Accessibility links

"სუფთა და უსაფრთხო წყალი" - ლაგოდეხში აქცია გაიმართა


"წყლის მრიცხველების გაუქმება" და "სუფთა და უსაფრთხო წყალი", - ამ მოთხოვნებით დღეს ლაგოდეხის ცენტრში საპროტესტო აქცია გაიმართა.

აქციის მონაწილეების განცხადებით, „მიუხედავად იმისა, რომ ქალაქის წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციაზე 14 მილიონ ლარამდე დაიხარჯა, მოსახლეობას კვლავ დაბინძურებული სასმელი წყალი მიეწოდება, ზოგჯერ კი ონკანებს თაგვები და წურბელები მოჰყვება“.

აქციაზე ითქვა, რომ „ამ ფონზე წყალმომარაგების კომპანიამ მრიცხველები დაამონტაჟა და მოსახლეობას დაბინძურებულ წყალში ფული უნდა გადაახდევინონ“.

ადგილობრივების მოთხოვნაა, საერთოდ გაუქმდეს მრიცხველები და გადასახადი კვლავ სულადობის მიხედვით დაწესდეს, რადგან წყალმომარაგების კომპანია მოსახლეობას მთის მდინარეების წყალს, ყოველგვარი დამუშავების გარეშე აწვდის. ასევე მოთხოვნაა წყალის ხარისხის გაუმჯობესება.

პროტესტის მონაწილეების თქმით, ლაგოდეხში აქცია მას შემდეგ დაიგეგმა, რაც ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვედრა შესთავაზეს და მათგან უარი მიიღეს.

ოფიციალური ინფორმაციით, გასული 5 წლის განმავლობაში წყლის სისტემის სრულ რეაბილიტაციაზე თითქმის 14 მილიონი ლარი დაიხარჯა.

ხელისუფლებიდან აქციის მონაწილეებს არავინ გამოხმაურებია.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG