Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვლადიმერ კაკაბაძე: სასამართლოში კლანი და კორუფცია არ არსებობს


სასამართლოში არავითარი კლანი და კლანური გავლენა არ არსებობს, - ასე უპასუხა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატმა, ვლადიმერ კაკაბაძემ „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი დეპუტატის, თინა ბოკუჩავას მიერ დასმულ შეკითხვას.

„არის თუ არ არის კლანური გავლენები დღეს სასამართლო სისტემაში? არის თუ არა არის კორუფცია დღეს სასამართლო სისტემაში?“, - ეს შეკითხვები ოპოზიციონერმა დეპუტატმა მოსამართლეობის კანდიდატს დაუსვა 11 ოქტომბერს, იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტში გამართულ მოსმენაზე.

„სასამართლოში არავითარი კლანი არ არსებობს, არავითარი კლანური გავლენა არ არსებობს და, თავისთავად ცხადია, კორუფციაც... ნუ, ეს საერთოდ ფანტასტიკის სფეროს მიღმაა, რომ სასამართლოში (კორუფციაა)“, - განაცხადა ვლადიმერ კაკაბაძემ.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატი ასევე გამორიცხავს რაიმე ტიპის გავლენებს, მათ შორის - საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებზე.

„მე მიჭირს ამის წარმოდგენა... თუ თქვენ გაქვთ კონკრეტული ფაქტები, ჯობია, რომ კონკრეტული ფაქტებით ისაუბროთ“, - ასე უპასუხა ვლადიმერ კაკაბაძემ დეპუტატ ბოკუჩავას მიერ დასმულ შეკითხვებს სავარაუდო გავლენებსა და, შესაბამისად, მოსამართლეთა მიერ მიღებულ სავარაუდო სარგებელზე.

„ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა ერთ-ერთი სავარაუდო ფაქტის დასახელებისას ასევე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატი, ზაზა თავაძე ახსენა. მისი თქმით, საზოგადოებაში არსებობს ეჭვები, რომ „რუსთავი 2“-ის საქმეზე საკონსტიტუციო სასამართლოში მის მიერ მიღებული გადაწყვეტილება „გახდა გარანტია მისი განწესებისა საქართველოს უზენაეს სასამართლოში“.

თინა ბოკუჩავას თქმით, მას უნდოდა, ეს შეკითხვა თავად ზაზა თავაძისთვის დაესვა; მაგრამ 10 ოქტომბერს, როდესაც საპარლამენტო კომიტეტში ამ კანდიდატის მოსმენა გაიმართა, „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებმა ვერ შეძლეს მონაწილეობის მიღება, დეპუტატ ნიკა მელიასთან დაკავშირებული სასამართლო პროცესის გამო.

„მიჭირს ამის დაშვება, რადგან საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე სარგებლობს ძალიან მაღალი იმუნიტეტით და, შესაბამისად, საკონსტიტუციო სასამართლოზე რომ ვინმემ ზეგავლენა მოახდინოს, ეს არის ჰიპოთეტურადაც ძალიან ძნელი წარმოსადგენი“, - განაცხადა კაკაბაძემ.

ვლადიმერ კაკაბაძე უკვე მეათე კანდიდატია, რომელსაც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის პროცესში იურიდიულ საკითხთა კომიტეტში უსმენენ. კაკაბაძე 2006 წლის აგვისტოდან 2019 წლის ივლისამდე მუშაობდა თბილისის საქალაქო სასამართლოში, სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მოსამართლედ. 2019 წლის ივლისიდან დღემდე იგი თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG