Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„კოალიცია თანასწორობისთვის“ პროკურატურას თამთა თოდაძის საქმეზე რეაგირებისკენ მოუწოდებს


თამთა თოდაძე
თამთა თოდაძე

„კოალიცია თანასწორობისთვის“ სოლიდარობას უცხადებს თამთა თოდაძეს და პროკურატურას მის მიმართ სექსუალური და ფიზიკური ძალადობის შემაშფოთებელი შემთხვევის დროული და ეფექტიანი გამოძიებისკენ მოუწოდებს. სავარაუდო ბრალდებული პირის თანამდებობრივი სტატუსის გათვალისწინებით, კოალიცია ასევე მოუწოდებს ხელისუფლების წარმომადგენლებს, შეინარჩუნონ ობიექტურობა ამ საქმეზე საჯარო პოზიციონირების დროს და საკუთარი განცხადებებით ხელი არ შეუწყონ ქალთა მიმართ ძალადობის შეწყნარებასა და ლეგიტიმაციას.

„პატრიარქალურ საზოგადოებაში ქალის მიმართ ჩადენილი ძალადობის შესახებ საუბარს ყოველთვის თან სდევს სტიგმა. მსგავსი ძალადობის შემთხვევებზე პატრიარქალური ლოგიკა ისევ ქალს აკისრებს პასუხისმგებლობას და მის დადანაშაულებას ცდილობს. თამთა თოდაძის მხრიდან, მასზე ძალადობის ფაქტზე საჯაროდ ლაპარაკი, არსებითად მნიშვნელოვანია ქალთა მიმართ ძალადობის პრაქტიკების გამოვლენის, კრიტიკისა და მსხვერპლების მხარდაჭერისთვის. მსხვერპლი ქალის, ისედაც მოწყვლადი, მდგომარეობა კიდევ უფრო მძიმდება მაშინ, როცა პოლიტიკური ნების არარსებობის გამო, სახელმწიფო უმოქმედობას და გულგრილობას იჩენს.

ასეთ ვითარებაში, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საქმეზე ეფექტიანი, სწრაფი და ობიექტური გამოძიების ჩატარება. გამოძიება არ უნდა ტოვებდეს მიკერძოებულობის აღქმას საზოგადოებაში. თამთა თოდაძის საქმის კონტექსტის გათვალისწინებით, კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, სავარაუდო ბრალდებულ ჩინოვნიკს მართლმსაჯულების სისტემამ სათანადო პასუხისმგებლობა დააკისროს და არ შეიწყნაროს ძალადობა“, - აღნიშნულია განცხადებაში, რომლის თანახმად, მნიშვნელოვანია, მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირებმა განცხადებებით დაგმონ ქალის მიმართ ჩადენილი ძალადობა ისე, რომ სავარაუდო ძალადობის ჩამდენი პირის მხარდაჭერისა და გამოძიების პროცესზე ზემოქმედების მცდელობის განცდა არ დატოვონ.

ამ მხრივ კოალიცია გამოყოფს თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებას, რომ მისთვის წარმოუდგენელია,ილია ჯიშკარიანს ძალადობა ჩაედინა. განცხადებაში ხაზგასმულია, ასევე, მერიის წარმომადგენლების და მმართველ პარტიასთან დაკავშირებული პირების საჯარო განცხადებები, რომლებშიც ისინი მომხდარში ძალადობის მსხვერპლს ადანაშაულებენ და შეურაცხყოფას აყენებენ მას.

თამთა თოდაძის მხარდამჭერ განცხადებას ხელს „კოალიცია თანასწორობისთვის“ წევრი 10 ორგანიზაცია აწერს.

თბილისის საკრებულოს დეპუტატს ილია ჯიშკარიანს მისი თანაშემწე თამთა თოდაძე სექსუალურ და ფიზიკურ ძალადობაში ადანაშაულებს. თამთა თოდაძე დაზარალებულად ცნობას ითხოვს. შს სამინისტროს თანახმად, გამოძიება სამი მუხლით მიმდინარეობს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG