Accessibility links

სალომე სამადაშვილი: ბატონო შალვა [თადუმაძე], თქვენ ხართ თაღლითი


ოპოზიციონერი დეპუტატი სალომე სამადაშვილი შალვა თადუმაძეს თაღლითს უწოდებს მისი დიპლომის გარშემო დისკუსიისას.

შალვა თადუმაძე - საქართველოს გენერალური პროკურორი და უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატი - პარლამენტში დეპუტატების კითხვებს პასუხობს.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, სალომე სამადაშვილი დაინტერესდა შალვა თადუმაძის დიპლომის საკითხით. სამადაშვილმა ირონიულად თქვა, ძალიან მაღალი რეპუტაციის დუმბაძის სახელობის ინსტიტუტზე არაა საუბარი, საუბარია ჰიპოთეტურ შემთხვევაზეო და თადუმაძეს ჰკითხა:

„როდესაც იმისთვის, რომ ადამიანს აეღო დიპლომი, რომელმაც 'ისწავლა' ოთხი წელიწადი, ჩაუწერეს, რომ ისწავლა 5 წელი. ეს თაღლითობა არის თუ არა?“

შალვა თადუმაძე: არ არის.

სალომე სამადაშვილი: თქვენ თქვით, რომ იმისთვის, რომ მიგეღოთ დიპლომი ექსტერნად, თუ რა ჰქვია, არ ვიცი. მე წესიერად ვისწავლე, ყველა ჩემი დიპლომი ნამდვილია. მე მაგალითად დამთავრებული მაქვს ამერიკაში და ევროპაში რამდენიმე უნივერსიტეტი. ყველას ჰქონდა განსაზღვრული წლები, რამდენი ხანი უნდა მესწავლა და არავინ დაუშვებდა გამონაკლისს, რომ ორწლიანი მაგისტრი მე ერთ წელიწადში დამეხურა.

შალვა თადუმაძე: კანონი არის 1997 წლის.

სალომე სამადაშვილი: ანუ 90-იანი წლების საქართველოში კანონმდებლობის მანიპულაციას, იმისთვის, რომ თქვენ აგეღოთ დიპლომი, თქვენ არ თვლით თაღლითობად?

შალვა თადუმაძე: აღნიშნული დიპლომი გაცემულია კანონმდებლობის სრული დაცვით.

სალომე სამადაშვილი: 90-იანი წლების საქართველოზეა საუბარი.

შალვა თადუმაძე: 90-იან წლებშიც არსებობდა კანონმდებლობა.

სალომე სამადაშვილი: და 90-იანი წლების მოსამართლეებზე რას ფიქრობთ? 90-იან წლებში საქართველოში კანონი იწერებოდა საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე და მოსამართლე შესაბამის გადაწყვეტილებას იღებდა?

შალვა თადუმაძე: არ ვიცი, მე თუ უნდა ვაგო პასუხი...

სალომე სამადაშვილი: ბატონო შალვა, თქვენ ხართ თაღლითი.

ამის შემდეგ, სალომე სამადაშვილს მიკროფონი გამოურთეს და კორექტულობისკენ მოუწოდეს.

სახალხო დამცველისა და „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ მიერ გამოქვეყნებული ორი დამოუკიდებელი ანგარიშით, თადუმაძის დიპლომთან დაკავშირებით შეუსაბამობა დგინდება და ის შესაძლოა ვერ აკმაყოფილებდეს კანონის მოთხოვნას უმაღლესი განათლების შესახებ.

წაიკითხეთ: გენერალურ პროკურორს და უზენაესის მოსამართლეობის კანდიდატს, შესაძლოა, ყალბი დიპლომი ჰქონდეს

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG