Accessibility links

ბოკერია: სტრასბურგის გადაწყვეტილება ბათიაშვილის საქმეზე გაკვეთილია ყველა ხელისუფლებისთვის


გიგა ბოკერია

საქართველოს პარლამენტის დეპუტატის, „ევროპული საქართველოს“ წევრის გიგა ბოკერიას განცხადებით, ირაკლი ბათიაშვილის საქმეზე სტრასბურგის გადაწყვეტილება არის გაკვეთილი ყველა ხელისუფლებისთვის. როგორც გიგა ბოკერიამ ირაკლი ბათიაშვილის საქმეზე ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს 10 ოქტომბრის გადაწყვეტილების კომენტირებისას ჟურნალისტებს განუცხადა, კვლავაც მიიჩნევს, რომ ბათიაშვილის ქმედება იყო ღია ამბოხება ქვეყნის წინააღმდეგ, თუმცა მართლმსაჯულება ყველა ადამიანს კანონის შესაბამისად უნდა მოექცეს:

„დიახ, დადგინდა უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევა და პროცესში მიუკერძოებლობის იმ ფირის გამო, რომელიც გაუშვა მაშინ სახელმწიფომ ეთერში. დიახ, სახელმწიფომ მიაწოდა „რუსთავი 2“-ს. ეს არის გაკვეთილი ყველა ხელისუფლებისთვის, რომ იმ საქმეშიც კი, სადაც ძალიან მყარი მტკიცებულებებია, რაც ამ გადაწყვეტილებამ აჩვენა, სხვა საკითხებში ბატონმა ბათიაშვილმა ვერ მოიგო საქმე, არ უნდა მოიქცე ასე მიკერძოებულად ნებისმიერ ეტაპზე. არ უნდა დაამონტაჟო ფირი, როცა ეს ფირი შეიცავს მტკიცებულებებს, სრულფასოვნად უნდა მიაწოდო. წინააღმდეგ შემთხვევაში აჩვენებს ეს ხელისუფლების ჩარევას პროცესში. გაკვეთილი უნდა იყოს ყველა ხელისუფლებისთვის ეს.

ჩემი აზრი ბატონი ბათიაშვილის საქციელზე საერთოდ არ შემიცვლია, იყო ღია ამბოხება ქვეყნის წინააღმდეგ, როგორც შემდგომში გაირკვა, ჩვენს ჩრდილოელ მტერთან კოორდინაციაში, იმიტომ, რომ ბატონი კვიციანი ყველას გვახსოვს სად წავიდა - რუსეთში, იქ შეიფარეს. ბატონი ბათიაშვილი ამ პროცესში მას კოორდინაციას უწევდა და რჩევებს აძლევდა, როგორ უნდა მოქცეულიყო და სახელმწიფოს დაუმალა კონკრეტული ინფორმაცია. ეს ფაქტები უდავოა, მაგრამ მართლმსაჯულება გულისხმობს იმას, რომ ყველა ადამიანს, იქნება ეს ბათიაშვილი თუ კვიციანი, უნდა მოექცე კანონის შესაბამისად და არ შეიძლება, რომ დაუშვა ამ შენი მოტივაციის გამო რამე საკითხშიც კი ასეთი მანიპულაცია, რაც მოხდა იმ ფირთან დაკავშირებით. ეს არის ჩემთვის გაკვეთილი და ყველასთვის ასე უნდა იყოს“, - განაცხადა გიგა ბოკერიამ.

სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეზე „ბათიაშვილი საქართველოს წინააღმდეგ“ სახელმწიფოს მომჩივნის სასარგებლოდ მორალური ზიანის ანაზღაურების სახით 3, 600 ევროს გადახდა დააკისრა.

საქმე „ბათიაშვილი საქართველოს წინააღმდეგ“ ეხება მომჩივან ირაკლი ბათიაშვილის უფლებების დარღვევას სისხლის სამართალწარმოებისას, რომელიც მის მიმართ 2006 წელს დაიწყო კოდორის ხეობაში მოქმედი შეიარაღებული დაჯგუფების შესაძლო დახმარების გამო.

სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლომ დაადგინა, რომ ირაკლი ბათიაშვილის სატელეფონო საუბრის ჩანაწერის დამონტაჟება, რაშიც სახელმწიფო უწყება იყო ჩართული და ამ ფორმით აღნიშნული ჩანაწერის ტელეარხით გავრცელება ემსახურებოდა მომჩივნის დამნაშავედ წარმოჩენას, მისი ბრალის სასამართლოს მიერ დადასტურებამდე, რითაც მისი უდანაშაულობის პრეზუმფცია დაირღვა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG