვილი ამბები“, - განაცხადა ტრამპმა 3 ოქტომბერს ფლორიდაში შეხვედრის დროს.

„ჩვენი დაკვირვებით... რაღაც უნდა მოვიმოქმედოთ. მოვიყვანოთ რამდენიმე მართლა ნიჭიერი ადამიანი და მათი საშუალებით გავავრცელოთ სიმართლე, ნაცვლად იმ ტყუილისა, რაც ისმის“, - დაამატა ტრამპმა.

დონალდ ტრამპი მკაცრად აკრიტიკებს „სიენენს“ და სხვა წამყვან მედიასაშუალებებს, მათ შორის, „ნიუ იორკ ტაიმსს“ - თავის უკრაინელ კოლეგასთან, ვოლოდიმირ ზელენსკისთან, 25 ივლისის სატელეფონო საუბრის გარშემო ატეხილი სკანდალის გამო.

სატელეფონო საუბარში დონალდ ტრამპი სავარაუდო ზეწოლას ახდენდა ზელენსკიზე, რათა დაწყებულიყო გამოძიება ყოფილი ვიცე-პრეზიდენტის, ჯო ბაიდენისა და მისი შვილის, ჰანტერ ბაიდენის, წინააღმდეგ.

უცნობია, თუ რამდენად სეროზულია დონალდ ტრამპის კომენტარი ახალი ამბების მაუწყებლობის შესახებ, მაგრამ მან ამ კონტექსტში მოიხსენია რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლება და „ამერიკის ხმა“, აშშ-ის მთავრობის მიერ დაფინანსებული ორი სამაუწყებლო კომპანია.

„ჩვენ ადრე გვქონდა თავისუფალი რადიო, რადიო თავისუფალი ევროპა და „ამერიკის ხმა“... ამით ჩვენ ქვეყნის გაძლიერება გვინდოდა, მაგრამ ეს ვერ მუშაობს საკმარისად კარგად“, - განაცხადა ტრამპმა.

რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლების პრეზიდენტმა, ჯეიმი ფლაიმ, ტრამპის კომენტარის საპასუხოდ განაცხადა, რომ 1950 წელს დაარსებული მაუწყებელი ყოველდღიურად აწვდის „ობიექტურ ჟურნალისტიკას“ მათ, ვინც „მოკლებულია ახალი ამბების და ინფორმაციის მიღების შესაძლებლობას სხვა საიმედო წყაროებისგან“.

„ჩვენი ძალისხმევა, წინ აღვუდგეთ დეზინფორმაციას ციფრული პლატფორმებით, რადიოთი თუ ტელევიზიით და ხელი შევუწყოთ კარგად ინფორმირებული სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბებას, დარწმუნებული ვართ, როგორც არასდროს, ისე მნიშვნელოვანია დღეს, სიმართლეზე მზარდი თავდასხმების ეპოქაში“, - აღნიშნა ჯეიმი ფლაიმ.

„ამერიკის ხმის“ თეთრი სახლის ბიუროს ხელმძღვანელმა, სტივ ჰერმანმა საკუთარი მოსაზრება უმალვე გაავრცელა ტვიტერით. ჟურნალისტი აცხადებს, რომ რადიოს საქმიანობა საქმით ჩანს, რაც „კარგად უნდა მოეხსენებოდეს“ დონალდ ტრამპს, რომელმაც, სტივ ჰერმანის თანახმად, 2017 წლის იანვრიდან პრეზიდენტად არჩევის შემდეგ, ორჯერ მისცა ტელეკამერის წინ ინტერვიუ „ამერიკის ხმას“.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG