Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნიკა მელია თბილისის საქალაქო სასამართლოში „შმაქსით" მივიდა


ნიკა მელია
ნიკა მელია

„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი ნიკა მელია თბილისის საქალაქო სასამართლოში დანიშნულ სხდომაზე „გირჩის“ მიერ დაფუძნებული კომპანია „შმაქსის“ ავტომობილით მივიდა. მან სასამართლო პროცესის დაწყებამდე მედიასთან განმარტა, რომ ამით ათასობით უსამსახუროდ დარჩენილი ადამიანის მიმართ სოლიდარობა გამოხატა:

„ათასობით ადამიანი დარჩა უსამსახუროდ. ულუკმაპუროდ დარჩა ხალხი. ულუკმაპუროდ დატოვეს ხალხი კალაძე-ივანიშვილმა რაღაც აკვიატებული ტაქსის რეფორმის გამო, მაშინ როცა საზოგადოებრივი ტრანსპორტი კოლაფსშია“, - განაცხადა ნიკა მელიამ.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა მელიას ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე წინასასამართლო სხდომა თბილისის საქალაქო სასამართლოში 10 ოქტომბერს, 12 საათზე დაიწყო. სხდომაზე მტკიცებულებების დასაშვებობაზე მსჯელობენ.

თბილისის საქალაქო სასამართლომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრს, დეპუტატ ნიკა მელიას 27 ივნისს 30 000 ლარის ოდენობის გირაო შეუფარდა. პროკურატურამ მას 20-21 ივნისს საპროტესტო აქციაზე ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობისა და მასში მონაწილეობის ნიშნით ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით წაუყენა.

თბილისის სააპელაციო სასამართლომ 2 ივნისს არ დააკმაყოფილა „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარის, ნიკა მელიას მიმართ ბრალდების მხარის საჩივარი და ძალაში დატოვა მისთვის თავისუფლების აღკვეთის ზომად გირაოს შეფარდების გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლომ პროკურატურას ნიკა მელიას ელექტრონული მონიტორინგი დაავალა და ძალაში დატოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს ის გადაწყვეტილებაც, რომელიც ნიკა მელიასთვის გარკვეული ტიპის შეზღუდვების დაწესებას ითვალისწინებდა. კერძოდ მას არ აქვს საცხოვრებელი ადგილის საგამოძიებო ორგანოს ინფორმირებისა და თანხმობის გარეშე დატოვების, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილზე საჯარო განცხადებების გაკეთებისა და მოწმეებთან ნებისმიერი სახის კომუნიკაციის უფლება.თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, ნიკა მელია მონიტორინგის მიზნით ელექტრონულ სამაჯურს ატარებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG