Accessibility links

გიორგი გახარია: რუსეთიდან ფრენების სუბსიდირებას არ განვიხილავთ


საქართველოს პრემიერ-მინისტრი ტურიზმის სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა. გიორგი გახარიას თქმით, სექტორული შეხვედრები ტურიზმის სფეროს წარმომადგენლებით დაიწყო, რასაც სამი მიზეზი აქვს - ეკონომიკის განვითარებაში ტურიზმის წილი ყოველწლიურად იზრდება, რუსეთიდან ავიარეისების შეჩერების გამო, ეს სფერო სერიოზული გამოწვევების წინაშე დადგა და მესამე - სტრატეგიული განვითარების მიმართულებებზე სასაუბროდ.

„ფრენების სუბსიდირებას რუსეთიდან, რა თქმა უნდა, არ განვიხილავთ. სუბსიდირების ფორმები უნდა იყოს კომერციულად უფრო საინტერესო ქვეყნისთვის და მისაღები ტურიზმის განვითარებისთვის“, - თქვა გიორგი გახარიამ შეხვედრის დასრულების შემდეგ.

პრემიერ-მინისტრის ინფორმაციით, ტურიზმის სფექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრები გაგრძელდება. „2 წლის გასვლის შემდეგ, რაც მე ამ ხალხთან მჭიდრო კომუნიკაცია მქონდა, როგორც ეკონომიკის მინისტრს, არის საკითხები, რომლებიც გადაწყვეტილია და საკმაოდ კარგი პროგრესი აქვთ, არის სისტემური საკითხები, რომლებსაც ცოტა სხვანაირი მიდგომა სჭირდება და ამაზე ჩვენ ერთად ვიმუშავებთ. გარწმუნებთ, რომ შედეგები მალე გვექნება", - განაცხადა გახარიამ.

პრეზიდენტ პუტინის გადაწყვეტილებით, რუსეთმა საქართველოსთან ავიამიმოსვლა 8 ივლისიდან შეწყვიტა, რასაც წინ უძღოდა რუსული ოკუპაციის საწინააღმდეგო აქციები. საპროტესტო გამოსვლები 20 ივნისს დაიწყო მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ საქართველოს პარლამენტში, მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის სხდომა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლიდან მიჰყავდა რუსეთის დუმის კომუნისტ დეპუტატს, სერგეი გავრილოვს.

რუსეთმა ავიამომოსვლის შეწყვეტის საბაბად ის დაასახელა, რომ საქართველოში რუსეთის მოქალაქეთა უსაფრთხოება დაცული არ არის.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG