Accessibility links

„ჯიშკარიანის მეგობარმა მითხრა - გავლენიანია, ვერაფერს გავხდები და იქნებ მოვრიგებულიყავით“


თამთა თოდაძის დედა გამოკითხვიდან გამოვიდა და ისაუბრა შეხვედრაზე, როდესაც „ქართული ოცნების" დეპუტატის, ილია ჯიშკარიანის მეგობარი შეხვდა და მასთან მორიგება შესთავაზა.

შეგახსენებთ, რომ თამთა თოდაძე ჯიშკარიანის თანაშემწე იყო და მას სექსუალურ და ფიზიკურ ძალადობაში ადანაშაულებს.

„მოვიდა ჩემი მეზობელი, ილია ჯიშკარიანის მეგობარი. თვითონ ილია ჯიშკარიანიც მეზობელია. გზის იქით ის ცხოვრობს და გზის მეორე მხარეს ჩვენ. ასეთი ამბავი გავიგე, მართალიაო?! დავუდასტურე. მან თქვა, რომ ჯერ არ მინახავს ილიაო, მაგრამ მე მივხვდი, ისეთი შეკითხვა დამისვა, რომ ნანახი ჰყავდა. თქვა, რომ ის ამბობს, თვითონ დაამტვრია პრინტერიო. მე ვუთხარი, გამორიცხულია მსგავსი ფაქტის მოგონება-მეთქი. 2 შვილი გყავს, გოგონა და თქვენს შვილს რომ ასეთი რამე გაუკეთონ, როგორ მოგეწონება-მეთქი და ხელები ამიწევიაო“, - ამბობს ხათუნა ოქროპირიძე.

მისი თქმით, მეზობელი დილით ისევ მივიდა მასთან, თუმცა კონკრეტულ გარიგებაზე არ უსაუბრია

„მხოლოდ ასე მითხრა, რომ გავლენიანია, მაგასთან ვერაფერს ვერ გავხდები და იქნებ მოვრიგებულიყავით, მაგრამ კონკრეტულად რაზე, არ ყოფილა ლაპარაკი. მორიგება ნიშნავს გაჩუმებას. მაინც ვერაფერს გახდებით და იქნებ დაგელაპარაკათო. ეს იყო მისი სათქმელი“, - განაცხადა ხათუნა ოქროპირიძემ.

თოდაძის დედა აღნიშნავს, რომ ოქროპირიძე ბრალს არ აღიარებს და ამბობს, რომ თამთა დაწინაურებას ითხოვდა.

„როგორ უნდა მოეთხოვა ბავშვს დაწინაურება, როცა დეპუტატი ის იყო და დეპუტატი ხომ ვერ გახდებოდა?!“, - განაცხადა საკრებულოს თანამშრომლის თამთა თოდაძის დედამ.

გამოძიება სამი მუხლით მიმდინარეობს:

· სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლი (რაც გულისხმობს ძალადობას);

· 138-ე მუხლი (რაც გულისხმობს სექსუალური ხასიათის სხვაგვარ ქმედებას);

· 187-ე მუხლი (რაც გულისხმობს ნივთის დაზიანებას).

შსს-ს ინფორმაციით, მიმდინარეობს ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებები.

შეგახსენებთ, რომ გუშინ დაიკითხა დეპუტატი ილია ჯიშკარიანი. თუმცა საჯარო კომენტარს ის არ აკეთებს. თამთა თოდაძის განცხადებით კი, ფაქტი 30 სექტემბერს მოხდა, მისი თქმით, ნასვამ მდგომარეობაში მყოფი დეპუტატი მასთან სექსუალური კავშირის დამყარებას შეეცადა, შემდეგ კი ფიზიკურად გაუსწორდა.

თავად ილია ჯიშკარიანი ამ დრომდე კლინიკა "ნიუ ჰოსპიტალსში" რჩება და მკურნალობას აგრძელებს. იგი გუშინ გამთენიისას სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურმა შეიყვანა.თუმცა მეტი დეტალი პაციენტის სურვილიდან გამომდინარე არ საჯაროვდება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG