Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საერთაშორისო გამჭვირვალობა: 20 ივნისის საქმის გამოძიება შერჩევითი მიდგომის ნიშნებს ატარებს


არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ მიიჩნევს, რომ სახელმწიფოს ქმედებები 20 ივნისის საქმის გამოძიების ფარგლებში კვლავ შერჩევითია. ორგანიზაციის შეფასებით, სახელმწიფოს მხრიდან ამ დრომდე გადადგმული ნაბიჯები არ აჩვენებს საქმის ყოველმხრივი და სამართლიანი გამოძიების სურვილს.

„უფრო მეტიც, საგამოძიებო მოქმედებები გაცილებით ინტენსიურია დემონსტრანტების წინააღმდეგ დაწყებული გამოძიების ფარგლებში, რაც შერჩევითი მიდგომის ნიშნებს ატარებს. სახელმწიფოს მხრიდან გადადგმული ნაბიჯები ასევე არ პასუხობს საზოგადოებაში არსებულ განწყობებს“, - აღნიშნულია „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ დასკვნაში.

„მიმდინარე მოვლენების ანალიზი გვაფიქრებინებს, რომ სახელმწიფოს მხრიდან დღემდე გადადგმული ნაბიჯები, სისტემური ხარვეზების აღმოფხვრის ნაცვლად, დემონსტრანტების სამაგალითოდ დასჯის სურვილსა და სახელმწიფოს მხრიდან შერჩევით მიდგომაზე უფრო მიუთითებს. სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან 20 ივნისის აქციის არაპროპორციული ძალის გამოყენებით დაშლა, ამ პროცესში ადამიანის უფლებების მძიმე დარღვევები და პოლიციელების მხრიდან გამოვლენილი კანონდარღვევები, სხვა პრობლემებთან ერთად, მწვავე სისტემურ ხარვეზებს ააშკარავებს, აღნიშნული კი სახელმწიფოსგან სწრაფ და სამართლიან რეაგირებას მოითხოვს. სამართლიანი რეაგირების არარსებობის გამო ღრმავდება საზოგადოების უნდობლობა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართ და კიდევ უფრო მყარდება მისი პოლიტიკური გავლენების ქვეშ ყოფნის ეჭვები“, - აღნიშნულია შეფასებაში.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ მიიჩნევს, რომ საზოგადოების თვალში შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართ ნდობის მოპოვების მიზნით, მნიშვნელოვანია, გამოვლინდეს და პასუხისგებაში მიეცეს სამართალდამცავი უწყებების ყველა ის თანამშრომელი, რომელმაც დანაშაული ჩაიდინა.

ორგანიზაცია მოუწოდებს საგამოძიებო ორგანოებს, დიდი პასუხისმგებლობით მოეკიდონ გამოძიებას, მაქსიმალური გამჭვირვალობითა და თანასწორობაზე დაფუძნებული მიდგომით აწარმოონ და დაასრულონ იგი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG