Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბერნი სანდერსის შტაბმა განაცხადა, რომ მას ინფარქტი დაემართა


ბერნი სანდერსი
ბერნი სანდერსი

ვერმონტის შტატის დამოუკიდებელი სენატორის, ბერნი სანდერსის შტაბმა განაცხადა, რომ მას ინფარქტი დაემართა. აშშ-ის პრეზიდენტობის 78 წლის კანდიდატი საავადმყოფოში დააწვინეს ლას-ვეგასში, სადაც დაგეგმილი ჰქონდა შეხვედრა თავის წინასაარჩევნო კამპანიის პოტენციურ სპონსორებთან. საავადმყოფოდან გამოსვლამდე მისი გუნდი ამტკიცებდა, რომ ის არტერიის დახშობის გამო მოათავსეს საავადმყოფოში.

აშშ-ის საპრეზიდენტო კანდიდატთა შორის სანდერსი ყველაზე ხანდაზმულია. პოლიტიკოსის ასაკის მიუხედავად, მის ოპონენტებს დებატებში ჯერ არ დაუსვამთ მისი ჯანმრთელობის საკითხი. მაგრამ, როგორც New York Times-ი აღნიშნავს, კანდიდატების ასაკი აშფოთებს ახალგაზრდა ამომრჩევლებს.

დემოკრატიული პარტიიდან ორი წამყვანი კანდიდატი - ჯო ბაიდენი და ელიზაბეთ უორენი - 76 და 70 წლის არიან. მოქმედი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი 73 წლისა. როცა ამ თანამდებობაზე აირჩიეს, ის ყველაზე ასაკოვანი პრეზიდენტი იყო ამერიკის ისტორიაში.

სანდერსმა ტვიტერში დაწერა, რომ თავს კარგად გრძნობს და მალე დაუბრუნდება სამუშაოს.

აშშ-ში საპრეზიდენტო არჩევნები 2020 წლის ნოემბერში გაიმართება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG