Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსთავში ნაპოვნი მამაკაცის გვამი ამოცნობილია, მას მრავლობითი ჭრილობა აქვს მიყენებული


რუსთავში მდინარის მიერ 5 ოქტომბერს გამორიყული მამაკაცის გვამი აღმოჩნდა 30 წლის დავით მუმლაძე, რომლის მეგობარს გიორგი გეთაშვილს მოწმის სახით 20 საათის განმავლობაში ჰკითხავენ ქვემო ქართლის სამხარეო პოლიციის სამმართველოში.

სამმართველოსთან შეკრებილი ნათესავები შიშობენ, რომ გეთაშვილზე ზეწოლა ხდება მკვლელობის აღიარების მოთხოვნით.

მოწმის მეუღლემ, ლელა გეთაშვილმა, რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ მეუღლე გლდანი ნაძალადევის პოლიციის სამმართველოში დაიბარეს და რუსთავში წაიყვანეს ცხედრის ამოსაცნობად, მაგრამ ახლა სად ჰყავთ, არ იცის.

"20 საათია, მასთან გასაუბრებას ვერ ვახერხებთ, კონტაქტზე არავინ გამოდის", - თქვა ლელა გეთაშვილმა.

ოჯახის ადვოკატმა ალექსანდრე კობაიძემ რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ სამართალდამცველები მოწმესთან გასაუბრების საშუალებას არ აძლევენ.

"ისიც არ ვიცი, ვინ აწარმოებს გამოკითხვას, ამის გარკვევას ვცდილობ", - თქვა ადვოკატმა.

დავით მუმლაძე, რომელიც თბილისში ცხოვრობდა, დღეს დილით გადაასვენეს მშობლების ოჯახში, ხაშურში.

მისი ცხედარი 5 ოქტომბერს აღმოაჩინეს მდინარე მტკვარზე, რუსთავის მარჯვენა და მარცხენა სანაპიროს დამაკავშირებელ ხიდთან. მას ცივი იარაღით მრავლობითი ჭრილობა აქვს მიყენებული, რაც სიკვდილის მიზეზი გახდა. ეს დაადგინა სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ქვემო ქართლის ბიურომ.

თუმცა ამ დრომდე სისხლის სამართლის საქმე სს-ის კოდექსის 115 მუხლით არის აღძრული, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG