Accessibility links

მოსამართლეობის კანდიდატი 32-წლიანი სტაჟით აცხადებს, რომ მოსამართლეზე ზეწოლის ერთადერთი ფაქტი ახსენდება


მაია ვაჩაძე, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატი

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატი მაია ვაჩაძე ამბობს, რომ მოსამართლეზე ზეწოლის ერთადერთი ფაქტი ახსენდება.

მაია ვაჩაძე - რომელიც 32 წელია სასამართლო სისტემაში მოღვაწეობს, ხოლო ბოლო 20 წელი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეა - პარლამენტში დეპუტატების კითხვებს პასუხობს.

"ქართული ოცნების" წევრის, ნინო გოგუაძის კითხვაზე, რას გააკეთებს, თუკი მისთვის ცნობილი გახდება მოსამართლის საქმიანობაში ჩარევის მცდელობის შესახებ, მაია ვაჩაძე პასუხობს, რომ თავის მოსაზრებას დააფიქსირებს.

მაია ვაჩაძე: მე ვარ ამ სისტემის ნაწილი - კარგი ვარ თუ ცუდი. მე ეს მოსაზრება პირველ რიგში სისტემის შიგნით უნდა დავაფიქსირო. ხელმძღვანელები ვინც არიან, მათთან - ხომ არიან უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე, იუსტიციის საბჭო...

ნინო გოგუაძე: გსმენიათ თუ არა, მოსამართლის მიმართ მასზე გავლენის მოხდენის მცდელობა ყოფილიყო?

მაია ვაჩაძე: ერთადერთი რაც მახსოვს, რომ მოსამართლემ დააფიქსირა პოზიცია, რომ მასზე ზეწოლას ჰქონდა ადგილი, ბატონი დავით სულაქველიძე იყო.

სხვა ფაქტები არ გახსენდებათ?

ყოველი კონკრეტული მოსამართლე ცდილობს, რომ ეს თვითონ დაიტოვოს. მე ასე ვთვლი.

ესე იგი, მოსამართლე ცდილობს, ეს მიჩქმალოს?

არა. თავის თავში დამალოს.

ეს სწორად მიგაჩნიათ?

არა. სწორად არ მიმაჩნია, მაგრამ ჩემთვის რომ ამის შესახებ ეცნობებინათ, მეცოდინებოდა. ამის შესახებ რომ სისტემაში გაეცხადებინათ, მეცოდინებოდა. ერთადერთი ეს ფაქტი მახსენდება, რომელიც საჯაროდაც და სისტემაშიც გაცხადდა. ისე, რომ ვინმეს ეს შიგნით დაეფიქსირებინოს, ჩემთან, რომ მასზე ზეწოლას ჰქონდა ადგილი, ასეთ ფაქტი არ მახსენდება.

მაია ვაჩაძის შესახებ

57 წლის მაია ვაჩაძე უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლეობის კანდიდატია. მან 1984 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი. ამჟამად არის თსუ-ის იურიდიული ფაკულტეტის დოქტორანტი საჯარო სამართლის მიმართულებით. მაია ვაჩაძე 2003-დან 2018 წლის ჩათვლით სხვადასხვა უნივერსიტეტში ასწავლიდა.

მაია ვაჩაძე იყო „რუსთავი 2“-ის მფლობელთან დაკავშირებული რამდენიმეწლიანი სასამართლო დავის ერთ-ერთი მოსამართლე უზენაეს სასამართლოში.

მას 20 ივლისს გაუვიდა მოსამართლის ვადა უზენაეს სასამართლოში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG