Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მარიამ კუბლაშვილი: ილია ჯიშკარიანისთვის კომუნიკაციის აკრძალვის საკითხს არ ვეთანხმებით


„ჩვენ არ დავეთანხმეთ შუამდგომლობის ნაწილს სპეციალურ ნებართვასთან დაკავშირებით, ვინაიდან, როდესაც ბატონი ილია დაუბრუნდება ჩვეულ რეჟიმში ცხოვრებას და ის გამოვა საავადმყოფოდან, მან უნდა გააგრძელოს სამსახურში სიარული. მას აქვს კონკრეტული ვალდებულებები შესასრულებელი და რა რეჟიმში იქნება შესაძლებელი მისი მუშაობა, თუ აკრძალული ექნება კომუნიკაცია თავის თანამშრომლებთან და თუ შესაძლებელია დაზარალდნენ თავად ის მოქალაქეები, რომელთა უფლებების უზრუნველყოფა და საყოფაცხოვრებო საკითხების მოგვარება ევალება ბატონ ილია ჯიშკარიანს. ამ საკითხზე შუამდგომლობდა დაცვის მხარე, რომ ეს შეზღუდვა არ უნდა ყოფილიყო გამოყენებული სასამართლოს მიერ“, - განაცხადა ილია ჯიშკარიანის ადვოკატმა მარიამ კუბლაშვილმა.

სასამართლომ სრულად დააკმაყოფილა ბრალდების მხარის შუამდგომლობა და ილია ჯიშკარიანის მიმართ აღკვეთის ღონისძიებად გამოიყენა გირაო 10 000 ლარის ოდენობით.

როგორც სასამართლო სხდომის დასრულების შემდეგ პროკურორმა თამარ იაკობიძემ მედიასთან განმარტა, ილია ჯიშკარიანს აეკრძალა მსხვერპლთან მიახლოება საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე და საქმეზე დაკითხულ მოწმეებთან კომუნიკაცია სპეციალური ნებართვის გარეშე.

თუმცა, მარიამ კუბლაშვილის თქმით, სასამართლომ აღნიშნა, რომ წინასწარი შეთანხმებით, წინასწარი ნებართვის მიღების საფუძველზე ილია ჯიშკარიანს შეეძლება საქმიან ფარგლებში თანამშრომლებთან ურთიერთობა. მისი თქმით, არ აქვთ დისკომფორტი, რომ ოფისში განთავსდეს აუდიო-ვიდეო თვალთვალის მოწყობილობა და 24-საათიან რეჟიმში ჩაიწეროს, რა კომუნიკაცია ექნება ბატონ ილიას თანამშრომლებთან, ასევე შესაძლებელია ჭკვიანი კამერების მეშვებით ქალაქში მისი გადაადგილებისთვის თვალის მიდევნება.

მარიამ კუბლაშვილის თქმით, მან დაზარალებულის მხარეს გადასცა სექსუალურ ძალადობაში ბრლდებული ილია ჯიშკარიანის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ სამედიცინო ცნობა.

რაც შეეხება ცემის ფაქტს, მარიამ კუბლაშვილი ამბობს, რომ ამას სჭირდება მტკიცება.

„ის, რომ გცემოს მამაკაცმა, როგორც თავად აღწერს [თამთა თოდაძე] და დაგაგდოს ძირს, გირტყას წიხლები-ხელები, უნდა გქონდეს შესაბამისი დაზიანებები. შესაბამისად, ბრალდების წაყენება არ ნიშნავს იმის მტკიცებას, რომ პირი აუცილებლად დამნაშავეა. ეს არის მცდელობა ბრალდების მხარის მხრიდან, მან მიიღოს მაქსიმალური შედეგი, თუმცა ჩვენ ვხედავთ, რომ ხშირ შემთხვევებში დგება გამამართლებელი განაჩენები ან ეხსნება კონკრეტული მუხლები, ან პირიქით“, - აცხადებს მარიამ კუბლაშვილი.

სექსუალურ ძალადობაში ბრალდებული საკრებულოს დეპუტატის სასამართლო სხდომა აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შესახებ კლინიკა „ნიუ ჰოსპიტალსში“ გაიმართა.

საკრებულოს ორი მოწვევის დეპუტატი ილია ჯიშკარიანი, ერთი კვირაა, მკურნალობის კურსს კლინიკა „ნიუ ჰოსპიტალსში“ გადის. ის უარყოფს თავისი თანაშემწის, თამთა თოდაძის ბრალდებას სექსუალური ძალადობის შესახებ და ამბობს, რომ "ამ ამბით შოკირებულია".

სისხლის სამართლის საქმე თბილისის საკრებულოს დეპუტატის მიმართ ორი მუხლითაა აღძრული: 138-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქ/პუნქტით (სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედება, რომელიც არ შეიცავს ამ კოდექსის 137-ე მუხლით (გაუპატიურება) გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებს, ჩადენილი ძალადობით, სამსახურეობრივი მდგომარეობის გამოყენებით) და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით (ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი).

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG