Accessibility links

თამთა თოდაძის ადვოკატი ბრალდებულისთვის პატიმრობის შეფარდებას მოითხოვს


თამთა თოდაძის ადვოკატის, თამარ ლუკავას განცხადებით, პროკურატურის მოთხოვნას აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს შეფარდების თაობაზე, დაზარალებულის მხარე არ ეთანხმება. ამის შესახებ თამარ ლუკავამ კლინიკა „ნიუ ჰოსპიტალსთან“ ისაუბრა, სადაც სექსუალურ ძალადობაში ბრალდებული ილია ჯიშკარიანის სასამართლო პროცესი უნდა გაიმართოს.

მისივე თქმით, დაზარალებულმა მხარემ გენერალურ პროკურორს საქმის კონტროლზე აყვანის თხოვნით მიმართა.

„მივუთითეთ იმ მტკიცებულებების თაობაზე, რომელიც საქმეში დევს და რომელიც ცხადყოფს, რომ ბრალდებულ ილია ჯიშკარიანის მხრიდან ადგილი ჰქონდა მოწმეზე ზემოქმედების მცდელობასა და მტკიცებულებების განადგურებას. შესაბამისად, არ ვეთანხმებით პროკურატურის მოთხოვნას გირაოსთან დაკავშირებით. ჩვენ ცალსახად ვითხოვთ პატიმრობის შეფარდებას. რამდენიმე დღეა, ამასთან დაკავშირებით გვაქვს მიმართვა პროკურორებთან. ჩვენი მთავარი მოთხოვნა იყო, რომ აღკვეთის ღონისძიების შეფარდების მოთხოვნისას, მოეთხოვათ პატიმრობის შეფარდება, თუმცა პროკურორმა არ გაითვალისწინა დაზარალებულის მოსაზრება და აღკვეთის ღონისძიების სახით მოითხოვა გირაოს შეფარდება“, - განაცხადა თამარ ლუკავამ.

ამასთან, თამთა თოდაძის ადვოკატის განცხადებით, ილია ჯიშკარიანს არ აქვს ჯანმრთელობის ისეთი მდგომარეობა, რომ არ შეიძლებოდეს მისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდება ან არ შეეძლოს სასამართლოში მისვლა პროცესზე დასწრების მიზნით.

„აქამდე სისხლის სამართლის საქმის მასალებში არ იდო სამედიცინო დოკუმენტაცია, რომელიც ადასტურებდა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაციას. ასე რომ, ჩვენ წერილობით მოვითხოვეთ, გამოითხოვოს პროკურატურამ ჯიშკარიანის ჯანმრთელობის მდგომარეობის სრული მასალები“, - განაცხადა ლუკავამ.

სექსუალურ ძალადობაში ბრალდებული საკრებულოს დეპუტატის სასამართლო სხდომა აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შესახებ კლინიკა „ნიუ ჰოსპიტალსში“ გაიმართება.

საკრებულოს ორი მოწვევის დეპუტატი ილია ჯიშკარიანი, ერთი კვირაა, მკურნალობის კურსს კლინიკა „ნიუ ჰოსპიტალსში“ გადის. ის უარყოფს თავისი თანაშემწის, თამთა თოდაძის ბრალდებას სექსუალური ძალადობის შესახებ და ამბობს, რომ "ამ ამბით შოკირებულია".

სისხლის სამართლის საქმე თბილისის საკრებულოს დეპუტატის მიმართ ორი მუხლითაა აღძრული: 138-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქ/პუნქტით (სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედება, რომელიც არ შეიცავს ამ კოდექსის 137-ე მუხლით (გაუპატიურება) გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებს, ჩადენილი ძალადობით, სამსახურეობრივი მდგომარეობის გამოყენებით) და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით (ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი).

როგორც თამთა თოდაძის ადვოკატი, თამარ ლუკავა ეუბნება რადიო თავისუფლებას, პროკურატურამ ილია ჯიშკარიანისათვის გირაოს შეფარდება მოითხოვა.

დაზარალებულის მხარე ეწინააღმდეგება პროკურატურის მოთხოვნას და მიაჩნია, რომ ილია ჯიშკარიანს პატიმრობა უნდა შეეფარდოს.

კლინიკა „ნიუ ჰოსპიტალსის“ კლინიკური დირექტორი, გიორგი კორძახია ამბობს, რომ თბილისის საკრებულოს წევრის, ისნის მაჟორიტარის, ილია ჯიშკარიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ ეტაპზე სტაბილურია, თუმცა არასტანდარტულად მიმდინარეობს, რაც გახდა მისი ჰოსპიტალიზაციის გაგრძელების მიზეზი:

„სრული დიაგნოზი მისი არის კორონალური სინდრომის გამწვავება. ალბათ უახლოეს 2-3 დღეში არის რეალისტური მისი გაწერა, თუმცა თუ შეიქმნება ახალი რეალია, შესაბამისად შეიცვლება ჩვენი მიდგომაც“, - განაცხადა გიორგი კორძახიამ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG