Accessibility links

ადვოკატი: პროკურატურამ მოითხოვა ილია ჯიშკარიანისთვის გირაოს შეფარდება


თბილისის საკრებულოს წევრის, ილია ჯიშკარიანის წარმომადგენლობითი ბიუროს ყოფილი თანამშრომლის, თამთა თოდაძის ადვოკატმა თამარ ლუკავამ რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ პროკურატურამ ჯიშკარიანისთვის გირაოს შეფარდება მოითხოვა.

ლუკავა აზუსტებს, რომ აღკვეთის ღონისძიებისთვის მოთხოვნილი თანხა 10 000 ლარს შეადგენს.

დაზარალებულის მხარე ეწინააღმდეგება პროკურატურის მოთხოვნას და მიაჩნია, რომ ილია ჯიშკარიანს პატიმრობა უნდა შეეფარდოს. ადვოკატი ამ საკითხზე დეტალურ საუბარს 11 ოქტომბერს დანიშნულ პრესკონფერენციაზე გეგმავს.

ადვოკატის ინფორმაციით, ჯერ დაზუსტებული არ არის 11 ოქტომბერს, სად ჩატარდება სასამართლო სხდომა, რომელზეც აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხს განიხილავენ.

ბრალდებულის მხარე ჯიშკარიანის ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, მოითხოვს, რომ სასამართლოს სხდომა ჩატარდეს „ნიუ ჰოსპიტალში“. თამთა თოდაძის ადვოკატის ინფორმაციით, მათ ჯერჯერობით სამედიცინო დოკუმენტაცია არ წარმოუდგენიათ და სხდომის ადგილის შესახებ გადაწყვეტილებას დილით მიიღებენ.

თამთა თოდაძის საქმეზე პროკურატურამ გაუთქმელობის შესახებ ოქმი 10 ოქტომბერს გააუქმა. დაზარალებულის ადვოკატმა რადიო თავისუფლებასთან საქმის დეტალების შესახებ ისაუბრა.

ილია ჯიშკარიანის მიმართ ბრალდება ორი მუხლით არის წარდგენილი: 138-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქ/პუნქტით (სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედება, რომელიც არ შეიცავს ამ კოდექსის 137-ე მუხლით (გაუპატიურება) გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებს, ჩადენილი ძალადობით, სამსახურეობრივი მდგომარეობის გამოყენებით) და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით (ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი).

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG