Accessibility links

საფრანგეთის სამართალდამცავთა თქმით, პარიზში პოლიციელებზე თავდასხმა ტერაქტად კვალიფიცირდება


საფრანგეთის სამართალდამცავი ორგანოები პარიზში პოლიციელებზე თავდასხმას იძიებენ, როგორც ტერორისტულ აქტს. ხუთშაბათს ქალაქის პრეფექტურის 45 წლის თანამშრომელმა მიკაელ ჰარპონმა პოლიციის ოთხი თანამშრომელი მოკლა უწყების შტაბბინაში.

ბოროტმოქმედება კვალიფიცირებულია, როგორც ხელისუფლების წარმომადგენლის მკვლელობა ტერორისტული აქტისა და ტერორისტული დანაშაულებრივი შეთქმულების შედეგად, იტყობინება საფრანგეთის მედია პროკურატურაზე დაყრდნობით.

მედიის თანახმად, თავდასხმამდე ცოტა ხნით ადრე ჰარპონმა იყიდა კერამიკული დანა და ამის შესახებ სმს-ის მეშვეობით შეატყობინა თავის ცოლს, რომელმაც უპასუხა: „შენი მსაჯული მხოლოდ უფალია. დიდია ალაჰი“. Le Figaro წერს, რომ ასეთი იარაღი ადრე გამოიყენებოდა ტერორისტების მიერ, ვინაიდან მისი შეუმჩნევლად გატანა შეიძლება შემოწმების პუნქტში.

ჰარპონი ასევე ტელეფონით დაუკავშირდა მოძღვარს მეჩეთში, რომელიც შინაგანი უსაფრთხოების გენერალური სამმართველოს ყურადღების ცენტრში იყო მოქცეული.

გამოძიება არ გამორიცხავს, რომ ჰარპონი შეიძლება კავშირში იყოს ტერორისტულ ორგანიზაციასთან, მაგრამ, როგორც იტყობინებიან, მისი ქცევა თითქოს არ მიანიშნებდა რადიკალურ ისლამთან კავშირზე. მისი ბინის ჩხრეკისას არ უპოვიათ რაიმე მაკომპრომეტირებელი მასალა. კოლეგები ჰარპონს მშვიდ და თავშეკავებულ ადამიანად ახასიათებენ.

Le Parisien-ი ანონიმ წყაროზე დაყრდნობით იტყობინება, რომ ჰარპონი კომპიუტერული სისტემისთვის იყო პასუხისმგებელი პოლიციის სამმართველოში, რომელიც ტერორიზმთან ბრძოლაზეა სპეციალიზებული. მას წვდომა ჰქონდა განსაკუთრებით მგრძნობიარე, მათ შორის, რადიკალურ ისლამთან დაკავშირებულ ინფორმაციაზე.

პოლიციელებზე თავდასხმა ხუთშაბათს განხორციელდა პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის მახლობლად. როგორც იტყობინებიან, პოლიციის უწყების თანამშრომელი დანით დაესხა თავს კოლეგებს და ოთხი მოკლა და ერთი დაჭრა. თავდამსხმელს ესროლეს და ადგილზე მოკლეს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG